Pearl Jam დაბრუნდა. 19 აპრილს ბენდის ახალი ალბომი, Dark Matter გამოვა. როგორც ჯგუფის ვოკალისტი ედი ვედერი აღნიშნავს, ეს ჯგუფის საუკეთესო ნამუშევარია. ახლახან კი პირველი სინგლიც გავრცელდა, რომელსაც დაანონსებული ალბომის სახელწოდება აქვს.
Dark Matter ბენდის მეთორმეტე სტუდიური ალბომია. ბოლო LP, სახელწოდებით Gigaton, მუსიკალურმა კოლექტივმა 2020 წელს გამოსცა. გამოსვლის შემდეგ ნამუშევარმა Billboard 200-ის ჩარტში მე-5 ადგილი დაიკავა. ერთგული მსმენელების ნაწილმა Gigaton ბენდის ყველაზე ექსპერიმენტულ ნამუშევრად შეაფასა.
რაც შეეხება დაანონსებულ ალბომს, ედი ვედერმა, ბენდის წამყვანმა გიტარისტმა მაიკ მაკკრიდიმ და ბასისტმა ჯეფ ამენტმა ჩანაწერი დახურულ საღამოზე წარადგინეს. ალბომის მოსმენის ღონისძიება იანვარში ჰოლივუდში გაიმართა. საღამოს ბენდის წევრების ოჯახები, მეგობრები და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“მოდით, ეს კიდევ ვცადოთ”- მიმართა ვედერმა ალბომის მოსმენის საღამოზე დამსწრე აუდიტორიას. “ვფიქრობ, ეს ჩვენი საუკეთესო ნამუშევარია” – განაცხადა მუსიკოსმა სცენიდან.
ალბომის პროდიუსერი ენდრიუ უატია. Dark Matter კალიფორნიაში, მალიბუში ჩაიწერა. როგორც ბენდის ბასისტმა ჯეფ ამენტმა ალბომის დახურულ წარდგენაზე განაცხადა, Dark Matter ერთი წლის წინ ჩაიწერა.
ბენდის კიდევ ერთი სიახლე ტურნეა, რომელიც 35 კონცერტს მოიცავს. ის 4 მაისს კანადის ქალაქ ვანკუვერში დაიწყება.
Pearl Jam წლების განმავლობაში მუსიკალურ ჩარტებში ლიდერ პოზიციებს იკავებდა. ჯგუფი Billboard 200-ის ჩარტის პირველ ადგილზე ხუთჯერ გავიდა, პირველ ათეულში კი 12-ჯერ მოხვდა.