საქართველოში ელექტრონულ მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. საკლუბო კულტურისა და მუსიკალური სცენის განვითარება დასაწყისშივე თანასწორობის, ერთობის და სოლიდარობის იდეას მოიაზრებს. საერთო ხედვებისა და ღირებულებების მქონე ორი ქართველი – თეა აბაშიძე და გეგა ჯაფარიძე სწორედ ამ იდეის და მიზნების განსახორციელებლად ამერიკაში ჩავიდნენ და ელექტრონული სივრცე, ტექნო კლუბი – BASEMENT დააარსეს.
„ნიუ-იორკში მე და ჩემი მეგობარი გეგა ჯაფარიძე, 2014 წელს ჩავედით. თავიდანვე ზუსტად ვიცოდით, რომ გვინდოდა კლუბი გაგვეხსნა და მუსიკალური ფესტივალი დაგვეარსებინა. ბევრ სხვადასხვა კლუბში ვმუშაობდით, ვჯავშნიდით არტისტებს და პარალელურად მუდმივად ვეძებდით სივრცეს, სადაც შეიძლებოდა კლუბი გახსნილიყო. 2018 წელს Knockdown Center-ში სამუშაოდ მიგვიწვიეს. ეს არის ნიუ-იორკში ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკის სახელოვნებო ცენტრი, რომელიც სამი ათასზე მეტ ადამიანს იტევს. პარალელურად იგივე შენობის გამოუყენებელ სივრცეში, სარდაფში, კლუბის გახსნაზე დავიწყეთ მუშაობა. ესე შეიქმნა 2019 წლის 10 მაისს კლუბი BASEMENT. მისი თანადამფუძნებლები ვართ გეგა ჯაფარიძე, ტაილერ მაიერსი და მე.” – თეა აბაშიძე – ელექტრონული მუსიკალური კლუბის BASAMENT-ის და WIRE FESTIVAL-ის თანადამფუძნებელი.
კლუბის ძირითადი მიმართულებაა ტექნო მუსიკაა, ამ სივრცეში სულ ახლახან ჰაუს ოთახიც გაიხსნა.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთადერთი ტექნო კლუბი ნიუ იორკში. დაარსების დღიდანვე გვეუბნებოდნენ, რომ ეს იდეა არ გაამართლებდა, თუმცა ჩვენ მაინც ჩვენი გავიტანეთ, გავხსენით კლუბი. ვფიქრობ, პროექტი შედგა, რადგან თითქმის ყველა ივენთზე ყველა ბილეთი სულ გაყიდულია.“
BASEMENT კლუბში ისეთ მნიშვნელოვან არტისტებს დაუკრავთ როგორებიც არიან: Ben Klock, DVS1, Newa, DJ Stingray, Oscar Mulero, Héctor Oaks, Anetha, SPFDJ, Dax J, Juan Atkins და სხვა მრავალი. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ BASEMENT აქტიურად უჭერს მხარს ქართველ არტისტებს და ხშირად მათ იწვევს.
„ვიწვევთ საერთაშორისო და ადგილობრივ არტისტებს. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად დავუჭიროთ მხარი ქართველ არტისტებს, რომლებიც როგორც კლუბ BASEMENT-ში ასევე Knockdown Center-ში უკრავენ. კლუბს სამი რეზიდენტი არტისტი ჰყავს, Beatrice, Lydo და Newa. Newa ქართველი არტისტია, რომელიც ბასიანის რეზიდენტი დიჯეიც არის.“
კლუბი BASEMENT უკრაინის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი სივრცეა, სადაც შესასვლელშივე უკრაინის დროშა კიდია. DJ სეტის შემდეგ ყველა არტისტი ამ ფონზე ფოტოს იღებს და სოციალურ ქსელში აზიარებს.
გეგა ჯაფარიძემ და თეა აბაშიძემ კლუბ BASEMENT-ის გარდა ნიუ-იორკში ელექტრონულ-მუსიკალურ ფესტივალსაც ჩაუყარეს საფუძველი, რომელიც პირველად 2022 წლის მაისში ჩატარდა.
„ჩვენი მნიშვნელოვანი პროექტია ასევე WIRE FESTIVAL, რომელიც პირველად 2022 წელს ჩატარდა, სადაც ქართველმა არტისტებმაც მიიღეს მონაწილეობა. სპეციალურად „ბასიანის“ რეზიდენტი არტისტებისთვის სცენა გვქონდა გამოყოფილი. ეს ფესტივალი მაისში წელსაც გაიმართება და ამ წელსაც ვგეგმავთ ქართველი არტისტების მოწვევას.“