ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა დუა ლიპამ და ფილმ Fantastic Beasts-ის მსახიობმა კალუმ ტერნერმა 31 მაისს, ლონდონის ძველ, Marylebone Town Hall-ში, ვიწრო წრეში იქორწინეს.
გამოცემა The Sun-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად, წყვილმა განსაკუთრებული დღე ახლობლების წრეში აღნიშნა. კადრებში ჩანს, როგორ ეგებებიან სტუმრები ახალდაქორწინებულებს, რომლებიც შავ ავტომობილში სხდებიან.
Vogue-ის ინფორმაციით, ცერემონიისთვის პატარძალმა Schiaparelli Couture-ის პიჯაკის სტილის კაბა შეარჩია, რომელსაც თეთრი, მომდგარი ქვედაბოლო, ქუდი და ხელთათმანები შეუსაბამა. კალუმ ტერნერმა კი არჩევანი Ferragamo-ს ინდივიდუალურად შეკერილ მუქ ლურჯ კოსტიუმსა და ჰალსტუხზე შეაჩერა.
The Sun ასევე იუწყება, რომ წყვილი მეორე, უფრო მასშტაბურ საქორწინო წვეულებას იტალიაში, პალერმოს ცნობილ სასტუმრო Villa Igiea-ში გეგმავს.
ამ თვის დასაწყისში დუა ლიპამ სოციალურ ქსელში ფოტოები გააზიარა, რომელიც, სავარაუდოდ, იბიცაზე გამართული მისი წინასაქორწინო წვეულებიდან იყო. „Funmaxxing არის ინტერნეტ-სლენგი, რომელიც სიამოვნების მაქსიმალურად მიღების პრაქტიკას აღწერს,“ – ასე დაასათაურა დუა ლიპამ ინსტაგრამზე ფოტოების სერია.
წყვილმა ნიშნობა ოფიციალურად 2025 წლის ივნისში დაადასტურა, მას შემდეგ, რაც მათი ურთიერთობის შესახებ პირველი ჭორები 2024 წლის იანვარში გავრცელდა.
„დიახ, ჩვენ დავინიშნეთ და ეს ძალიან ამაღელვებელია. გადაწყვეტილება, რომ ერთად დავბერდეთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ცხოვრება და უბრალოდ საუკეთესო მეგობრებად დავრჩეთ – ნამდვილად განსაკუთრებული შეგრძნებაა.“ – განუცხადა არტისტმა British Vogue-ს 2025 წლის ივნისში.
წყვილი საზოგადოებამ პირველად ერთად 2024 წლის იანვარში, სერიალ Masters of the Air-ის პრემიერის შემდგომ წვეულებაზე შეამჩნია.
დუა ლიპამ გლობალური ტურნე, Radical Optimism, 2025 წლის დეკემბერში დაასრულა, მას შემდეგ, რაც ტურნეში ერთ წელზე მეტხანს იმყოფებოდა. ამ კვირის დასაწყისში კი არტისტმა საკონცერტო ალბომი: Live From Mexico გამოუშვა, რომელიც მეხიკოს სტადიონზე გამართული სამი შოუს ჩანაწერებს მოიცავს.
Radical Optimism-ის ტურნე წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოვლენად იქცა. Billboard Boxscore-ის მონაცემებით, დუა ლიპას კონცერტების შემოსავალმა 141 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა და 59 შოუზე 1.2 მილიონი ბილეთი გაიყიდა, რისი წყალობითაც დუა ლიპამ პოპარტისტებს შორის წლის მესამე ყველაზე შემოსავლიანი ტურნე გამართა.