Ye ანტისემიტური განცხადებების გამო ბოდიშს იხდის და საკუთარ ქცევას ტვინის დაზიანებას უკავშირებს

„ვნანობ და ძალიან მრცხვენია იმ მდგომარეობაში ჩადენილი ქმედებების გამო,“ – წერს უესტი.
კანიე უესტი 67-ე გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე. 2025 წლის 2 თებერვალი. ლოს-ანჯელესი.
Matt Winkelmeyer/Getty Images for The Recording Academy

კანიე უესტმა კიდევ ერთი ბოდიში მოიხადა – Yeezy-მ The Wall Street Journal-ის 26 იანვრის ნომერში სრულგვერდიანი განცხადება განათავსა, რომელშიც ბრენდის დამფუძნებელი უესტი, ბოლო წლებში გაკეთებული ანტისემიტური განცხადებების გამო, ებრაელ ხალხს ბოდიშს უხდის. უესტმა შავკანიან საზოგადოებას და იმ ადამიანებსაც მიმართა, ვისაც მისი ქცევითა და განცხადებებით ტკივილი მიაყენა. არტისტმა ასევე გაიხსენა 2002 წელს მომხდარი ავტოავარია, რომლის დროსაც ყბა მოიტეხა და აღნიშნა, რომ მიღებულმა ტვინის დაზიანებამ შესაძლოა გავლენა იქონია მის შემდგომ ქცევაზე.

„ოცდახუთი წლის წინ ავტოავარიაში მოვხვდი, რის შედეგადაც ყბა მოვიტეხე და ტვინის მარჯვენა შუბლის წილი დამიზიანდა,“ – წერს ის. „იმ დროს ყურადღება მხოლოდ ხილულ დაზიანებებზე იყო გადატანილი – მოტეხილობაზე, შეშუპებასა და ფიზიკურ ტრავმაზე. უფრო ღრმა დაზიანება, რომელიც თავის ქალის შიგნით იყო, შეუმჩნეველი დარჩა.“

უესტის თქმით, ტვინის დაზიანება სათანადო დიაგნოზით არ შეფასებულა და ამას მოგვიანებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის ბიპოლარული აშლილობა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებმაც ტვინის ტრავმა მიიღეს, ბიპოლარული აშლილობის განვითარების 1.28-ჯერ მაღალი რისკის ქვეშ არიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაზიანება 11-15 წლის ასაკში ხდება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ტვინის ტრავმა შესაძლოა ანთებით პროცესებს იწვევდეს, რაც ფსიქიკურ პრობლემებს განაპირობებს.

„ბიპოლარულ აშლილობას თავისი თავდაცვის მექანიზმიც აქვს – უარყოფა. მანიაკალური ფაზის დროს არ ფიქრობ, რომ ავად ხარ. გგონია, რომ სხვები აჭარბებენ. გგონია, სამყაროს უფრო მკაფიოდ ხედავ, მაშინ, როცა რეალურად მთლიანად კარგავ კონტროლს. ვთქვი და გავაკეთე ის, რასაც გულწრფელად ვნანობ. ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარდა, ცუდად მოვექეცი,” – მიმართა საზოგადოებას YE-მ. „უკან მოხედვისას ვხვდები, რომ საკუთარ ნამდვილ თავთან კავშირი დავკარგე.“

განსაკუთრებით მძიმე თემად უესტმა სვასტიკის გამოყენება დაასახელა, რომელიც Yeezy-ს მერჩენდაიზზეც გამოჩნდა. მისი თქმით, გარკვეული მომენტები მეხსიერების ჩავარდნებს უკავშირდებოდა, რომელთა გახსენებაც დღესაც უჭირს.

„ამ მდგომარეობაში ყველაზე დამანგრეველ სიმბოლოს შევეხე – სვასტიკას და მისი გამოსახულებით მაისურებსაც კი ვყიდდი,“ – წერს ის. Ye ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას სრულად იაზრებს; რომ ის ნაცისტი არ არის და ებრაელი ხალხის მიმართ სიყვარულს გრძნობს.

