ცნობილმა პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke ამერიკული არენბი/ფანკ კოლექტივის, Kool & the Gang-ის 1981 წლის ჰიტი Get Down On It შეასრულა. მომღერალს სცენაზე ზებრის პრინტიანი კოსტიუმი ეცვა და წითელი ტუჩსაცხი ესვა.
• ნახეთ: კელი კლარკსონი ABBA-ს ჰიტს Dancing Queen ასრულებს
კომპოზიცია 1982 წლის 22 მაისს ბილბორდის ცხელ ასეულში მეათე პოზიციაზე გავიდა და ჩარტში ჯამში 17 კვირა გაატარა. სიმღერა ბენდის მე-13 ალბომში Something Special არის წარმოდგენილი, რომელიც Billboard 200-ში მე-12 პოზიციაზე მოხვდა და მასში 67 კვირა დაჰყო.
კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.