3 ივლისს მადონა საცეკვაო სცენაზე ბრუნდება ალბომით Confessions II, თუმცა მანამდე პოპის დედოფალმა 2026 წლის „მეტ გალას” წითელ ხალიჩაზე ჯადოსნური განწყობა შეიტანა.
ოთხი ქალის თანხლებით, რომლებსაც მისი ნაცრისფერი ვუალის შლეიფი ეჭირათ, მადონა – დომინანტური, როგორც ყოველთვის – წითელ ხალიჩაზე შავი სამოსითა და თავზე ძველებური საზღვაო ხომალდის დეკორით გამოჩნდა, რაც ვუალთან კომბინაციაში შტორმში მოხვედრილი გემის ეფექტს ქმნიდა.
Harper’s Bazaar-ის მიხედვით, ენთონი ვაკარელოს დიზაინით შექმნილი ივ სენ-ლორანის მოდის სახლის კოსტიუმის შთაგონება ბრიტანელ-მექსიკელი მხატვრის, ლეონორა კერინგტონის ნახატი „წმინდა ანტონის ცდუნება” გახდა. „მეტ გალას” წლევანდელი თემა „მოდა, როგორც ხელოვნებაა”, შესაბამისად, მადონას სიურრეალისტური ლუქი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სრულიად რელევანტური იყო.
ახლახან მადონამ Confessions II-ის გამოცემა დააანონსა სინგლებით I Feel So Free და Bring Your Love. ეს უკანასკნელი საბრინა კარპენტერთან დუეტს წარმოადგენს და გასულ პარასკევს მას შემდეგ გამოვიდა, რაც მადონა კარპენტერის „კოაჩელას” გამოსვლის დროს მოულოდნელად სცენაზე გამოჩნდა.
„მეტ გალას” წითელ ხალიჩაზე გაიარა საბრინა კარპენტერმაც, რომელსაც 1954 წლის ფილმის, „საბრინას” ფირებისგან შექმნილი კაბა ეცვა. „ეს ჩემი ერთ-ერთი ყველა დროის საყვარელი ფილმია,” – აღნიშნა მომღერალმა ბილი უაილდერის ნამუშევარზე, რომელშიც ჰამფრი ბოგარტი და ოდრი ჰეპბერნი მონაწილეობენ.
2026 წლის „მეტ გალას” ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ბიონსეა. წითელ ხალიჩაზე მას თან ახლდნენ ქალიშვილი ბლუ აივი და მეუღლე ჯეი-ზი.