ლელა შარაბიძისთვის სოხუმი კლასიკურ მუსიკასთან ასოცირდება

„ჩემი მთავარი როლი ღმერთმა ჩემი ქალიშვილის სახით მომივლინა“
ლელა შარაბიძე
ლელა შარაბიძე

ბავშვობაში კარგად მღეროდა, გუნდის სოლისტი იყო და ეს გამოცდილება შემდეგ წლებში ძალიან წაადგა. ახლაც, თუკი უწევს, სპექტაკლში სიმღერას სიამოვნებით ასრულებს. დღეს სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მსმენელია, მთავარია მელოდია მოეწონოს, მასთან ახლოს მივიდეს. თუმცა, ამბობს, რომ მუსიკას იმავე დოზითა და სიხშირით ვეღარ უსმენს, როგორც ახალგაზრდობაში. უწინ მთელი დღის განმავლობაში შეიძლებoდა „პინკ ფლოიდის“ „კედელისთვის“ ესმინა. ერთი სიმღერა რომ დამთავრდებოდა, უკვე იცოდა, რა იყო მომდევნო მუსიკალური ეპიზოდი. დიდი ინტერესით იყო განწყობილი ენდრიუ ლოიდ ვებერის როკ-ოპერის, „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის“ მიმართაც და ამ მიუზიკლისადმი სიყვარული დღემდე მოჰყვება. „მერე უკვე „წამოვიდა“ შადე… და ეს მუსიკოსი იმდენად ჩემია, ასე მგონია, მე ვარ შადე“ – ამბობს და ამ პარალელის გავლების შემდეგ, სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობის ლელა შარაბიძის ბიოგრაფიის მთავარ შტრიხებს ვავლებ თვალს:

ლელა შარაბიძე

– რაც თავი მახსოვს, სულ მსახიობობა მინდოდა… ამიტომ, ოჯახში ჩემი არჩევანი არავის გაჰკვირვებია. დედაჩემს უცნაური „რიტუალი“ ჰქონდა – გამოცდაზე წასვლის წინ მეუბნებოდა: „წადი, მაინც ჩაიჭრები და“… შემდეგ ამაზე გულიანად ვიცინოდით და სტრესიც მეხსნებოდა. ისე მოხდა, რომ, არა თუ არ ჩავიჭერი, თეატრალური წითელ დიპლომზე დავამთავრე. 1980 – 84 წლები საუკეთესო იყო, ყველა საგანში არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა. ჩემს დროს რექტორი ეთერ გუგუშვილი გახლდათ. ოჯახიც სტუდენტობის პერიოდში შევქმენი. მე და კახა შარაბიძე სრულიად პატარები, 19 – 20 წლის, III კურსზე ვსწავლობდით, ხელი რომ მოვაწერეთ. გამორჩეული წყვილი ვიყავით, რადგან კახას ყველა იცნობდა. მთელი ცხოვრება დედოფალივით ვყავდი. ვერ იტანდა საოჯახო საქმეებს რომ ვაკეთებდი, ამიტომ ვცდილობდი საამისოდ დრო მაშინ გამომეყო, როცა მას ეძინა. კახამ 4 წლის წინ დაგვტოვა. კოვიდი რომ არა, წელს, 2 აპრილს, ჩვენი ქორწინებიდან 41 წელი შესრულდებოდა… 

ლელა შარაბიძე

– სოხუმის თეატრში თეატრალურის დამთავრებისთანავე, ბატონი გოგი ქავთარაძის მოწვევით მოვხვდი. არ დამავიწყდება პატარძალივით მორთული ულამაზესი სოხუმი… ეს ქალაქი ჩემთვის დღემდე ასოცირდება კლასიკურ მუსიკასთან, ძალიან პომპეზურ, საზეიმო მელოდიასთან, რომელსაც მხოლოდ მასშტაბურ ცერემონიებზე უკრავენ… მაშინ სოხუმი პირველად ვნახე, რადგან მთელი ბავშვობა ბათუმში ვისვენებდი. აფხაზეთის სახით ჩვენ ულამაზესი მხარე დავკარგეთ… არ დამავიწყდება პირველი დღე; მე და კახამ ჩემოდნები დავყარეთ და სანაპიროსკენ გავქანდით. ამას ენით ვერ აღწერ, ეს უნდა შეიგრძნო: ჰაერში ყავის, ჟასმინების, მიმოზებისა და ციტრუსების სურნელი ტრიალებდა; შენს თავზე უამრავი თეთრი თოლია დაფრინავს, ზღვა კი მზის სხივების ანარეკლით ისე ბზინავს, თვალს ვერ უსწორებ. იქვეა პალმები, თავისი ნაყოფით. სოხუმში სრულიად განსხვავებული აღნაგობის პალმები იდგა. იმ დღეს იმდენი ვიარეთ, რომ დავიკარგეთ. მოსაღამოვდა და არცერთს არ გვახსოვდა, სად ვიქირავეთ ბინა. კიდევ კარგი, ჩვენი თეატრის მსახიობი, ზეიკო დვალიშვილი შეგვხვდა და, რომ ვუთხარით, დავიკარგეთ-თქო, ერთად ბევრი ვიცინეთ. ახლა რომ ვფიქრობ, მართლა ძალიან პატარები ვიყავით…

