ცნობილი არენბი შემსრულებელი, ალიშა ქისი მშობლიურ ნიუ იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ წლის ყველაზე სანახაობრივ ღონისძიებას, Met Gala-ს დაესწრო. მუსიკოსს, რომელიც წითელ ხალიჩაზე ქმართან, პროდიუსერ სვიზ ბითზთან ერთად გამოჩნდა, მოდის სახლ Ralph Lauren-ის დიზაინით შექმნილი საღამოს კაბა ეცვა, მოსასხამზე კი თვლების საშუალებით ნიუ იორკის განათებული ცათამბჯენების ხედი იყო შექმნილი.
• ნახეთ: ოლივია როდრიგო Met Gala-ზე
წლევანდელი “მეთ გალას” ორგანიზატორები ლინ-მანუელ მირანდა, რეჯინა კინგი, ბლეიქ ლივლი და რაიან რეინოლდსი გახლდნენ. საღამოს თემად “ამერიკული მოდის ანთოლოგია” იყო დასახელებული, რაც ითვალისწინებდა გვიანი მე-19 საუკუნის სამოსის თანამედროვე ხედვით მორგებას.
ალიშა ქისმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ კი ის 2001 წელს სადებიუტო ალბომით Songs in A Minor გაიცნო. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Fallin’ გახლავთ. 15 გრემის მფლობელმა შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში 90 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 8 სტუდიური ალბომის ავტორი სონგრაითერების დიდების დარბაზშია შეყვანილი.