ამერიკელი პოპ შემსრულებელი, ჰოლზი მცირე ხნით მუსიკალურ პაუზას აანონსებს. ამის შესახებ მან ინფორმაცია საკუთარ თაყვანისმცემლებს ინსტაგრამის სთორის საშუალებით გაუზიარა.
“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის ახალი პრობლემების გამო საავადმყოფოში არაერთხელ მომიწია დაწოლა. მაქსიმალურად ვცდილობ, რიტმს არ ჩამოვრჩე: გრემი, კოაჩელა და ა.შ. მაგრამ ჩემი სხეული უკვე სერიოზულ პროტესტს მიცხადებს. მოითხოვს, რომ შევნელდე ან სულაც გავჩერდე. შესაბამისად, ტურნესთვის საუკეთესო ფორმაში ვიქნები. ქრონიკული დაავადება კომპლექსურია და ამოუცნობი. თუ მომიწია, მცირე ხნით პაუზის აღება, ცუდად არ მიიღოთ. ძალიან მძიმე პირობების ქვეშაც ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო”, – აღნიშნა მუსიკოსმა.
არტისტს არაერთხელ გაუმხელია, რომ ის ენდომეტრიოზითაა დაავადებული. მან 2017 წელს ტკივილის შესამსუბუქებლად ქირურგიული ოპერაციაც გაიკეთა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლზიმ წლევანდელი გრემის დაჯილდოების ცერემონიაც ოპერაციის გამო მალევე დატოვა, მას შემდეგ, რაც წითელ ხალიჩაზე გაიარა და BTS-ის პერფორმანსი იხილა.
“ბოლოს ამ ღონისძიებას 2017 წელს დავესწარი, ოპერაცია სულ 3 დღის გაკეთებული მქონდა და ჭრილობა ჯერ არ იყო შეხორცებული. ხვალ ვესწრები გრემის და გამოიცანით, როდის ჩავიტარე პროცედურა? დიახ, 3 დღის წინ. ამას იმიტომ ვწერ, რომ, თუ დამინახავთ, ნაზად მომეპყარით, თორემ დავიშლები”, – დაწერა მომღერალმა დაჯილდოებამდე სოციალურ ქსელში.
შემსრულებლის ამერიკული ტურნე Love and Power tour მიმდინარე წლის 17 მაისს ფლორიდაში დაიწყება და 9 ივლისს კალიფორნიაში დასრულდება. ამასთან, 31 ივლისს დაგეგმილია შოუ იაპონიაში.