თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პიანისტთა თბილისის VII საერთაშორისო კონკურსი დაიწყო. კონკურსი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, თუმცა გასულ წელს კოვიდ პანდემიის გამო ღონისძიება გადაიდო.
თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი 1 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბრამდე გასტანს, მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები იღებენ. ღონისძიების პირველ დღეს კონსერვატორიის დიდ დარბაზში აუდიტორიის წინაშე უკრაინელი სოლისტი – დმიტრო ჩონი წარსდგა, დასკვნით საღამოს კი ლაურეატთა დაჯილდოება და კონცერტი გაიმართება.
“საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი” -ის ორგანიზებით და პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს თბილისი პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი დაარსდა. კონკურსის მიზანი ქართული საშემსრულებლო სკოლის განვითარება, საქართველოში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენა და პროფესიული წახალისებაა.