მხატვარი ტატო ახალკაციშვილი წლებია ლანდშაფტს და მის სტრუქტურას იკვლევს, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიც სწორედ ამ თემას პასუხობს.
თოთხმეტი დღის განმავლობაში რია ქებურიას სახელოსნოში თვრამეტი გრაფიკული ნამუშევარი შეიქმნა. პეიზაჟებში მეტაფორულად ისახება კაჭრეთის ლანდშაფტის დეტალები, რომელიც შთამბეჭდავ ვიზუალურ იერსახეს ქმნის და მნახველს წარმოსახვით-რეალურ სამყაროში ამოგზაურებს.
„ქაღალდზე ნამუშევრების სერიის შექმნისთვის დოკუმენტური მასალის გამოყენება მჭირდებოდა. მინდოდა ორგანიზებული ლანდშაფტები მენახა და ამის მიხედვით ვიზუალური მასალა ამეწყო. ჩემი მუშაობის მეთოდი განსხვავებულია, ლანდშაფტებიდან არანაირ ინსპირაციას არ ვიღებ, ნანახიდან არასდროს ვქმნი ნამუშევარს, პირიქით უკვე დამუშავებულ, განცდილ თემებს, ჩემი იდეის გარშემო ვამუშავებ. ამ თემებს და იდეებს, ემოციურად რა ვიზუალიზაციაც სჭირდება, იმის მიხედვით ვიწყებ მასალის მოძიებას.
ვიზუალურ ხელოვნებას ვაკეთებ და ამას კონკრეტული დოკუმენტური მასალიდან რაღაც დეტალებს აღება სჭირდება. ჩემი სამეტყველო ენა რეალისტური ნატურაა, რეალისტური მხატვრობა და ბუნებრივია ამისთვის დოკუმენტური მასალას, როგორც ტექნიკურ მხარეს ისე ვიყენებ. შემდეგ იწყება ფიქრი, რა ტიპის ობიექტები, ლანდშაფტები ან ლანდშაფტში განლაგებული ობიექტები მესაჭიროება, რომელსაც ვიმახსოვრებ ან ფოტომასალას ვქმნი და ქაღალდზე გადამაქვს.“ – ტატო ახალკაციშვილი.
მულტიმედია არტისტის, ტატო ახალკაციშვილის გამოფენა რია ქებურიას რეზიდენციაში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
“ამ სერიიდან რა ტიპის მასალა და დეტალებიც მაქვს გამოყენებული კაჭრეთის ტერიტორიიდან აღებული დოკუმენტური მასალაა. ამბასადორ კაჭრეთს უზარმაზარი ტერიტორია, ბაღი აქვს. ზუსტად დაემთხვა რომ ეს მჭირდებოდა, რა დროსაც რია ქებურიას ფონდმა რეზიდენცია შემომთავაზა, რასაც სიხარულით დავთანხმდი, რადგან უკვე ვიცოდი აქ რა დამხვდებოდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ აქ წარმოდგენილი ნამუშევრები ქაღალდზეა შესრულებული. მუშაობის დროს აბსოლუტურად სხვა მეთოდს ვიყენებ და მასალებიც ძალიან სპეციფიკურია, მათი გამოყენება სხვა სამყაროში მახვედრებს. რეზიდენციის სახელოსნოც ზუსტად ის ადგილია, სადაც ამ ნამუშევრებზე მუშაობა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა.“ – ტატო ახალკაციშვილი.