თანამედროვე ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი გერმანული ცეკვის კომპანიასთან „საშა ვალცი & სტუმრები“ და ინკლუზიური იდეების პლატფორმა InForm-ის ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა.
2021 წელს, ქორეოგრაფმა საშა ვალცმა და მისმა ცეკვის კომპანიამ ინოვაციური არტისტული პროცესი წამოიწყო, რომლის შედეგადაც სპექტაკლი „IN C” შეიქმნა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ანსამბლი ინკლუზიურ სპექტაკლზე ქართველ მოცეკვავეებთან ერთად მუშაობს.
სპექტაკლი ამერიკული მინიმალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი კომპოზიტორის, ტერი რაილის ამავე სახელწოდების მუსიკალურ ნაწარმოებზეა დაფუძნებული. საშა ვალცმა და მისმა მოცეკვავეებმა ექსპერიმენტული ქორეოგრაფიული მასალა შექმნეს, რომელიც მუსიკალური ნაწარმოების ცვალებად სტრუქტურას იმეორებს. ორმოცდაცამეტი მუსიკალური ფრაზისგან შემდგარი ნაწარმოების შესრულებისას, მუსიკოსები თანმიმდევრობით გაიმეორებენ ფრაზებს და ქორეოგრაფიაც მუსიკის ცვალებად სტრუქტურას ზუსტად ასახავს. „IN C“ შექმნილია როგორც დაუსრულებელი სასცენო წარმოდგენა, რომლის ქორეოგრაფია მაყურებლის თვალწინ იბადება.
„როდესაც ამ სტრუქტურის და მოქნილი ქორეოგრაფიის შესახებ გავიგე, საშა ვალცის კომპანიას შევთავაზე გაგვეკეთებინა თბილისში IN C -სპექტაკლის ინკლუზიური ვერსია, სადაც პროფესიონალი მოცეკვავეები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მიიღებდნენ მონაწილეობას. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური პროცესების განვითარება. რაც უფრო მეტი აქტიური ხელოვანი ჩაერთვება ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს პროცესი უფრო მეტად დაჩქარდება. პირველ რიგში ამ ადამიანებს მიეცემათ საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა. ძალიან ბევრი ნიჭიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია, რომელთაც არ აქვთ სივრცე, სადაც ან სასწავლოდ ივლიან, ან მიიღებენ სხვადასხვა პროექტებში თუ სახელოვნებო აქტივობებში მონაწილეობას. ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთმა ინიციატივებმა ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებას და ჩართვას კულტურულ პროცესებში. სწორედ ეს მიზანი აქვს ჩვენს პროექტსაც. ეს არის დასაწყისი რომ ჩვენ ნელ-ნელა პროფესიული ინკლუზიური დასი ჩამოვაყალიბოთ და ამის პირველი ჯგუფი უკვე IN C თბილისის სახით შედგა.“ – მაკა ჩხაიძე – ინკლუზიური იდეების პლატფორმა InForm-ის დამფუძნებელი და პროექტის იდეის ავტორი.
„IN C თბილისის” მიზანია შშმ ადამიანების სახელოვნებო პროცესებში ინტეგრაციას ხელი შეუწყოს, დაეხმაროს მათ პროფესიულ განვითარებაში, ჩართოს ინკლუზიური ელემენტი და ქართულ და საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეებს შორის დიალოგი წამოიწყოს.
სპექტაკლი სამეფო უბნის თეატრში სამ დეკემბრამდე გაგრძელდება.
„თანამედროვე ცეკვა არის ისეთი ტექნიკა ზოგადად, სადაც სხეულზე ძალიან ბევრს მუშაობ, სადაც სხეული და გონება ერთმანეთს უკავშირდება. ეს არის თერაპიული ვარჯიშები და არაპროფესიონალი მონაწილეებისთვის ძალიან კარგი ხერხი იმისთვის, რომ იმპროვიზაციით და სხვადასხვა ხერხებით შემეცნებითი იდეების გაცვლა შეძლონ, რომელიც შემდგომ ქორეოგრაფიის სამეტყველო ენაზე იწყობა.“ – ინკლუზიური ვერსიის ქორეოგრაფი: ნათია ჩიკვაიძე
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „InForm – ინკლუზიური იდეების პლატფორმას“ მიერ ხორციელდება, რომელიც საქართველოში ხელს უწყობს ინკლუზიური ხელოვნების განვითარებას და ხელოვნების საშუალებით საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობებს ქმნის.