მსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ბარბრა სტრეიზანდს საპატიო ჯილდო გადაეცა

მსახიობის თქმით, 13 წლის ასაკში ეკრანზე მარლონ ბრანდო იხილა, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ფოტო: რობერტ გოტიე/Los Angeles Times

24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, მსახიობთა გილდიის დაჯილდოება (SAG Awards) გაიმართა. ცერემონიაზე ბარბრა სტრეიზანდს საპატიო ჯილდო, ე.წ. Life Achievement Award გადაეცა. სიტყვით გამოსვლისას, სტრეიზანდმა კინოსადმი 70-წლიან სიყვარულზე ისაუბრა. 

წლევანდელ ცერემონიაზე დაჯილდოების რიგით 30 წლის იუბილე აღინიშნებოდა. ცერემონიის წამყვანმა ჯენიფერ ენისტონმა აუდიტორიას შეახსენა, რომ ბარბრა სტრეიზანდმა თავისი პირველი მნიშვნელოვანი კონცერტი 1963 წელს გამართა. სტრეიზანდისათვის განკუთვნილი ჯილდო, ენისტონთან ერთად, ბრედლი კუპერმაც წარადგინა. 

„მახსოვს, თინეიჯერობისას მსახიობობაზე როგორ ვოცნებობდი, როცა ბრუკლინში ჩემს საწოლზე ვიჯექი ყავით, ნაყინით და კინოს შესახებ ჟურნალს ვკითხულობდი,”- თქვა მსახიობმა და მომღერალმა. Მისი თქმით, სკოლის შემდეგ, ხანდახან კინოთეატრში მიდიოდა, სადაც შავ-თეთრ ფილმებს აჩვენებდნენ. 

„ერთ კვირას Loew-ის კინოთეატრში წავედი და 25 ცენტად ბილეთი ვიყიდე,”- მიმართა სტრეიზანდმა აუდიტორიას. „ეკრანზე ყველაფერი საოცრად ლამაზი იყო – ფერები, დეკორაციები. Ეს ყველაფერი ჩემი სახლისგან სრულიად განსხვავდებოდა. შემდეგ მე დავინახე ყველაზე ლამაზი მსახიობი, მარლონ ბრანდო. ის ჩემი პირველი გატაცება იყო. ის ისეთი ნამდვილი იყო, ისეთი დამაჯერებელი, რომ მინდოდა, სწორედ მე ვყოფილიყავი ის ადამიანი, ვინც შეუყვარდებოდა და არა ჯინ სიმონსი. ეს [კინო] სამყარო იმაზე სასიამოვნო იყო, ვიდრე ნებისმიერი რამ, რასთან შეხებაც იქამდე მქონდა.”

როგორც ბარბრა სტრეიზანდმა განმარტა, მას ფილმებში მონაწილეობა უნდოდა, თუმცა აცნობიერებდა, რომ ეკრანზე ნანახ ქალებს არ ჰგავდა. ვარსკვლავის თქმით, დედა სხვა  პროფესიის არჩევისაკენ მოუწოდებდა, თუმცა მან არავის მოუსმინა და თავის ოცნებებს მიჰყვა. „მადლობა ღმერთს, ყველაფერი ამიხდა”.

ვარსკვლავმა ასევე ახსენა ფილმ „სასაცილო გოგონას“ რეჟისორი და ოპერატორი – უილიამ უაილერი და ჰარი სტრედლინგი.  სტრეიზანდის თქმით, ისინი საკმარისად თავისუფლები იყვნენ საიმისოდ, რომ 25 წლის ახალბედა მსახიობი შემოქმედებით გუნდში მიეღოთ. 

ბარბრა სტრეიზანდმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იქცა მისთვის განათლების მიღების გზად როლებზე მუშაობა. „მე არასდროს მივლია კოლეჯში. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სამსახიობო შემოქმედება და ფილმებში მონაწილეობა მიღებული განათლება იყო. ვცდილობდი ჩავწვდომოდი პერსონაჟის ბუნებას, კვლევა ჩამეტარებინა, კონკრეტულ პერიოდში საკუთარი თავი წარმომედგინა. ეს მთლიანი პროცესი აღმაფრთოვანებდა,”-თქვა მსახიობმა. 

ბარბრა სტრეიზანდის თქმით, მომღერალი იმიტომ გახდა, რომ თავდაპირველად მსახიობად ვერ დასაქმდა. ვარსკვლავმა გაამხილა, რომ მიუხედავად მომღერლის ამპლუაში მიღწეული  დიდი წარმატებისა, მის პირველ სიყვარულად მაინც მსახიობობა რჩება. 

სიტყვის ბოლოს სტრეიზანდმა მსახიობთა გილდიის დაჯილდოებას (SAG Awards) მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მიღებული ჯილდო მისთვის დიდი პატივია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ყველაფერი, რაც ტეილორ სვიფტის დაანონსებული ალბომის შესახებ არის ცნობილი

შემდეგი სტატია

თამადა მსოფლიოში ცნობილ Colors Show-ში გამოჩნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი