Sophie Villy-იმ ახალი სიმღერა სახელწოდებით Flow გამოუშვა. სიმღერა Hennessy-ის მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც პროექტში ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენებას ითვალისწინებდა. Sophie Villy-ის პირველი შეხება სვანურ ხალხურ საკრავ ჭუნირთან სწორედ აქედან დაიწყო.
Sophie Villy – მუსიკოსი:
„ზოგადად, არასოდეს მიმიღია მონაწილეობა მუსიკალურ კონკურსებში, გარკვეული შეხედულებების გამო… ეს იყო პირველი შემთხვევა, რომელმაც დამაინტერესა, რადგან Hennessy-ს კონკურსი ითვალისწინებდა ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების საავტორო კომპოზიციაში გამოყენებას, რაც ერთგვარ გამოწვევად მივიღე.
სვანური ჭუნირი, რომელიც არასოდეს მჭერია იქამდე ხელში, ერთ საათში ავითვისე და ფაქტობრივად, ხუმრობა-ხუმრობით, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე ჩავწერე და ავტვირთე მოკლე ნაწყვეტი.
პარალელურად ტექსტზე და კომპოზიციის განვითარებაზე დავიწყე ფიქრი. ჩემი მეგობრის დიმიტრი ლეკვეიშვილის Ditrixa-ს სტუდიაში სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩავწერე, მოვსინჯე. შემდეგ Insight-ის და საოცარი ბენდის Suffron Soul-ის შემქმნელ, არაჩვეულებრივ მუსიკოსის უჩა გუგუნავას სტუდიაში გადავინაცვლე, სადაც უშუალოდ საუნდ დიზაინზე და მიქსინგზე ვიმუშავეთ.
Flow არის ბუნებრივი მდგომარეობა, მუდმივი დინება, შეუჩერებელი პროცესი, რომელიც ადამიანმა საკუთარი თავის, შინაგანი ხმის მოსმენით შეიძლება აღმოაჩინოს, გამოაღვიძოს და მიჰყვეს მას… ეს არის ბუნების საჩუქარი, აკეთო ის რაც გიყვარს და არასოდეს დაიღალო ამით.
„შენ ხარ ბუნება. შენ ხარ ღია კარი.“ – ეს სიტყვები პატი სმიტმა თავის შოუზე წარმოთქვა სცენიდან. მახსოვს, ჟრუანტელმა დამიარა ამ დროს და ეს მომენტი მკვეთრად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში. იმ საღამოს, Flow-ს ტექსტის წერას მივუბრუნდი და მივხვდი, რომ მისამღერში სწორედ ეს სიტყვები, ეს მდგომარეობა უნდა გაჟღერებულიყო. მეორე დღეს პატის შევხვდი და მადლობა გადავუხადე შთაგონებისთვის. დიდებული დღე იყო.
რაც შეეხება პრიზს, რომელიც მერგო, ის მაძლევს საშუალებას დავასრულო ჩემი მეოთხე ალბომი CLARITY, რომლის ჩაწერაც სამი წლის წინ დავიწყე. შევა თუ არა Flow ამ ალბომში, ჯერ არ ვიცი.“
მოისმინეთ და ისიამოვნეთ Sophie Villy-ს ახალი სიმღერით – Flow