საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ინოვაციებითა და ექსპერიმენტული ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს იწვევს განსაკუთრებულ, ინტერდისციპლინურ ვორქშოპზე, სახელწოდებით – „მცენარეების მუსიკა.“
მცენარეებს საკუთარი ბგერითი ხელწერა აქვთ – სწორედ ამ იდეას იკვლევს ლევან შანშიაშვილის ვორქშოპი, რომელიც 9 ოქტომბერს გაიმართება.
ბიოლოგიის, ტექნოლოგიისა და ხელოვნების გადაკვეთაზე შექმნილი ვორქშოპი მონაწილეებს მცენარეების ბიოელექტრო იმპულსების შესწავლასა და მათ ცოცხალ მუსიკალურ სიგნალებად გარდაქმნის პროცესს გააცნობს.
სპეციალიზებულ აუდიოლაბორატორიაში მონაწილეები მცენარეების ფიზიოლოგიურ პროცესებს შეისწავლიან, მათ კომუნიკაციასა და სიგნალიზაციის სისტემებს, შემდეგ კი მცენარეების ბიოელექტრო იმპულსების ცოცხალ ხმოვან სიგნალებად გარდაქმნას პრაქტიკაში გამოცდიან.
ვორქშოპის პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
ბიოლოგიური საფუძვლები: მცენარეთა ფიზიოლოგიური პროცესები, კომუნიკაციისა და სიგნალიზაციის სისტემები და ეკოსისტემური ურთიერთკავშირები.
თანამედროვე ტექნოლოგიები: მუშაობა ისეთ ინსტრუმენტებთან და პლატფორმებთან, როგორებიცაა VCV Rack, Ableton Live, Plant Music სისტემისა და ანალოგური მოდულარული სინთეზის გამოყენება.
ხელოვნება და ინტერაქცია: ბუნებრივი სიგნალების აუდიოპროცესორებში თარგმნა და ინდივიდუალური ბიო-ელექტრო იმპულსური კომპოზიციების შექმნა.
გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით, ვორქშოპს მუსიკოსი ლევან შანშიაშვილი გაუძღვება.
მცენარეების ბიოელექტრო სიგნალების მუსიკად გარდაქმნა ბუნებასთან ურთიერთობის განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მცენარეების ფიზიოლოგიური პროცესები მუსიკისა და ტექნოლოგიის საშუალებით აღმოაჩინონ.
ვორქშოპზე დასასწრებად წინასწარი რეგისტრაცია ამ ბმულზეა შესაძლებელი.