ეკატერინე არჩაიას ახდენილი ოცნება – „იმ თეატრში მოვხვდი, რომელსაც მთელი ბავშვობა შევნატროდი“

„სიჩუმეს ვუსმენ“…

სოხუმის დატოვება 14 წლის ასაკში მოუწია. ომი რომ დაიწყო, დაბომბვის შიშით სახლის სარდაფში დასთან ერთად გადამალეს, სადაც ტირილის ნაცვლად, ორივეს ისტერიული სიცილი აუტყდა. თუჯის აბაზანაში მჯდომმა და თავზე ლეიბებგადაფარებულმა ბავშვებმა ასე არაერთი საათი გაატარეს. მერე იყო გემზე ასვლა და რამდენიმე წუთის შემდეგ მგზავრების კვლავ ნაპირზე გადასმა, რადგან საშიშროება არსებობდა, ეს გემიც დაებომბათ. ღამე სადღაც ბუნკერში, სანთლის შუქზე გაათენეს. გარიჟრაჟზე კვლავ იმ გემზე დააბრუნეს, რომელმაც სოხუმიდან გაცურა და, ბათუმის სანაპიროს რომ მიადგნენ, მგზავრები ციხისძირის სანატორიუმში გადაანაწილეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ოჯახი ზღვისპირა ქალაქიდან თბილისში გადავიდა და მას შემდეგ 30 წელია მისი ცხოვრება დედაქალაქში გრძელდება…

3 წლის ასაკში სოხუმის ფილარმონიის სცენაზე „აჭარულის“ სოლო იცეკვა. ნათლად ახსოვს მომენტი, როცა გრძელი ვარდები მიართვეს და თაიგული კულისებამდე ძლივს მიიტანა. აფხაზეთში გატარებულ წლებში ცეკვავდა, მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე დაკვრას ეუფლებოდა, იყო სოხუმის პირველი ქართული საბავშვო თეატრის „თეთრი ტალღა“ – პირველი ნაკადის მსახიობი. თუმცა, სანამ საოცნებო პროფესიისკენ ნაბიჯს გადადგამდა და თბილისში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში რეზო ჩხეიძის ჯგუფში მოხვდებოდა, უცხო ენათა ინსტიტუტში, გერმანული ენის ფაკულტეტზე ისწავლა. შეეძლო ამ პროფესიით დასაქმებულიყო, მაგრამ ადრეული ასაკიდან სცენით გატაცებამ, ბოლოს მაინც თეატრში მიიყვანა. 2003 წლიდან დღემდე ეკატერინე არჩაია კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობია:

– „სოხუმში ერთ დიდ სახლში ვცხოვრობდით. მუსიკასთან ჩემი ურთიერთობა ფაქტობრივად დაბადებიდანვე დაიწყო. თურმე, 2 წლის ასაკში არ ვიძინებდი, თუ ჯო დასენის სიმღერებს არ მომასმენინებდნენ. როგორც მამიდაჩემი, ნანი არჩაია მიყვება, რამდენჯერმე უცდია სხვა მუსიკა „შემოეპარებინა“, მაგრამ ვხდებოდი და ისევ ჩემს საყვარელ მუსიკას ვითხოვდი. როცა წამოვიზარდე, უკვე „ბონი ემსა“ და „აბბაზე“ გადავედი. ასე რომ, ბავშვობის მელოდიებიდან ესენია ჩემს გონებაში დალექილი. ამასთან ერთად, დღე არ ყოფილა ქართული ცეკვისა და სიმღერის გარეშე. მამაჩემი და მამიდა აფხაზეთის ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლის, „როკვას“ მოცეკვავეები იყვნენ და შესაბამისად მეც, მათ გვერდით გაზრდილს, ფოლკლორი ყველაზე ხშირად მესმოდა“. 

