“თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.”
ლადო ასათიანი
6 ოქტომბერს წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ლადო ასათიანის 105 წლის იუბილე გაიმართა.
ქართველმა არტისტებმა საყვარელი პოეტის ლექსები წაიკითხეს. Მომღერალმა კატო კვარაცხელიამ ლადო ასათიანის ლექსებზე შექმნილი ორი სიმღერაც შეასრულა.
ლადოს სიტყვების, ისტორიებისა და ტრაგიკული ცხოვრების გახსენება განსაკუთრებით ემოციური თავად ლადო ასათიანის შთამომავლებისთვის აღმოჩნდა, შვილისთვის, მანანა ასათიანისთვის, რომელიც ღონისძიებაზე წაკითხულ ყველა ლექსს მთხრობელებთან ერთად ჩუმად ჰყვებოდა.
,,მანანას შეიძლება არ ახსოვდეს ბევრი რამ, მაგრამ ლადოს პოეზია ზეპირად იცის, ყოველთვის შეუძლია გაიხსენოს. Იმდენად მრავალფეროვნად გადმოიცა ყველაფერი, რომ ჩემთვის ამ ღონისძიებაზე დასწრება ძალიან ემოციურია. მე ვარ ლადოს მეუღლის, ანიკოს სახელის მატარებელი, ჩემი ძმა – ლადოს სახელის მატარებელი – ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა”,- ანა უკლება, ლადო ასათიანის შვილთაშვილი.
Წინანდალში შეკრებილმა სტუმრებმა ქართველი პოეტის ფოტოები და ჩანაწერები დაათვალიერეს.
,,ლექსი, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გადაიტანა ადამიანმა, გაუჭირდება სულიერი არსებობა. ვფიქრობ, არცერთი პოეტის ამდენი სტრიქონი არ ვიცი ზეპირად, როგორც ლადო ასათიანის. ეს სკოლის და საზეპიროების დამსახურება სულაც არაა, ეს თავად ლადო ასათიანის დამსახურებაა. მისი ქართული არის მკაფიო, დასამახსოვრებელი, რომელიც მოდის და არსად აღარ მიდის, ცხოვრობს შენთან ერთად”,– წინანდალში შეკრებილ სტუმრებს პოეტმა დავით მაღრაძემ მიმართა.
,,რაც თავი მახსოვს, სულ მახსოვს ლადო ასათიანი, ამას შემდეგ ვერ ისწავლი, ლადო ყველამ იცის პატარამაც, დიდმაც… ჩემთვის ეს პოეტი არის ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება იცხოვრო ყველაზე უიღბლო ბედით და ლექსებში იყო ყველაზე ოპტიმისტი, ხშირ შემთხვევაში გასაოცარი სიცოცხლისმოყვარე. არასოდეს არცერთ ლექსში, არცერთ სტრიქონში არ მონდომებია რომ დანებებოდა. ეს სანიმუშო არის ჩემთვის, ამ შემთხვევაში საგულისხმოც”,- ნიკოლოზ წულუკიძე.
მსახიობებისთვის ლადო ასათიანის ლექსების წაკითხვა ემოციური აღმოჩნდა. Როლანდ ოქროპირიძემ და გიორგი კაჭახიძემ სტუმრებს ქართველი პოეტის შემოქმედება კიდევ ერთხელ გაახსენეს.
,,ლადოს ლექსები მამას სასთუმალთან ედო. მთელი ბავშვობა ვუყურებდი რა მნიშვნელოვანი იყო მისი პოეზია და როგორ განიცდიდა მის ტრაგიკულ ცხოვრებას, ბავშობიდან დავიწყე მისი შემოქმედების კითხვა. მერე ნელ-ნელა გავაცნობიერე და გავიაზრე, რომ ძალიან მიყვარს ლადო, ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა, ჩემი პროფესიის არჩევაც მას უკავშირდება. ლადოს ლექსების კითხვა დავიწყე და ვიფიქრე, თეატრალურში ჩამებარებინა”,- როლანდ ოქროპირიძე, მსახიობი.
,,ჩემს ცხოვრებაში პოეზია შემოიჭრა სტუდენტობის დროს. ერთ-ერთი პირველი იყო ლადო ასათიანი და მისი შემოქმედება. ბევრს უყვარს საქართველო, ბევრი პატრიოტია, მაგრამ რაღაც სხვა სიმართლე იგრძნობა მის სიყვარულში, პირველი სიტყვიდანვე სხვა სიმართლე აქვს. წაიკითხავ თუ არა სხვა განზომილებაში ხარ. მარტივი სიყვარულის გულწრფელი გადმოცემაა”,- გიორგი კაჭახიძე, მსახიობი.
ლადო ასათიანის 105 წლის იუბილეს ლიტერატურათმცოდნეები Ზაზა აბზიანიძე და ირაკლი ხვედელიძე ესწრებოდნენ. მათ პარალელი ლადოს შემოქმედებას და სხვა მწერლებისა თუ პოეტების ნამუშევრებს შორის გაავლეს.
,,ამ დრომდე არ არსებობს ლადოს ილუსტრირებული გამოცემა. არადა მას ხელშესახებად უყვარდა წერა, ვიზუალური მხარე დიდ როლს თამაშობს მის ცხოვრებაში, ამიტომაც თუ გინდა ლადო წარმოიდგინო, მისი ემოციები წარმოიდგინო, საჭიროა ამისთვის ილუსტრაციების გაკეთება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა, Ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა დიგიტალური ჰუმანიტარის ცენტი. ოჯახის წევრებთან ვთანამშრომლობთ და გვინდა ლადო ასათიანით და ამ პოეზიით დავიწყოთ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,- ლიტერატურათმცოდნე ირაკლი ხვედელიძე.
„რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, / რამ დამავიწყოს ეს ალუბლები. / იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, / ამ სიყვარულზე ვესაუბრები…“ – ლადო ასათიანისა და ანიკო ვაჩნაძის ფოტოებმა, გახსენებულმა თავგადასავლებმა წინანდალში შეკრებილი სტუმრებისთვის ლეგენდარული სიყვარულის ისტორია გააცოცხლეს.
,,საოცარია, ანიკო წერდა: გავყიდე ფეხსაცმელები, რომ აბასთუმნის საგზური ამეღოო. საყვარელი ქალი ყიდდა ბოლო ფეხსაცმელს, რომ ქმრისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა”,– ნიკოლოზ წულუკიძე.
ასეთი გულთბილი საღამოსთვის, ასეთი სილამაზისთვის და მთელი წინანდლის მუზეუმის, მამულების აღდგენისთვის, დიდი მადლობა გადაუხადეს გიორგი რამიშვილს, მის ძალიან პროფესიონალ გუნდს გიორგი ხარაბაძის თაოსნობით. სწორედ ასეთი საღამოებია საჭირო ჩვენი საზოგადოებისთვის, ვისაც მოენატრა სითბოთი და პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული საღამოები. თვალცრემლიანი მაყურებელი იხსენებდა მუზეუმის რესტავრაციის დღეებს და თითოეულ დაგეგმილ ღონისძიებას. ჭავჭავაძეების მამული ცოცხალია და რეკორდული რაოდენობის დამთვალიერებელი სტუმრობს. ეს ბატონი გიორგი რამიშვილის და მისი გუნდის დამსახურებაა. ნიკოლოზ წულუკიძემ კი, საოცარი საღამო მიუძღვნა ლადო ასათიანის ხსოვნას, დავით საყვარელიძის რეჟისორული მიმართულებით. აღფრთოვანებული მაყურებელი ასეთ საღამოებს მომავალში დიდი სიყვარულით ელოდება.