ზაკ ბრაუნის შემოქმედებამ, პირდაპირი მნიშვნელობით, ახალ სიმაღლეებს მიაღწია, როცა „არტემის 2-ის” ეკიპაჟის წევრებმა კოსმოსში მისი სიმღერა Free დაუკრეს.
10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსის 2010 წლის სიმღერამ, რომელიც Billboard Hot 100-ის 34-ე ადგილს იკავებდა, კოსმოსური მისიის ბორტზე მაღვიძარას ფუნქცია შეასრულა და ასტრონავტები მომდევნო სამუშაო დღისთვის გააღვიძა. სიმღერას მოჰყვა ბრაუნის მიერ პირადად ეკიპაჟის წევრებისთვის ჩაწერილი შეტყობინება.
„დილა მშვიდობის, რიდ, ვიქტორ, კრისტინა და ჯერემი. გესაუბრებათ ზაკი – ზაკ ბრაუნის ბენდიდან, აშშ-იდან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სიმღერა დღის დაწყებაში სწორი განწყობით დაგეხმარებათ. უბრალოდ გვინდოდა, გვეთქვა, თუ რამდენად ვამაყობთ თქვენით. დიდი გამბედაობა, გამძლეობა და თავისუფლება სჭირდება უცნობი გზის არჩევას. ეს ამერიკული სულის ყველაზე წმინდა გამოხატულებაა.”
„მილიონობით ადამიანი აქ ცას შესცქერის და კიდევ უფრო შთაგონებულია თქვენით. განაგრძეთ ძლიერად ფრენა. იფრინეთ უსაფრთხოდ. მოუთმენლად ველით, როდის დაბრუნდებით სახლში.”
მომღერალმა და მისმა მეუღლემ, სამკაულების დიზაინერმა კენდრა სკოტმა, ისტორიული მომენტის ვიდეო ინსტაგრამზე გააზიარეს. ასევე გამოაქვეყნეს ჩანაწერი, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა წყვილს ამ ამბავზე. „ძვირფასო, გაიღვიძე! კოსმოსში ჩვენს სიმღერას უკრავენ!” – ეუბნება სკოტი ბრაუნს.
ზაკ ბრაუნი ახლა უკვე იმ რამდენიმე არტისტს შორისაა, ვისაც შეუძლია თქვას, რომ მისი მუსიკა კოსმოსში გაჟღერდა. „არტემის 2-ის” ასტრონავტები, რომლებიც პირველი ადამიანები არიან, ვინც მთვარის ყველაზე შორეული მხარე დღის შუქზე ნახეს და ამასთანავე დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილში გაფრინდნენ, ყოველდღიურად სხვადასხვა მუსიკის ფონზე იღვიძებდნენ. მათ შორის იყო: ჩაპელ როუნის Pink Pony Club, Queen-ისა და დევიდ ბოუის Under Pressure, სილო გრინის Working Class Heroes და სხვ. ნასამ ეკიპაჟის წევრების სრული პლეილისტიც გააზიარა.