Ma Tsa De – ანუკა ყიფშიძის სადებიუტო ალბომი

სინგლები 2000-იანი წლების ვიდეო თამაშების თემატური ტრეკების ჟღერადობით ხასიათდება და საუნდტრეკებს ემსგავსება.
ანუკა ყიფშიძე. ფოტო: ნიკა ერგემლიძე

ქართველმა მუსიკოსმა ანუკა ყიფშიძემ სადებიუტო ალბომი გამოსცა, რომლის სახელწოდებაა Ma Tsa De. ამ დრომდე ანუკას მსმენელი ბას-გიტარისტის ამპლუაში იცნობდა, რადგან 2022 წლიდან ის ჯგუფ „კოლექტივის“ ერთ-ერთი წევრია. სწორედ ამის გათვალისწინებით, Ma Tsa De ის ნამუშევარია, რომლითაც არტისტმა თავისი თავი ქართულ მუსიკალურ სცენაზე წარადგინა, როგორც მუსიკის ავტორი.

ანუკა ყიფშიძე:

„მუსიკასთან ადრეული ასაკიდანვე გადავიკვეთე. მშობლები მუსიკოსები არიან, რამაც სხვადასხვა ჟანრთან დამაახლოვა. ამას თან სდევდა მუსიკალური განათლებაც. არაერთი ინსტრუმენტით დავინტერესდი და საბოლოოდ ბასზე დაკვრა დამოუკიდებლად ვისწავლე. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ მუსიკას ჩემთვის ვწერდი, აუდიტორიისათვის ის არ გამიზიარებია. გარდამტეხი მომენტი შარშანდელი Tbilisi Open Air იყო, როცა მე და ანამარია ბურდულმა ჩვენი კოლაბორაციული ტრეკები წარვადგინეთ. ამ ლაივს მსმენელებისგან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. მეგობრებმა მითხრეს, რომ ნამუშევრებში ჩემი ხელწერა იგრძნობოდა. ამან ერთგვარად სტიმული მომცა, რომ ჩემს კომპოზიციებზე უფრო აქტიურად მემუშავა და დამოუკიდებელი პროექტი გამეკეთებინა.”

ანუკა ყიფშიძე საუნდ დიზაინერია და მისი პროფესია ვიზუალური ნამუშევრებისათვის ხმოვანი ეფექტების შექმნას გულისხმობს. ამ დროის განმავლობაში არაერთხელ იყო შემთხვევა, როცა სხვადასხვა ვიდეოსათვის მან პატარა კომპოზიციები შექმნა. დროსთან ერთად საუნდტრეკებზე მუშაობა მის მთავარ ინტერესად იქცა და ეს ინტერესი Ma Tsa De-შიც გამოიხატა. Ma Tsa De აერთიანებს რვა ტრეკს, რომლებიც საინტერესო კონცეფციის ირგვლივ ერთიანდება. სინგლები 2000-იანი წლების ვიდეო თამაშების თემატური ტრეკების ჟღერადობით ხასიათდება და ერთგვარად სახასიათო საუნდტრეკებს ემსგავსება. ტრეკების დინამიკა ხშირად რადიკალურად იცვლება, რითაც თითოეული სინგლი თავის ამბავს ჰყვება. ერთი მოსმენით ეს ალბომი შესაძლოა ქაოტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ქაოსს თავისი დრამატურგია აქვს, რაც საერთო ხელწერით ერთ მთლიან შეკრულ ნამუშევრად იქცევა. სწორედ ეს აქცევს მას საუნდტრეკის მიმართულების ალბომად.

ანუკა ყიფშიძე:

„ყოველთვის მომწონდა 2000-იანი წლების ვიდეო თამაშების ჟღერადობები, ეს ესთეტიკა გამოვიყენე და მათ საუნდტრეკებს დაემსგავსა, თუმცა ეს თავისთავად მოხდა – კონცეფციის წინასწარი განსაზღვრის გარეშე. ალბომზე მუშაობა ზაფხულში დავიწყე. პირველი სინგლი ივლისში გამოვუშვი. შემდეგ გადავწყვიტე, რომ EP გამეკეთებინა, თუმცა თანდათან ტრეკები დაემატა და საბოლოოდ Ma Tsa De რვა კომპოზიციას აერთიანებს. სამუშაო პროცესი საინტერესო და სახალისო იყო. ძალიან გავერთე სახელების დარქმევით და ხშირად სწორედ ამ სახელწოდებებმა განსაზღვრა ტრეკების მუსიკალური ხასიათიც. საინტერესოა ისიც, რომ თითოეულ სახელწოდებას ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ნამუშევრით თითქოს ამბის თხრობა მუსიკალურ სტრუქტურასთან გავაერთიანე.”