– მალევე დავფეხმძიმდი და ჩემი სამსახიობო კარიერა დროებით გვერდზე გადავდე. ეს „დროებით“ კი ძალიან დიდხანს გაიწელა. რადგან სოხუმში არავინ მყავდა, ვინც ბავშვის მოვლაში მომეხმარებოდა, მთელი 4 წელი ე.წ. „დეკრეტულში“ ვიყავი. ეს სწორედ ის წლები იყო, ცნობილი „ოქროს ხანა“, როცა სოხუმის თეატრში ერთმანეთზე უკეთესი სპექტაკლები იდგმებოდა. მე კი ამ ყველაფერს დარბაზიდან, როგორც მაყურებელი, ისე ვადევნებდი თვალს. ჩემი მთავარი როლი ღმერთმა ჩემი ქალიშვილის, მაკას სახით მომივლინა და არც ვნანობ – დედობაზე დიდი როლი სამყაროში არ არსებობს. მყავს შვილიშვილი – ალექსანდრე სამხარაძე, დღესდღეობით ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. მასთან ვმეგობრობ და ერთმანეთის მიმართ დიდი და უანგარო სიყვარული გვაქვს. 

ლელა შარაბიძე

– 1985 წლიდან დღემდე ბევრ ცნობილ და საინტერესო რეჟისორთან მიმუშავია და ყველას მადლობელი ვარ. ესენი არიან: გოგი ქავთარაძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე, თემურ ჩხეიძე, ნუგზარ ლორთქიფანიძე, დათო საყვარელიძე, დათო მღებრიშვილი, გოჩა კაპანაძე, ბოლოს ამერიკელ რეჟისორ ჯეისონ ჰეილთან მომიწია მუშაობა… ნათამაშები როლებიდან გამოვყოფდი: ლუჩიას – სპექტაკლიდან „მილიონრები“, პელაგიას – „დარისპანის გასაჭირიდან“, პრიმადონას – „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟიდან“, კაროლინას – „მთვარის მოტაცებიდან“ და მისის ჰოლის როლს სპექტაკლიდან „უეცრად, გასულ ზაფხულს“. 

– 2017 წელს მეთოჯინეობამ გამიტაცა, ოთხიოდე წლის წინ კი – ხატვამ. როდესაც თეატრში დატვირთული არ ვარ, მაშინ ვძერწავ ან ვხატავ. უკვე ორი პერსონალური გამოფენა მქონდა და უამრავი ჯგუფური ექსპოზიციის მონაწილე ვარ. კლასიკური მუსიკა ძალიან მიყვარს, შოპენი და მოცარტი ჩემთვის უპირველესი კომპოზიტორები არიან, შოპენის ნაწარმოებებს ძილის წინ ვრთავ და ასე ვიძინებ, მაგრამ რაოდენ საოცარი და გასაკვირიც არ უნდა იყოს, როცა ვხატავ ან ვძერწავ,არათუ მუსიკა, ელემენტარული ხმაც კი გონებას მიფანტავს. ყველაფრის კეთება სიჩუმეში მიყვარს…

ლოკაცია: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მის: დ. უზნაძის ქ. N68.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტიმოთი შალამე Dune-ის მეორე ნაწილის პრემიერაზე, 2024 წლის 25 თებერვალი, ნიუ იორკი.

ტიმოთი შალამე ბობ დილანის როლში, ფოტოები ფილმ A Complete Unknown-ის გადასაღები მოედნიდან

შემდეგი სტატია

INXS მუსიკალური კლიპის Never Tear Us Apart-ის გამოსვლიდან 35 წლის იუბილეს აღნიშნავს

INXS-ის ცნობილი სიმღერის, Never Tear Us Apart -ის, უცნობი კადრები – ექსკლუზიური პრემიერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა „ახალ თეატრში” 2022 წელს შედგა და უკვე ორი წელია, სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მეტი
ვიკა კალანდია - მსახიობი ფოტო: გიო მაჭავარიანი

კადრში და კადრს მიღმა მსახიობ ვიკა კალანდიას შემოქმედებითი გზა

“ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი, არც მიფიქრია სხვა პროფესიაზე, ცხოვრების განმავლობაში ბევრ სხვადასხვა სფეროში მომიწია მუშაობა, თუმცა მე მსახიობი ვარ და სხვა არაფერი მინდა.”
მეტი
სანათა ძაძამია - (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

სოხუმის დაცემიდან 48 საათით ადრე – მსახიობის მოგონება აფხაზეთის ომზე

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. უფროს ძმას თავისი 15 წლის და ბაბუშერის აეროპორტში მიჰყავს, რათა ინტენსიურ დაბომბვასა და…
მეტი