ცნობილი არენბი შემსრულებელი, ალიშა ქისი კომპოზიციას City of Gods (Part II) და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ნამუშევარი ტრეკის City of Gods გაგრძელებაა, რომელსაც ქისი ფავიო ფორეინთან და ქანიე ვესთთან ერთად ასრულებს. ახალ სოლო ჩანაწერში მუსიკოსი განახლებული ტექსტით კვლავ ქალაქ ნიუ იორკის შესახებ მღერის. აღსანიშნავია, რომ კლიპში ვეტერანი ამერიკელი რეპერი, სლიკ რიკი მონაწილეობს.
City of Gods-ის თავდაპირველი ვერსია, რომელიც თებერვალში გავრცელდა, ფავიო ფორეინის სადებიუტო ალბომისთვის B.I.B.L.E. და ქანიე ვესთვის სტუდიური ნამუშევრისთვის Donda 2 ჩაიწერა. ტრეკში ამერიკული ელექტრონული დუეტის, The Chainsmokers-ის 2015 წლის სინგლიდან New York City სემპლია გამოყენებული.
ალიშა ქისმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ კი ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs in A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin’ გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 90 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 8 სტუდიური ალბომის ავტორი სონგრაითერების დიდების დარბაზშია შეყვანილი.