MokuMoku-მ ახალი სიმღერა სახელწოდებით Say what you Say გამოსცა. 90-იანი წლების განწყობით შექმნილი ტრეკი ბენდმა მუსიკალურ პლატფორმებზე 24 იანვარს გამოაქვეყნა.
როგორც ბენდის წევრი, ჯეი ჯაფარიძე Billboard საქართველოს უყვება, სიმღერა ორ განსხვავებულ თემატიკას მოიცავს და საერთო ჯამში ნოსტალგიურ-სენტიმენტურ ხასიათს ატარებს.
ჯეი ჯაფარიძე – MokuMoku-ს წევრი: „როცა წინა ალბომი OFFTHERECORD გამოვუშვით, ალბომის ლაივებიც გვქონდა. წინა წლის 2 მარტს, ოფიციალური ლაივი იყო, შემდეგ რამდენჯერმე გვქონდა ივენთები, ამის მერე კი, სამუშაო პაუზა ავიღეთ. დეკემბრისკენ მე და ტატომ დავიწყეთ მუშაობა. ვისხედით, ძველ ამბებს ვიხსენებდით, როგორ დავაარსეთ 2014 წელს MokuMoku. თავიდან ორნი ვიყავით, ინსტრუმენტალსაც ჩვენ ვწერდით. მერე, ცოტნე შემოგვემატა, სანდროც დაგვემატა, ბაჩო, ნაზი და მიშოც შემოგვემატნენ. ვიხსენებდით იმ სამუშაო ატმოსფეროს, რაც მაშინ იყო, როცა მე და ტატო ვმუშაობდით. თითქოს სენტიმენტები შემოგვაწვა და დავიწყეთ ამ თემის გარშემო მუსირება.
გარკვეული პერიოდის მერე, ტატოს იდეა გაუჩნდა. მეც მქონდა რაღაც ჩანახატი გაკეთებული, სემპლები, ახალი იდეები თავში, რაღაცნაირად დავალაგეთ ეს ყველაფერი, ცოტნესაც მოვასმენინეთ და თავადაც გამოთქვა სურვილი, გიტარაზე დაუკრა. ცოტნემაც იმღერა ამ ტრეკში. თვითონ ტრეკი ისეა აწყობილი, შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს ორ ნაწილიანია. თავიდანვე ესე გვქონდა ჩაფიქრებული: პირველი ნაწილი განსხვავებულია მეორე ნაწილისგან. ვფიქრობდით, ნაწილი 1 და ნაწილი 2 გაგვეკეთებინა. თანდათან პროცესში სანდრო შემოგვემატა, ისიც ძალიან დაინტერესდა, ჩაუჯდა და ბასის პარტია დაუკრა. ისე ჩაერთო მუშაობაში, რომ პირველივე ჯერზე, ზუსტად ის პარტია დაუკრა, რაც ახლა არის ტრეკში გამოყენებული.
გამოვიდა, რომ გაუთვითცნობიერებლად აღმოვჩნდით იმ ატმოსფეროში, იმ ოთახში და ძველ დროში, სადაც მე და ტატო ვმუშაობდით. შევეცადეთ ისეთი პერიოდის მუსიკა გაგვეკეთებინა, რასაც 90-იანების „მუღამი“ ექნებოდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ ტრეკის ნაწილები სხვადასხვა სივრცეშია ჩაწერილი. იმ მომენტში, სადაც ვიყავით, იქ მოგვქონდა აპარატურა და ვწერდით. ერთი ნაწილი მანსარდაზეა ჩაწერილი, მეორე უშუალოდ ჩვენ სტუდიაში, ერთი სანდროსთან ოფისის ოთახში. საბოლოო ჯამში ბევრი სივრცეა გამოყენებული. ამ სირბილმა კარგი გაგებით ალიაქოთი შექმნა. საბოლოო ჯამში კი, ზუსტად ამ გრიგალმა დალაგებული პროდუქტი მოგვცა.“
ახალი სიმღერის Say what you Say-ის მიქსინგზე და მასტერინგზე დავით ბაკურაძემ იმუშავა.
„ჩანახატი რომ შეიქმნა სტუდიაში ჩვენ მეგობართან, დავით ბაკურაძესთან ავედით, რომელიც ასევე ჩვენი საუნდ დიზაინერია. მოსმენისას იმდენად აქტიური იყო ეს ტრეკი, რომ ძალიან დიდი მუშაობაც აღარ დაგვჭირდა, თუმცა საბოლოო პროდუქციამდე რა თქმა უნდა ტრეკს დამუშავება სჭირდება, საერთო ჯამში კი, კმაყოფილები ვიყავით.“
Say what you Say-ის ქავერ ფოტოს, ე.წ არტვორქს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. ფოტოს ავტორი ჯეი ჯაფარიძეა, დიზაინზე კი ცოტნე გოგიტიძემ და ჯეი ჯაფარიძემ ერთობლივად იმუშავეს.
„პირველად ქვეყნიდან საზღვარგარეთ კონცერტებზე ბრისტოლში გავედით, რაც ჩვენთვის ახლაც ჩვენი მუსიკის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია. შანსი არ არის, რაღაც ელემენტი არ იყოს ბრისტოლის ჟანრიდან, შეიძლება სულ სხვა სტილი გვქონდეს, მაგრამ რაღაც პატარა ელემენტი მაინც არის ბრისტოლიდან, ინგლისიდან და როცა პირველი გასვლა გვქონდა ქვეყნის გარეთ, თანაც ბრისტოლში და შემდეგ ლონდონში ამ ამბებს ვიხსენებდით. ფოტოებს ვათვალიერებდით და გაგვახსენდა ერთი ისტორია. სეირნობისას ბრისტოლში ერთი ადამიანი შეგვხვდა, რომელიც გამოგვეცნაურა, ვისაუბრეთ, მერე დავიშალეთ, ავტობუსში ჩავსხედით და სადღაც ათი წუთის ინტერვალში, ზუსტად ეს ადამიანი, რომელიც ათი წუთის წინ გვესაუბრებოდა დაიჭირეს. კიდევ კარგი იმ მომენტში კამერა მქონდა და ეს კადრი გადავიღე, სწორედ ეს კადრია ამ ტრეკის ქავერ ფოტო. ერთგვარად იმ პერიოდის ნოსტალგიური ნიუანსია. ამ ტრეკს Say what you Say ჰქვია. როდესაც ამ ტრეკს ვწერდით და საერთოდ არ იყო ასოცირებული იმ მომენტში ამ ფოტოსთან, თუმცა რაღაც ხიდი გაება ამ ორ ამბავს შორის და ძალიან ლოგიკური ბმა აღმოჩნდა. მე და ცოტნემ ვიმუშავეთ ქავერზე და საბოლოო ჯამში გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.“
ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ბენდი MokuMoku 2014 ჩამოყალიბდა, რომელიც ჟანრობრივად სხვადასხვა ელემენტებს აერთიანებს. ბენდის შემადგენლობაში კი ტატო რუსია, ჯეი ჯაფარიძე, ცოტნე გოგიტიძე, მიშო ელიავა, სანდრო მაისურაძე, ალექსანდრე ხოხიაშვილი, ნაზი ჭავჭავაძე და თორნიკე აბულაძე არიან.
მოისმინეთ MokuMoku-ს ახალი სიმღერა Say what you Say: