კომპანია Apple ოცი წლის შემდეგ iPod-ის წარმოებას წყვეტს. განცხადების თანახმად, 2001 წელს გამოშვებული მუსიკალური ფლეიერი ხელმისაწვდომი მარაგების ამოწურვამდე დარჩება.
პირველი აიპოდი 2001 წლის 23 ოქტომბერს ჩაეშვა გაყიდვაში. 184-გრამიანი მოწყობილობა 1000 სიმღერას იტევდა, მის ელემენტს კი 10 საათს შეეძლო მუშაობა. 2004 წელს 102-გრამიანი iPod Mini გამოვიდა, რასაც 2005 წელს iPod Nano, 2007-ში კი iPod Touch მოჰყვა. აიპოდ თაჩის უკანასკნელი მოდელი კომპანიამ 2019 წლის მაისში წარმოადგინა A10 Fusion მიკროპროცესორითა და 256 გიგაბაიტი მეხსიერებით.
აიფონის გამოშვებამდე აიპოდი “ეფლის” ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი გახლდათ. 2007 წლის აპრილში კომპანიამ განაცხადა, რომ უკვე 100 მილიონი აიპოდი ჰქონდა გაყიდული, 2011 წლის ივნისში კი ამ რიცხვმა 300 მილიონს გადააჭარბა. 2014 წელს “ეფლმა”, მოწყობილობის პოპულარობის შემცირების ფონზე, კვარტალური მოგების ანგარიშებში აიპოდის გაყიდვების მონაცემების შეტანა შეწყვიტა.
მარაგების ამოწურვამდე, აიპოდის შეძენა “ეფლის” ოფიციალურ ვებგვერდზე, მის მაღაზიებსა და ავტორიზებული რეალიზატორებისგან არის შესაძლებელი. ფასი 199 აშშ დოლარიდან იწყება.