„ბიპოლარული აშლილობის პირველი ტიპის ერთ-ერთი რთული ასპექტია ის მომენტები, რომელთაგან ბევრი დღემდე არ მახსოვს. მათ არასწორ გადაწყვეტილებებამდე და უგუნურ ქცევამდე მიმიყვანეს, რაც ხშირად სხეულიდან გამოსვლის გამოცდილებას ჰგავდა. ამას მთელი გულით ვნანობ და მრცხვენია. ვიღებ პასუხისმგებლობას და ერთგულად მივყვები მკურნალობასა და რეალურ ცვლილებებს. ეს ჩემს ქმედებებს არ ამართლებს. მე არ ვარ ნაცისტი და არ ვარ ანტისემიტი. მე მიყვარს ებრაელი ხალხი.“

Anti-Defamation League-მა Ye-ს ბოდიში „დიდი ხნით დაგვიანებულად“ შეაფასა. Billboard-ისთვის მიწოდებულ განცხადებაში ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს ბოდიში ავტომატურად ვერ გააბათილებს მის ანტისემიტურ ქცევებს, მათ შორის სიმღერას, პოსტებს, სვასტიკების გამოყენებასა და ჰოლოკოსტის თემებზე გაკეთებულ მრავალ მინიშნებას. „ნამდვილი ბოდიში იქნება ის, რომ მომავალში აღარ გამოავლინოთ ანტისემიტური ქცევა,“ – აღნიშნავს ADL.

Ye-მ ასევე ისაუბრა ეპიზოდზე, რომელმაც, მისი თქმით, გასული წლის დასაწყისში მისი ცხოვრება სრულად დაანგრია და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე მიიყვანა. „ძალიან ვწუხვარ, რომ იმედები გაგიცრუეთ. მიყვარხართ. 2025 წლის დასაწყისში ოთხთვიან მანიაკალურ ეპიზოდში ჩავვარდი. ფსიქოზური, პარანოიდული და იმპულსური ქცევები მქონდა, რომელმაც ჩემი ცხოვრება გაანადგურა.“

უესტის თქმით, დღეს ის ეფექტური მკურნალობის რეჟიმს იცავს, რომელიც მედიკამენტებს, თერაპიასა და ფიზიკურ აქტივობას აერთიანებს. განცხადება მიმართვით დაასრულა – არა თანაგრძნობის, არამედ მოთმინებისა და გაგების თხოვნით. 

 „ენერგიას ვხარჯავ პოზიტიურ და შინაარსიან ხელოვნებაზე – მუსიკაზე, ტანსაცმელზე, დიზაინსა და ახალ იდეებზე, რომლებიც სამყაროს დაეხმარება. არ ვითხოვ თანაგრძნობას ან განსაკუთრებულ მოპყრობას. უბრალოდ მოთმინებასა და გაგებას გთხოვთ, სანამ საკუთარ გზას ვიპოვი.“

ანტისემიტური განცხადებების სერიის გამო, 2022 წელს კანიე უესტთან ისეთმა კომპანიებმა შეწყვეტეს თანამშრომლობა, როგორებიცაა: Balenciaga, Universal Music Group, Adidas და Gap. 2025 წლის ნოემბერში ის ასევე შეხვდა რაბი იოშიჰაუ იოსეფ პინტოს, რათა პასუხისმგებლობა აეღო და ებრაულ საზოგადოებას ბოდიში მოეხადა.

პარალელურად, Ye ახალი ალბომის – Bully-ს გამოსაცემად ემზადება. თვის ბოლოს არტისტი სცენაზე დაბრუნებასაც გეგმავს. 30 და 31 იანვარს რეპერს მეხიკოში ორი კონცერტი აქვს დაანონსებული. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Peggy Gou Courtesy of Atlantic Records

Goldenvoice სან-ფრანცისკოში „სეზონურ საკლუბო გამოცდილებას“ Peggy Gou-სთან, Mau P-სთან, Michael Bibi-სა და სხვა მონაწილეებთან ერთად აანონსებს

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსი და Doechii 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე ნომინაციის გამარჯვებულის წარმდგენები იქნებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი
Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN

ოლივია როდრიგო ბრუკლინში ე.წ. „ღია მიკროფონთან“ მოულოდნელად გამოჩნდა და მცირე აუდიტორიის წინაშე Drop Dead შეასრულა

ეს ვილიამსბურგში მდებარე Pete’s Candy Store-ში მოხდა, რომელიც დამწყები არტისტების პოპულარიზაციითაა ცნობილი და არა პოპვარსკვლავების პერფორმანსებით.
მეტი
ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw © ქეთათო ნერგაძე

ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw

„ალბომს ქვია Raw. ძალიან მიყვარს ამ სიტყვის ენერგეტიკა და მნიშვნელობა. ვფიქრობ, სიმღერები, მათი ჟღერადობა და მთლიანად ის ენერგია, რაც მე, ბენდმა და გვაჯიმ პროცესში ჩავდეთ, ამართლებს ალბომის სახელს“ - ქეთათო ნერგაძე.
მეტი