Billboard-ის პროექტი Friday Music Guide მოსახერხებელი გზამკვლევია, რომელიც კვირის განმავლობაში ახალ მუსიკალურ რელიზებს უყრის თავს.
ამ კვირას Lady Gaga და Doechii ენერგიულ და დახვეწილ ტრეკში Runway ერთიანდებიან, რომელიც The Devil Wears Prada 2-ის საუნდტრეკია, Katseye Coachella-ს ფესტივალამდე ახალ სინგლს, PINKY UP-ს ავრცელებს, ხოლო The Strokes ახალი სიმღერით ბრუნდება, მათი მომავალი ალბომი კი სულ მალე გამოვა.
Bedford Falls – ყველა
Bedford Falls ახალ სინგლს აქვეყნებს, სახელწოდებით „ყველა”. სიმღერა შესულია ჯგუფის ბოლო ალბომში LAZYBONES, რომელიც 2026 წლის მარტში გამოვიდა.
Lady Gaga და Doechii – Runway
როგორც ჩანს, Lady Gaga და Doechii იდეალური დუეტია. არტისტებს აქამდე ერთად არასოდეს უმუშავიათ, თუმცა აშკარად იგრძნობა, რომ თანამშრომლობა აუცილებლად უნდა შემდგარიყო.
Runway – რომლის თანაავტორი და თანაპროდიუსერი ბრუნო მარსია, პირველი ოფიციალური სინგლია ფილმიდან The Devil Wears Prada 2. ფილმის პრემიერა 1 მაისს არის დაგეგმილი. სიმღერა ენერგიული ტემპითა და თავდაჯერებული განწყობითაა გაჯერებული.
ერეკლე დეისაძე და SabanaYesYes – სადაც გამახედეს
ერეკლე დეისაძემ არტისტ Sabana-სთან (SabanaYesYes) ერთად ახალი ტრეკი, სახელწოდებით „სადაც გამახედეს“ გამოუშვა. ნამუშევრის პროდაქშენი Sabana-ს ეკუთვნის, ხოლო ტექსტი – ერეკლე დეისაძეს. ტრეკი SabanaYesYes-ის ახალი მუსიკალური პროექტის, ONEONEWORLD-ის ფარგლებში გამოიცა.
Katseye – PINKY UP
Pinky Up Katseye-სთვის გადამწყვეტ მომენტში გამოდის: გოგონათა ჯგუფი ახლახან გრემის ცერემონიიდან დაბრუნდა და Coachella-ს ფესტივალზე მათ დებიუტამდეც სულ ერთი დღე რჩება. ამასთან, ჯგუფი ახლა უკვე ხუთი წევრისგან შედგება, მას შემდეგ, რაც ბენდის წევრმა მანონ ბანერმანმა ცოტა ხნის წინ პაუზა აიღო. თავბრუდამხვევი ტემპითა და უწყვეტი დინამიკით, მათი ახალი სიმღერა Katseye-ს დაუღალავ ენერგიას ასხივებს.
The Strokes – Going Shopping
ამ კვირაში The Strokes-მა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი, Reality Awaits დააანონსა, რომლის პროდიუსერიც რიკ რუბინია. განცხადებას კი თან ერთვის წამყვანი სინგლი, სახელწოდებით Going Shopping. ეს არის დამუშავებული, თუმცა მაინც რეტრო ჟღერადობის მქონე სიმღერა, რომელიც ბენდის იდენტობასა და მუსიკის პოპულარობას შორის ოქროს ბალანსს პოულობს.
მურმან წულაძე – Amerika
ქართველმა არტისტმა ახალი სინგლი, სახელწოდებით Amerika გამოაქვეყნა.
Amerika არტისტისთვის ერთგვარი ემოციური აფეთქებაა, სიმღერა, რომელიც ერთი ამოსუნთქვით შეიქმნა და თანამედროვე სამყაროს ქაოტურ რიტმს ასახავს.
Alabama Shakes – American Dream
2026 წლის ტურნეს დაანონსების შემდეგ, ბლუზ-როკ ბენდი Alabama Shakes ახალი მუსიკით ბრუნდება. სიმბოლურად დასათაურებული American Dream ჯგუფისთვის 2015 წლის გრემის მფლობელი ალბომის, Sound & Color-ის შემდეგ პირველი ახალი რელიზია,თუმცა ვოკალისტმა ბრიტნი ჰოვარდმა ამ პერიოდში ორი სოლო ალბომი გამოსცა. სიმღერა მწვავე მესიჯს ატარებს.
თუმცა დასასრულს ჰოვარდი მსმენელს ტოვებს ფრაზით „განაგრძე ოცნება“, რაც შეიძლება ერთდროულად ირონიულიც იყოს და იმედისმომცემიც.
Tiny Habits – Right In Front Of Me
ფოლკ-პოპ ჯგუფი Tiny Habits (ტრიო, რომელიც 2022 წელს Berklee College of Music-ში ჩამოყალიბდა) შესაძლოა ახალი ეტაპისთვის ემზადება. 2023 წლის სადებიუტო EP-ისა და 2024 წლის სრულმეტრაჟიანი ალბომის შემდეგ, მათ ახალი სინგლი Right In Front Of Me გამოსცეს. ეს არის მსუბუქი ტრეკი, რომელიც ხმების სინთეზში ჰაეროვნად ჟღერს.