კომპანია Nike-მა მომღერალ ბილი აილიშთან თანამშრომლობით სპორტული ფეხსაცმლის Nike Air Force 1 ახალი მოდელი გამოუშვა.
ცნობილია, რომ კრემისფერი ფეხსაცმლის დასამზადებლად არტისტმა ეკოლოგიურად სუფთა, გადამუშავებული მასალები გამოიყენა. რაც შეეხება ტანსაცმლის კოლექციას, მუსიკოსმა ჰუდი, შარვალი და მაისური შემოგვთავაზა.
20 წლის პოპ მუსიკოსს “ნაიკთან” წარსულშიც უთანამშრომლია Ghost Green Air Jordan 1-ისა და Air Jordan 15-ის მოდელებზე, რომლებიც უკვე ამოყიდულია, თუმცა, მათი შეძენა გადამყიდველებთანაა შესაძლებელი.
ბილი აილიშ ო’კონელი ფართო საზოგადოებამ 2015 წელს სინგლით Ocean Eyes გაიცნო. მუსიკოსისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go?, რომელიც ამერიკული და ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. მასში შემავალი სინგლი Bad Guy ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა და ექვსმაგი პლატინის სტატუსი დაიმსახურა. შვიდი გრემის მფლობელი შემსრულებელი 18 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა არტისტი გახდა, რომელმაც ამ დაჯილდოების ოთხი ძირითადი კატეგორია მოიგო. ამასთან, მომღერალი 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ადამიანია, რომელმაც ოსკარი მიიღო საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ნამუშევრით No Time To Die, რომელიც ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ფილმისთვის შექმნა. ბილის დღემდე ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.