კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰეიმში მდებარე „დისნეილენდმა“ ოსკარის მფლობელი კომპოზიცია, Zip-a-Dee-Doo-Dah ყოველდღიური პარადის პროგრამიდან ამოიღო. გასართობი პარკის ადმინისტრაციამ ის Peter Pan-იდან ერთ-ერთი სიმღერით ჩაანაცვლა.
Zip-a-Dee-Doo-Dah 1946 წლის ფილმის, Song of the South-ის საუნდტრეკია. ფილმი ჯოელ ჩენდლერ ჰარისის მოკლე მოთხრობებზეა დაფუძნებული. სიუჟეტი „რეკონსტრუქციის ეპოქის“ სახელით ცნობილ პერიოდში ვითარდება და ისტორიის ცენტრში შავკანიანი კაცი, სახელად ბიძია რემუსია. ის ნოსტალგიურად იხსენებს ძველ დროს, როდესაც ყველაფერი კარგად იყო. ეს დრო კი სავარაუდოდ ის პერიოდია, როცა მონობა ლეგალური იყო.
2020 წელს, Disney-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ბობ აიგერმა აქციონერებს განუცხადა, რომ ეს ფილმი თანამედროვე სამყაროსათვის შეუფერებელია.
გასული საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც რასობრივ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევების მიმართ ადამიანები ნაკლებად სენსიტიურები იყვნენ, ნამუშევარს განსხვავებული ხედვით აღიქვამდნენ. პრემიერის შემდეგ, ამერიკის კინოაკადემიამ რემუსის როლის შემსრულებელი მსახიობი, ჯეიმს ბასკეტი სპეციალურ ოსკარზეც წარადგინა. როგორც აკადემიამ ბასკეტზე საუბრისას აღნიშნა, მან პერსონაჟი განსაკუთრებული სამსახიობო ოსტატობით შექმნა.
წარსულში „დისნეილენდმა“ განაცხადა, რომ პოპულარული ატრაქციონის – Splash Mountain-ის განახლებას გეგმავს. ატრაქციონის მარშრუტი მოიცავს ადგილებს, რომლებიც სწორედ Song of the South-ის ილუსტრაციებით არის გაფორმებული.
Zip-a-Dee-Doo-Dah-ის კომპოზიტორი ალი ვრუბელია, ხოლო ტექსტი რეი გილბერტმა დაწერა. სიმღერა 1947 წელს საკმაოდ პოპულარული იყო. ჯონ მერსერის, სემი ქეის და The Modernaires-ის შესრულებით, მუსიკალური ნამუშევარი ჰიტად იქცა.