– „სოხუმის დატოვების შემდეგ, მოგვიანებით, გიორგი რატიანის მიერ ჩამოყალიბებული „თეთრი ტალღა“ თბილისში აღდგა. ამ საქმეში დიდი წვლილი მამიდაჩემს და ბატონ გიორგის მიუძღვით, რომლებმაც კარდაკარ ძებნის შედეგად პირველი ჯგუფის წევრები კვლად ერთად შეგვკრიბეს. იმ ადამიანების ნახვა და მათთან კონტაქტი ჩემთვის ერთგვარი შვება გამოდგა. თითქოს ჩვენ ერთმანეთს იმ ტკივილს ვუმსუბუქებდით, რაც დევნილობით იყო გამოწვეული და ეს იმ რთული პერიოდის გადატანაში ყველას ძალიან დაგვეხმარა… 

რაც შეეხება თეატრალურ უნივერსიტეტს, რეზო ჩხეიძის სახელოსნოს, მის პირველ კინოსამსახიობო ჯგუფში მოვხვდი. ჩემი ფანტასტიკური ჯგუფელები დღეს სხვადასხვა თეატრებში მუშაობენ. სიმართლე გითხრათ, აქამდე არ მიფიქრია, ჩემთვის რა მუსიკასთან ასოცირდება ჩემი სტუდენტობა, მაგრამ, ალბათ, პირველ რიგში, ბატონი რეზოს ფილმების მუსიკასთან – მის თითოეულ ფილმში შესანიშნავი მუსიკა ჟღერს“. 

– „მთელი ბავშვობა სოხუმის თეატრს შევნატროდი. ამ თეატრში ყოფნა ჩემი ახდენილი ოცნებაა. 2003 წელს სწავლა დავასრულე. მაშინ სოხუმის თეატრში სპექტაკლ „ღალატის“ აღდგენა მიმდინარეობდა. ბატონი დიმა ჯაიანის, ასევე ლილი და ნანა ხურითების დახმარებითა და მხარდაჭერით ამ სცენაზე ჩემი პირველი ნაბიჯები გადავდგი და, თუ შემდეგი კითხვა იქნება, რა არის ჩემთვის სოხუმის თეატრში ყველაზე საყვარელი სპექტაკლი, გიპასუხებთ, რომ ეს არის „ღალატი“ და მასში განსახიერებული გაიანეს როლი. ხოლო, თუ სპექტაკლების მუსიკაც უნდა გამოვარჩიო, ისევ და ისევ „ღალატს“ დავასახელებ. მისი რეჟისორი გოჩა კაპანაძე გახლდათ და მუსიკალური გაფორმებაც მასვე ეკუთვნოდა“. 

– „დღეს ჩემს ცხოვრებაში მუსიკა დიდი რაოდენობითაა, მაგრამ ახლა ის არის სპეციფიკური. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობა ჩემი უსაყვარლესი პროფესიაა, მაქვს მეორეც და ეს არის სამეჯლისო სპორტული ცეკვები. უფრო კონკრეტულად, 2008 წლიდან ვარ საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, საერთაშორისო ჩემპიონატების, ფესტივალების ორგანიზატორი. სპორტული ცეკვების საბჭო მამაჩემმა რომან არჩაიამ 1997 წელს შექმნა. მისი საქმის გაგრძელება, პასუხისგებლობასთან ერთად, უაღრესად სასიხარულოა. შესაბამისად, ლათინოამერიკულ და ევროპულ ცეკვებთან პროფესიულად ვარ გადაჯაჭვული და ჩემს ყოველდღიურობაში ის ჭარბადაა. სიმართლე გითხრათ, ჩემი გრაფიკი აღნიშნული მელოდიებით იმდენად დატვირთული და გაჯერებულია, სხვა რამის მოსმენის სურვილი აღარც მიჩნდება. სადმე ბუნებაში რომ გავდივარ, სადაც არანაირი ტექნიკა და ხმაური არ არის და მხოლოდ ქარის ზუზუნი, ფოთლების შრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი მესმის, ეს ჩემთვის ერთგვარი მოდუნება და თავისებური მუსიკაა. ასეთი გარემო მამშვიდებს და ძალიან დიდი სიამოვნებით ვუსმენ სიჩუმეს!..“

ლოკაცია: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მის: დ. უზნაძის ქ. N68.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნატალია ნაყოფია

„მთავარია შთაგონება და ემოცია იყოს და ემოცია სადაც არის, იქ სიმღერა აუცილებლად იწერება.“ – ნატალია ნაყოფია

შემდეგი სტატია

ზენდეია, ჯეიმი ლი კერტისი და სხვები 2024 წლის ოსკარის დაჯილდოებას დაესწრებიან 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი