დოლი პარტონის დამსახურებით პოლ მაკარტნი და რინგო სტარი Billboard-ის ჩარტში The Beatles-ისგან დამოუკიდებლად პირველად მოხვდნენ. პარტონმა მათთან ერთად ჰიტის Let It Be ახალი ვერსია გამოსცა, რომლის კრედიტებშიც მაკარტნისა და სტარის გვარებია მითითებული. Სიმღერა Billboard-ის როკ სიმღერების ონლაინ გაყიდვების ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა , მე-15 ადგილზე – ქანთრის სიმღერების ონლაინ გაყიდვების ჩარტში, 22-ე ადგილზე – ონლან სიმღერების გაყიდვების ჩარტში და მესამე ადგილზე „ცხელი ტრენდული სიმღერების” ჩარტში.
Let It Be-ის ახალი ვერსია შევა დოლი პარტონის ახალ ალბომში Rockstar, რომელიც 17 ნოემბერს გამოვა. 1970 წელს The Beatles-ის ეს ჰიტი Billboard-ის „ცხელ ასეულში” ორი კვირის განმავლობაში ლიდერობდა.
Სიმღერა გამორჩეულია იმით, რომ ეს არის პირველი კომპოზიცია Billboard-ის ჩარტებში, რომლის კრედიტებშიც The Beatles-ის ორი წევრი ჯგუფისგან დამოუკიდებლადაა მითითებული. თუმცა ჯგუფის წევრებს ინდივიდუალურად აქამდეც არაერთ პროექტზე უთანამშრომლიათ. მაგალითად, რინგო სტარი უკრავდა დრამზე ჰარისონის სოლო ალბომისთვის All Things Must Pass, რომელმაც შვიდი კვირა გაატარა Billboard-ის 200 ალბომის ჩარტში. აღსანიშნავია, რომ იმ დროს მუსიკოსები ხშირად ოფიციალური კრედიტების მითითების გარეშე თანამშრომლობდნენ და შემდეგ უკვე ორივე მათგანი აღნიშნავდა ინტერვიუებში, რომ არც კი ახსოვდათ, თუ ვინ რომელ კომპოზიციაში უკრავდა. რინგო Სტარი ასევე მუშაობდა ჰარისონის ბოლო ალბომზე Cloud Nine, რომელშიც ჰიტი Got My Mind Set on You შედის.
Სტარი და მაკარტნი კი წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ ერთმანეთის ალბომებში. Სტარი უკრავდა მაკარტნის Take It Away-ში. მაკარტნი კი სტარს შეუერთდა 2021 წლის სიმღერაში Here’s to the Nights.
Let It Be-ის ახალ ვერსიას კიდევ უფრო ვარსკვლავურს ხდიან Fleetwood Mac-ის მიკ ფლიტვუდი, რომელიც პერკუსიაზე უკრავს და პიტერ ფრემპტონი, რომელიც გიტარის პარტიას ასრულებს.