პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, რონი მილსაპის 1980 წლის ჰიტი Smoky Mountain Rain იმღერა. კომპოზიციის ავტორები ქაი ფლემინგი და დენის მორგანი არიან. 2010 წელს ტრეკს შტატ ტენესის რიგით მერვე ოფიციალური სიმღერა ეწოდა.
• ნახეთ: კელი კლარკსონი ალანის მორისეტის სიმღერას Uninvited ასრულებს
Smoky Mountain Rain-ს ბილბორდის ჩარტებშიც ხვდა წარმატება. ის 1981 წლის 28 თებერვალს ცხელ ასეულში 24-ე პოზიციაზე გავიდა. ამასთან, კომპოზიცია მილსაპის 35-ე ნამუშევარია, რომელიც ქანთრი სიმღერების ჩარტის სათავეში მოხვდა.
რაც შეეხება კლარკსონს, გასულ კვირას მან EP დააანონსა, რომელიც გადაცემაში Kellyoke ნამღერი ჰიტების საუკეთესო ქავერ ვერსიებს მოიცავს. ის გაყიდვაში 9 ივნისს ჩაეშვება. ნამუშევარში 6 კომპოზიცია შევა, მათ შორის ბილი აილიშის Happier Than Ever, ლინდა რონსტადტის Blue Bayou, უიქენდის Call Out My Name, უიტნი ჰიუსტონის Queen of the Night და სხვა.
კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.