აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტიდან 30 წელი გავიდა. სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა გალაკონცერტი სახელწოდებით „აფხაზეთისთვის”. ღონისძიება პირველ თებერვალს რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე გაიმართა და მას ნიკა წულუკიძე უძღვებოდა.
„30 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც იძულებული გავხდით, აფხაზეთი დაგვეტოვებინა. ამ საღამოსაც ასე დაერქვა: „ერთმანეთისთვის, 30 წელი უერთმანეთოდ – აფხაზეთისთვის”. Სწორედ ამ ეგიდით ვიწყებთ ჩვენს დღევანდელ კონცერტს. ვიმოგზაურებთ იმ დროსა და სივრცეში, რასაც ის დიდი ისტორია ჰქვია, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ, დღემდე მოვიტანეთ და იმედი გვაქვს, ისევ ერთად გავაგრძელებთ სულ მალე,” – აღნიშნა ნიკა წულუკიძემ კონცერტის დაწყებისას.
კონცერტში მონაწილეობდნენ სოხუმის დრამატული თეატრისა და სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასები, ასევე სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები: „აფხაზეთი, „შავნაბადა”, აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა ზვიად ბოლქვაძესთან ერთად, აფხაზეთს სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობა, „გუმბათი”. თეატრის ფოიეში კი წარმოდგენილი იყო გამოფენა, რომელიც აერთიანებდა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრებსა და აფხაზეთის ჟურნალებს „რიწა” და „იალქანი”. ღონისძიების რეჟისორი სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით საყვარელიძე იყო.
დავით საყვარელიძე:
„როცა კონცერტისთვის მზადება დავიწყეთ, პირველ რიგში, გადავხედეთ, თუ რა გაკეთდა ამ 30 წლის განმავლობაში. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა მოსახლეობამ აფხაზეთი დატოვა, მათ ერთი წამითაც არ შეუწყვეტიათ თავიანთი საქმე. პირიქით, გაორმაგებული და გასამმაგებული შემართებით განაგრძეს მუშაობა. ერთი თეატრის შემდეგ დაფუძნდა მეორე თეატრი, ერთ გამოცემას დაემატა მეორე, შეიქმნა რამდენიმე ანსამბლი და ეს ყველაფერი ძალიან სასიხარულოა. აი, სწორედ ეს პროცესი გვინდოდა, რომ მაყურებელსაც დაენახა და ასე ავაწყეთ კონცერტიც.”
კონცერტი „აფხაზეთისთვის” 30 წლის განმავლობაში აფხაზეთისადმი მიძღვნილი პირველი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით შედგა.