ანდრეა ბოჩელი თავისი ტკბილი ხმით თაყვანისმცემლებს უკვე მესამე ათწლეულია ანებივრებს და ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 65 წლის ტენორი იტალიაში, მშობლიურ ქალაქ ლაიატიკოში, სამდღიან კონცერტს გამართავს.
ღონისძიება 15, 17 და 19 ივლისს გაიმართება თეატრში სახელწოდებით Teatro del Silenzio. კონცერტში ბოჩელის სუპერვარსკვლავი მეგობრები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის არიან: ედ შირანი, შენაია ტვეინი, ჯონ ბატისტი, რასელ ქროუ, სოფია ვერგარა, დევიდ ფოსტერი, კრისტიან ნოდალი, სოფია კარსონი, ლაურა პაუზინი, ტიზიანო ფერო, ძუკერო, ჯორჯია, მატეო ბოჩელი და ვირჯინია ბოჩელი, ასევე კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები პლასიდო დომინგო, ხოსე კარერასი, ლანგ ლანგი, აიდა გარიფულინა, ბრინ ტერფელი, ნადინ სიერა და სხვა.
„ბავშვობაში ჩემს მომავალზე სწორედ ამ ბორცვებზე, ჯადოსნურ სიჩუმეში ვოცნებობდი და ცხოვრებამ ეს ოცნება ამიხდინა. დღეს, 30 წლის შემდეგ, ჩემი მუსიკალური კარიერა და ცხოვრება სწორედ აქ წარმომიდგენია, სწორედ აქ, ამ სილამაზეში, Teatro del Silenzio-ში მინდა აღვნიშნო ეს თარიღი, სადაც საოცარი ხელოვანებითა და მეგობრებით ვიქნები გარშემორტყმული. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაუვიწყარი კონცერტით ჩემი ბავშვობის ოცნებების ასრულებას უწყობს ხელს.“ – თქვა ანდრეა ბოჩელმა პრესასთან განცხადებაში.
გარდა ამისა Mercury სტუდია, Maverick და კომპანიები Impact Productions და CITYSOUND&Events ანდრეა ბოჩელის მუსიკალური კარიერის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკონცერტო ფილმზე მუშაობენ, რომლის რეჟისორიც სიმ რენჩი იქნება. „შეუძლებელია ამაზე უფრო კინემატოგრაფიული ფილმი გადაიღო. აქ ანდრეა ბოჩელი ტოსკანური ლანდშაფტის ფონზე იქნება წარმოჩენილი. უბედნიერესი ვარ, რომ ამ უნიკალური კონცერტის ფილმად გარდაქმნის შესაძლებლობა მომეცა, სადაც ანდრეა ბოჩელის უნიკალური ხმა, მსოფლიო დონის ვარსკვლავები და სპეციალურად მოწვეული სტუმრებიც იქნებიან.“ – თქვა ფილმის რეჟისორმა სიმ რენჩმა.
იტალიელი ტენორისა და მულტი-ინსტრუმენტალისტის, ანდრეა ბოჩელის საიუბილეო კონცერტის ბილეთების შეძენა მუსიკოსის ოფიციალურ ვებ- გვერდზეა შესაძლებელი.