არეთა ფრანკლინის აქამდე უცნობი ფოტოები იყიდება. შეზღუდული კოლექცია, რომელიც Sonic Editions-მა გამოაქვეყნა, გადაღებულია ფოტოგრაფ დევიდ გარის მიერ „ატლანტიკ რეკორდსის” სტუდიაში 1967-1973 წლებში.
კოლექცია 12 შავ-თეთრ ფოტოს მოიცავს. ესენია სოულის დედოფლის ბუნებრივი კადრები სიმღერების ჩაწერის პროცესიდან. ჩარჩოში ჩასმული პრინტების ფასი 149$-დან იწყება და სხვადასხვა ზომაშია ხელმისაწვდომი.
ფოტოები, რომლებზეც არეთა ფრანკლინი არასასცენო გარეგნობითაა აღბეჭდილი, მისი ყველაზე დიდი ჰიტის “You Make Me Feel Like (A Natural Woman)” 55 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოქვეყნდა. ფრანკლინის ეს ლეგენდარული სინგლი 1967 წელს მე-8 ადგილს იკავებდა ბილბორდის Hot 100-ში.
ფრანკლინმა „ატლანტიკ რეკორდსთან” კონტრაქტი 1967 წელს გააფორმა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში გამოუშვა სერია ისეთი სინგლებისა, როგორებიცაა “Respect”, ”I Never Loved a Man (The Way I Love You”), “Do Right Woman,” და “You Make Me Feel Like (A Natural Woman)”.
Რაც შეეხება Sonic Editions-ის მიერ გამოცემულ პრინტებს, თითოეული ფოტო წარმოდგენილია სერტიფიკატით. არის დანომრილი, ხელით დაბეჭდილი და ჩასმულია ხელნაკეთ ჩარჩოში.
დაათვალიერეთ ფოტოკოლექცია