12-დან 14 ივლისის ჩათვლით აუდიო-ვიზუალურ და ახალ მედია მიმართულებებზე ფოკუსირებული პლატფორმა TKESHI ფესტივალით ბრუნდება. ორდღიანი ღონისძიება ტრადიციულად ბუნების წიაღში, კოჯრის ფიჭვნარში ჩატარდება. გარემო, პროგრამა და დაგეგმილი აქტივობები სტუმრებს განსხვავებულ საფესტივალო გამოცდილებას სთავაზობს.
აუდიო-ვიზუალური პერფორმანსების, ინსტალაციების და გამოფენების პარალელურად, წელსაც შენარჩუნებულია საგანმანათლებლო კომპონენტი და პლატფორმა საინტერესო სემინარებს ეთმობა. სემინარებზე საერთაშორისო არტისტები აუდიტორიასთან აქტუალურ შემოქმედებით პროცესებზე ისაუბრებენ.
„იდეა, რომელმაც ამ საოცარ ტყემდე მიგვიყვანა, არის ურბანული ყოველდღიურობისგან თავის დაღწევა და შთაგონების ძიება იქ, საიდანაც იწყება ადამიანების ისტორია,”- ვკითხულობთ წლევანდელი ფესტივალის აღწერაში.
როგორც Billboard Georgia-სთან საუბრისას პლატფორმის წარმომადგენლები ამბობენ, წლევანდელი TKESHI-ს მთლიანი პროგრამა მუსიკალური აქტების პარალელური აუდიო-ვიზუალური დუო-პერფორმანსებისგან შედგება.
„ქართველი და საერთაშორისო არტისტები ფესტივალისთვის შექმნილ ლაივ რეპერტუარებს დაუკრავენ. TKESHI-ს სცენაზე საქართველოში პირველად წარდგება ინდონეზიური პროექტი Gabber Modus Operandi, რომელმაც ბოლო წლებში საერთაშორისო აუდიტორიას სამხრეთ-აზიის თანამედროვე მუსიკალური სპექტრი გააცნო. ინდონეზიური ფოლკლორის, პანკის და ელექტრონული მუსიკის ისეთი სტილების სინთეზით, როგორებიცაა გაბბერი და ნოიზი, ჯგუფის ცოცხალი პერფორმანსები ინტენსიური და აფექტურია,” – აღნიშნეს ფესტივალის ორგანიზატირებმა.
TKESHI, როგორც საფესტივალო და სახელოვნებო პლატფორმა, წლიდან წლამდე განვითარებას აგრძელებს და პოზიციონირდება როგორც სივრცე, სადაც თავს იყრიან სხვადასხვა დარგის მულტიდისციპლინური არტისტები და განსხვავებული შინაარსის პროექტებს წარადგენენ. TKESHI-ს მიზანია, ადგილობრივ სახელოვნებო გარემოში ექსპერიმენტული შემოქმედებითი პროცესების განვითარებას შეუწყოს ხელი.
ფესტივალის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.