12 ოქტომბერს „ახალ თეატრში” ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია გაიმართა. პიესა, სახელწოდებით „მე გადმოვცურავ ზღვას”, წიგნად პალიტრა L-მა გამოსცა. პიესის მიხედვით დადგმული მიუზიკლი კი, რომლის რეჟისორიც დავით დოიაშვილია, უკვე ორი წელია, ანშლაგით მიმდინარეობს. სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა.
პიესის შექმნის ისტორიასა და მისი წიგნად გამოცემის მოტივებზე ბასა ჯანიკაშვილი Billboard საქართველოსთან ინტერვიუში საუბრობს:
ბასა ჯანიკაშვილი – დრამატურგი:
„პიესამდე იყო პატარა მოთხრობა, „დიდი მეზობელი”, ზუსტად იმავე მთავარი გმირისა და სიუჟეტის გარშემო, რაც პიესაშია. ეს არის ბიჭის, სახელად ბუის ამბავი, რომელიც საბჭოთა კავშირიდან გაქცევაზე ოცნებობს. მას არ სურს ავღანეთის ომში წასვლა და ზოგადად, არ მოსწონს საბჭოთა საქართველოში ცხოვრება. გაქცევის ერთადერთი შანსი კი ის არის, რომ თავზე ტივტივა ჩამოიცვას, ზღვა გადაცუროს და მივიდეს თურქეთამდე, საიდანაც უკვე აშშ-ს ჩაჰბარდება. მაგრამ სწორედ ამ დროს მას უყვარდება გოგონა და დგება დილემის წინაშე: გაიქცეს, თუ დარჩეს, ამ სიყვარულის გამო.
ამ მოთხრობის შექმნის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა მიუზიკლი და რადგანაც სიუჟეტში იყო ზღვის გადაცურვის იდეა, თავისთავად დაკავშირდა ირაკლი ჩარკვიანის ლეგენდარულ სიმღერასთან „მე გადმოვცურავ ზღვას”. შესაბამისად, გადაწყდა, რომ მიუზიკლი სწორედ „მეფის” შემოქმედებაზე დადგმულიყო.”
სპექტაკლის რეჟისურა დავით დოიაშვილმა ითავა, მუსიკალური ნაწილი – გიორგი ასანიშვილმა, ბასა ჯანიკაშვილმა კი პიესის წერა დაიწყო. უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის დაფინანსება ავტორებმა პროექტ „შარკ ტენკში” მოიპოვეს და 2022 წელს „ახალ თეატრში” სპექტაკლის „მე გადმოვცურავ ზღვას” პრემიერა შედგა.
„ერთია, რომ პიესას წერ და სულ სხვაა, როცა მიუზიკლს აკეთებ. სცენების ნაწილს სიმღერებიდან გამომდინარე ვქმნიდით, ნაწილს კი, პირიქით, სცენას ვუსადაგებდით სიმღერას. რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ შევსულიყავით სიმღერებში, ანუ როგორ უნდა მომხდარიყო, როცა პერსონაჟი ტექსტს ამთავრებს და სიმღერას იწყებს და პირიქით, როცა სიმღერა მთავრდება და კვლავ ლაპარაკი გრძელდება. ეს იყო დილემა, რომელიც საბოლოოდ მე და დოიმ მიუზიკლის ერთ-ერთი ტრადიციული ტექნიკით გადავწყვიტეთ – ყოველი სცენა დასრულებულიყო სიმღერით.”
პრემიერიდან ორი წლის შემდეგაც სპექტაკლზე მაყურებლის ნაკადი არ წყდება, ბილეთები კი თვეებით ადრე სრულად იყიდება. პიესის ასეთი წარმატების შემდეგ მისი წიგნად გამოცემის იდეა გაჩნდა. და რადგანაც „მე გადმოვცურავ ზღვას” მიუზიკლია, მკითხველის რეალური გამოცდილებისთვის ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები წიგნშიც არის ინტეგრირებული.
„როცა ადამიანი წიგნს კითხულობს, ყოველი სცენის გვერდზე თანდართულია შესაბამისი სიმღერის შტრიხკოდი, რომელსაც მკითხველი დაასკანერებს და ამ სიმღერის ფონზე განაგრძობს მის კითხვას. მიუზიკლის დრამატურგიას ასეთი სპეციფიკა აქვს, რომ რასაც პერსონაჟი ფიქრობს, ის არ უნდა ილაპარაკო, რასაც პერსონაჟი აკეთებს, ის არ უნდა თქვა და ა.შ. შესაბამისად, ყველა სცენაში, იქნება ეს სასამართლოს სცენა, გაქცევის სცენა, სიყვარულის თუ სხვა, პერსონაჟების ქვეტექსტები წავიდა სიმღერებში – სიმღერებში ითქვა რეალურად გმირების სათქმელი. ამიტომ ჩემთვის ეს იყო უნიკალური გამოცდილება, რომლის მიღების საშუალება ახლა უკვე მკითხველებსაც ექნებათ. მხოლოდ, ამ შემთხვევაში წიგნში თავად ირაკლის ორიგინალი ვერსიებია შეტანილი.
რაც შეეხება მთავარ მოტივს, რის გამოც პიესა წიგნად გამოვეცით, ეს იყო, ერთი მხრივ, სპექტაკლის მხარდაჭერაც, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის დრამატურგიის, როგორც ჟანრის პოპულარიზაცია. მინდა, რომ დრამატურგია უფრო პოპულარული გახდეს და მეტი მკითხველი ჰყავდეს. ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ პიესის კითხვა უჭირთ, რადგან მაინც სპეციფიკურ მომზადებას მოითხოვს. რომანს სხვა სპეციფიკა აქვს, იქ ყველაფერს გიყვება ავტორი. პიესის კითხვისას კი მაინც უფრო საკუთარი ფანტაზიის ჩართვა გიწევს. ამ შემთხვევაში კი, როცა ადამიანს უკვე ნანახი აქვს სპექტაკლი ან, პირიქით, ჯერ პიესას წაიკითხავს და შემდეგ ნახავს სპექტაკლს, მიხვდება, რომ არც ისე რთულია პიესის წაკითხვა. მე მგონია, რომ დამოუკიდებლადაც მარტივი წასაკითხია, თუმცა მათ, ვისაც, ზოგადად, უჭირს პიესის კითხვა, ვფიქრობ, განსაკუთრებით გამოადგებათ ეს წიგნი და სპექტაკლი ერთად. ამასთანავე, წიგნი თავის ცხოვრებას განაგრძობს ისევე, როგორც სპექტაკლი. ორივე ერთად კი ერთმანეთს გააძლიერებს.”