სტეფანეს მორიგი ჰიტი – „ჩემზე არის ეს სიმღერა”

მსმენელის თხოვნით სიმღერა დაგეგმილზე ადრე გამოვიდა.
სტეფანე

სტეფანე ახალ სიმღერას აზიარებს სახელწოდებით „ჩემზე არის ეს სიმღერა”, რომელმაც ტრადიციულად დადებისთანავე მოიპოვა პოპულარობა და ახალ  ჰიტად იქცა. სიმღერის პრემიერა 21 ივლისს ბათუმში „სთეიჯ 17-ის” სცენაზე შედგა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სინგლად გამოშვება ჯერ არ იგეგმებოდა, მსმენელის თხოვნით სიმღერა მუსიკალურ პლატფორმებზე დაგეგმილ დროზე ადრე აიტვირთა.

სტეფანე:

„Რაც შოუ-ბიზნესი არსებობს, არსებობს წესი, რომ არის ე.წ. მკვდარი სეზონები, როცა არ არის რეკომენდებული რაღაცების დადება და ასეთია ზაფხული. კი, შეიძლება გააკეთო რაღაც, მაგრამ უნდა გამოუშვა ასე 20 სექტემბრის მერე. ასე რომ, მეც სექტემბრისთვის ვგეგმავდი ამ სიმღერის დადებას. თუმცა კონცერტის ანონსისთვის რომ დავდეთ პატარა რეკლამა, რომ, აი, პირველად შევასრულებდი ამ სიმღერას, მას შემდეგ, არ მიყვარს ხოლმე ასე თქმა, მაგრამ მართლა ძალიან ბევრი მწერდა, რომ მალე დამედო. ჰოდა, ასეთი რამ მოვიფიქრე: ჩემს მეგობარ ნესტან სინჯიკაშვილს ვთხოვე, კონცერტზე წამოსულიყო და გადაეღო ვიდეო, რადგან ვიცოდი, რომ ძალიან ლამაზი სივრცე იყო. და, აი,  ასე უცებ გადავიღეთ და ავტვირთეთ. მე მეშინია ხოლმე და რომ დავდებ, მერე ცოტა ხანი, როგორც წესი, აღარ ვნახულობ, რა ხდება. ახალს რომ აკეთებ რაღაცას, მაინც ნერვიულობ, როგორ მიიღებს ხალხი. ახლა უკვე შევიხედე და ძალიან დადებითი კომენტარებია და ძალიან მახარებს ეს ამბავი.”

სიმღერის მუსიკა და ტექსტი სტეფანეს ეკუთვნის. კომპოზიცია Leno Records-ში, როგორც თავად ამბობს, ექსპრომტად, მეგობრების დახმარებით ჩაიწერა.

„ყველა სიმღერას, რომელსაც მე ვწერ, ყოველთვის ვწერ სახლში მარტო. მარტო უნდა ვიყო, რომ მივხვდე, მინდა თუ არა. მერე, როცა უკვე თავში სრულად დალაგებული მქონდა, გვაჯის ვუთხარი. დავსხედით, კლავიშზე მე დავუკარი, ბასზე თვითონ გვაჯიმ. გვერდით სარეპეტიციოში კი ლევან ლაუდაძე იყო, რომელსაც ვთხოვეთ, გადმოსულიყო და გიტარა მან ჩაგვიწერა. „გაიღიმე” 4 აკორდი იყო, ასე იყო ჩაფიქრებული. ახლა კი მინდოდა, რომ საერთოდ ორი აკორდი ყოფილიყო ტრეკი. ამ ორი აკორდის ერთმანეთთან ჟღერადობით მინიმალისტური სიმღერის გაკეთება მინდოდა.

Რაც შეეხება შინაარსს, საკმაოდ ღრმადაც შეიძლება შეხედო და ზედაპირულადაც. სინამდვილეში შინაარსი არის ის, რაც დღეს ჩვენ ყველას გვაწუხებს: რომ ადამიანები უნდა კონცენტრირდნენ საკუთარ თავზე, მიზანმიმართულად მიდიოდნენ და აშენებდნენ საკუთარ ბედნიერებას და არ აქცევდნენ ყურადღებას სხვებს.”

სიმღერა გამორჩეულია ჰიპ-ჰოპ ჩანართითაც, რომელსაც ახალგაზრდა არტისტი Sundro 08 ასრულებს.

„ძალიან ბევრი ვეძებე შესაფერისი არტისტი. ვერ წარმოიდგენთ, ვის აღარ მივმართე. მერე აჩი ვანიშვილს, იგივე „ძვალს” ვთხოვე, რომ, აი, შენ რომ იყავი ადრე, გიჟობებს რომ აკეთებდი (მართლა ერთ-ერთი იყო „ძვალი”, ვინც მაგრად რეპავდა და კარგად გამოსდიოდა), ახლა ვინ არის ეგეთი-მეთქი. და მან შემომთავაზა ახალგაზრდა რეპერი სანდრო სვანიძე ფსევდონიმით Sundro 08. არ ვიცნობდი და ძალიან მომეწონა. თან ძალიან ცოტა დრო გვქონდა და ფორს-მაჟორულ პირობებში მოგვიწია მუშაობა. აი, უცებ დამარტყა თავში, რომ მარტო არ მინდოდა სიმღერა და ვხედავდი მასში რეპს. 3 დღეში კი უკვე კონცერტი უნდა ყოფილიყო. და, აი, ამ წნეხის მიუხედავად, ვფიქრობ, ძალიან მაგრად გაართვა თავი და ძალიან კმაყოფილი ვარ.”

ამ ზაფხულს სტეფანეს ბათუმში კიდევ 2 კონცერტი აქვს დაგეგმილი. მუსიკოსი 25 ივლისს Mono Hall-ის, ხოლო 2 სექტემბერს Soho-ს სცენაზე წარდგება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისს ახალი თეატრალური სივრცე შეემატება

შემდეგი სტატია

The Killers

The Killers-ის კონცერტი, რა მოხდა  Black Sea Arena-ზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლედი გაგა ჟასმინ საფაიანი

ნახეთ ლედი გაგას ახალი კინემატოგრაფიული, ვიდეო-კლიპი Disease

სუპერვარსკვლავმა კლიპის პარალელურად სიმღერა Die With a Smile-ის ცოცხალი ჩანაწერიც გამოაქვეყნა, რომელსაც ბრუნო მარსთან ერთად ასრულებს
მეტი

ზაზა ხუციშვილის სიმღერა ჰოლივუდის ფილმში გაჟღერდება, რომელშიც მთავარ როლს სილვესტერ სტალონე თამაშობს

„უღრუბლო ცას” შესულია ჯგუფ „ვაკის პარკის” 2003 წლის ალბომში „ახალი დღე”.
მეტი

2025 წლის გრემის დაჯილდოების პროგნოზები: საუკეთესო R&B სიმღერა და საუკეთესო R&B შესრულება

გთავაზობთ ამერიკული Billboard-ის სტატიას, რომელშიც ავტორმა განიხილა სამი კატეგორიის - საუკეთესო R&B შესრულების, საუკეთესო R&B სიმღერისა და საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულების პროგნოზები.
მეტი