ანუკა ყიფშიძე. ფოტო: ნიკა ერგემლიძე

Ma Tsa De-ს ჟანრობრივად განსაზღვრა რთულია, თუმცა ყველაზე მეტად ის ალბათ ექსპერიმენტული ალბომის სახეს ატარებს, რომელშიც ალტერნატიული და ელექტრონული ჟღერადობები დომინირებს. Ma Tsa De სრულად ანუკა ყიფშიძის საავტორო ნამუშევარია – მასვე ეკუთვნის ფროდაქშენი, მასტერინგი და მიქსინგი. ალბომის რამდენიმე ტრეკი ვოკალურ ნაწილსაც მოიცავს, რაც არტისტის შემოქმედებაში საინტერესო სიახლეა, რადგან ამ დრომდე ის ვოკალური შესრულებით სცენაზე არ გამოსულა.

ანუკა ყიფშიძე:

„როდესაც ვმუშაობდი, მინდოდა ერთგვარი პორტფოლიოსავით ყოფილიყო. დიდი სურვილი მაქვს ვიდეო თამაშების საუნდტრეკებზე ვიმუშაო, ამიტომ ვაპირებ, ალბომი საერთაშორისო კომპანიებს გავუგზავნო,” – ამბობს ანუკა.

Ma Tsa De. ილუსტრაცია: ტატა ზაქარაია

გარდა მუსიკალური ნაწილისა, საინტერესოა ალბომის ვიზუალური მხარეც, უფრო კონკრეტულად კი მისი გარეკანი. ავტორი ილუსტრატორი და დიზაინერი ტატა ზაქარიაა, რომელიც ბერლინში ცხოვრობს. ილუსტრირებულ გარეკანზე თავად არტისტის პერსონაჟია გამოსახული, რომლის ირგვლივ სხვადასხვა ნივთს ვხედავთ. როგორც ანუკა ყიფშიძე Billboard Georgia-სთან საუბრისას ამბობს, ამ ნივთებს რეალურად ფლობს და თითოეულ მათგანს მის ცხოვრებაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ასევე ვიზუალურ ნამუშევართან ერთად არის წარმოდგენილი ალბომში შესული ერთ-ერთი ტრეკი, სახელწოდებით Sun Tkva. ანიმაციურ მუსიკალურ ვიდეოზე მარიამ თოფურიძემ და ქეთევან მესხიშვილმა იმუშავეს.

ანუკა ყიფშიძე:

„ამ ვიდეოს მთავარი გმირიც მე ვარ. ანიმაციაში ჩემი საყვარელი ფერებია გამოყენებული და გარემოც ტექსტის შესაბამისია. მარიამი და ქეთევანი ჩემი მეგობრები არიან. ამ ფერებისა და კომპოზიციების გამოყენება მარიამის იდეა იყო, რამაც ჩემი ხასიათი და ტრეკის შინაარსი კარგად გადმოსცა.”

ალბომი ყველა მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. ციფრულად მოსმენასთან ერთად, მსმენელს საშუალება ექნება, ანუკა ყიფშიძის სადებიუტო საავტორო LP-ის პრეზენტაციის ფარგლებშიც გაეცნოს, რომელიც 26 აპრილს, Mutant Radio-ს სივრცეში გაიმართება.

უახლოეს მომავალში ანუკა ყიფშიძე ანამარია ბურდულთან ერთად ორ კოლაბორაციულ ტრეკს გამოუშვებს. როგორც ანუკა ამბობს, საავტორო მუსიკაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს და EP-ის გამოცემასაც გეგმავს. ამგვარად, Ma Tsa De არტისტის მუსიკალურ შემოქმედებაში ახლი ეტაპის დასაწყისად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ანუკა ყიფშიძე. ფოტო: ნიკა ერგემლიძე

ანუკა ყიფშიძე:

„ეს ალბომი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შემოქმედებითად, არამედ ემოციურადაც. მასზე მუშაობისას ისე დაემთხვა, რომ ბევრი რამ ხდებოდა და ჩემი განწყობაც ხშირად იცვლებოდა, რასაც მუსიკის ხასიათიც მიჰყვებოდა. Ma Tsa De ჩემი პიროვნების გამოხატულებაა – ჩემს ქაოტურობას ასახავს. მგონია, რომ ეს ალბომი მე მგავს. წლების განმავლობაში მინდოდა, საკუთარი ნამუშევრები ჩამეწერა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი. ყოველთვის მსურდა, მსმენელს გავეცანი, როგორც არამხოლოდ ბასისტი, არამედ მუსიკის ავტორი. Ma Tsa De ის ნამუშევარია, რომლითაც საკუთარ თავს გულწრფელად გამოვხატავ და სხვასაც ვუზიარებ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გაიცანით ახალგაზრდა ავტორ-შემსრულებელი ნინუცა ბაგრატიშვილი

შემდეგი სტატია

დუა ლიპა - ფოტო: ტაირონ ლებონი

დუა ლიპა ახალ სინგლსა და მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი