სოხუმის დაცემიდან 48 საათით ადრე – მსახიობის მოგონება აფხაზეთის ომზე

სანათა ძაძამია - (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)
სანათა ძაძამია – (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. უფროს ძმას თავისი 15 წლის და ბაბუშერის აეროპორტში მიჰყავს, რათა ინტენსიურ დაბომბვასა და ცეცხლის ალში გახვეულ ქალაქს გაარიდოს. ადგილი ნებისმიერ იმ თვითმფრინავში უნდა გამოიძებნოს, რომელიც თბილისისკენ გაფრინდება. ტერიტორიაზე სრული პანიკა და ქაოსია. ერთად ირევიან: ბავშვები, ქალები, მოხუცები, მებრძოლები, დაჭრილები.

ძმამ და რამდენჯერმე დატოვა, რომ თანამებრძოლებს დაჭრილების თვითმფრინავში აყვანაში ან ტყვია-წამლით მომარაგებაში დახმარებოდა. ისიც მორჩილად იდგა და ელოდა, როდის „მოუწევდა რიგი“. სამი თვითმფრინავი ისე შეივსო, ეს ვერ მოხერხდა. ბოლოს ჯარისკაცებმა წესრიგის დასამყარებლად ჰაერში გაისროლეს. ამგვარად შეეცადნენ იმ ხალხის ყურადღების მიპყრობას, ვინც მორიგ თვითმფრინავში ადგილს დაიკავებდა. პარალელურად ზღვიდან და ხმელეთიდან ინტენსიური დაბომბვები არ წყდებოდა და სწორედ მაშინ, ჰაერში აფეთქებენ იმ თვითმფრინავსაც, სადაც გოგონა უნდა ასულიყო… 

სანათა ძაძამია – (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

ის ღამე აეროპორტთან ახლოს, ბუნკერში გაატარა. მეორე დღეს თავშესაფრიდან დედულეთში, სოფელ ვარჩეში, ღამით გადავიდნენ, სადაც უფროსი და ინგა და მისი მეუღლე ზურაბ ცერცვაძე თავიანთ შვილებთან ერთად ეგულებოდათ. იქ ოთხივე დედმამიშვილი: ინგა, კახა, ნუკრი და სანათა ერთ ჭერქვეშ შეიკრიბა.

აფხაზეთის დატოვების კიდევ ერთი შანსი გემი იყო. კახას და სანათას პორტამდე მგზავრობა დაჭრილების ავტობუსით მოუწიათ. უკრაინელების გემზე ძმამ და აიყვანა, თავად კი საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად იქვე დარჩა. იმ დღეს, ანუ 25 სექტემბერს, გოგონა ნათესავებისა და ახლობლების გარეშე, სასოწარკვეთილი ხალხით, გვამებით, დაჭრილებით სავსე გემის ბაქნიდან უკანასკნელად უყურებდა ცეცხლში გახვეულ მშობლიურ ქალაქს… 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა…

სანათა ძაძამია (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი):

– ბავშვობიდან თეატრი იმდენად მიყვარდა, რომ მე და ჩემი ოჯახი სოხუმის თეატრის არცერთ პრემიერას არ ვტოვებდით. იქ მარტოც დავდიოდი და ყველა სპექტაკლი ზეპირად ვიცოდი. ჩემი ძმა, კახა ძაძამია, სოხუმის თეატრის მსახიობი იყო და თამამად შემიძლია თქმა, რომ სოხუმის თეატრის სპექტაკლებზე გავიზარდე. იმის დროს თეატრიდან არაერთი მსახიობი იბრძოდა, მათ შორის ჩემი ძმაც სულ წინა ხაზზე იყო. სამწუხაროდ, იმ პერიოდში თეატრს ჩამოშორდა და მერე იქ აღარ დაბრუნებულა. 

ოთხ დედმამიშვილს შორის მე ყველაზე უმცროსი ვარ. 4 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა, ჩემმა დამ და ძმებმა გამზარდეს. ომის პერიოდში რამდენჯერაც ოჯახმა სოხუმს გამარიდა, იმდენჯერ ძალიან ცუდად გავხდი. სტრესისგან და ნერვიულობისგან სიცხე მიწევდა და ამიტომ მათ გვერდით, ეპიცენტრში ყოფნა მერჩივნა. მაგრამ ინტენსიური შემოტევები რომ დაიწყო, ოჯახს სოხუმიდან გასვლაზე იმ პირობით დავთანხმდი, რომ იქაურობას ერთი კვირით დავტოვებდი. პატარა ჩანთაში ტანსაცმელი ჩავალაგე და „ცხელი“ დღეების გადავლის შემდეგ ისევ შინ დაბრუნებას ვგეგმავდი, მაგრამ… 

– მამაჩემი ქორეოგრაფი იყო, დედაჩემი – მოცეკვავე. ოჯახში ჩემს გარდა ყველა ცეკვავდა. ჩემი და-ძმების მასტიმულირებელი დედა იყო და მას დაჰყავდა შვილები უამრავ წრეზე. როცა ის გარდაიცვალა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ხოლო შემდეგში, როცა ვიტყოდი, რომ სადმე სიარული არ მინდოდა, მითმობდნენ. ვფიქრობ, დედა ცოცხალი რომ ყოფილიყო, არაერთ წრეზე მიმიყვანდა. ახლა ამ ყველაფერს ვნანობ, მაგრამ უკვე გვიანია?!

სანათა ძაძამია – (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

მთელი ჩემი ბავშვობა „პინკ ფლოიდს“ ვუსმენდი, რომელიც ჩემმა ძმამ, ნუკრიმ გამაცნო და შემაყვარა. ეს ჯგუფი ჩემთვის სოხუმთან ასოცირდება, ხოლო ომის პერიოდი „სკორპიონსთან“. პატარა პლეიერში კასეტას ვდებდი და დაბომბვის დროს ყურსასმენებით მათ სიმღერას „Wind of change“ ვუსმენდი. ამ მელოდიის ფონზე მშვიდად ვიძინებდი…

– მსახიობობის სურვილი ბავშვoბიდან მქონდა, რაზეც ალბათ ჩემი ძმის პროფესიამ დიდი გავლენა მოახდინა. აკაკი წერეთლის სახელობის VI საჯარო სკოლაში ვსწავლობდი და ყოველი წლის ბოლოს, ტრადიციულად, პირველივე კლასიდან წარმოდგენებს ვმართავდით. სპექტაკლებისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. სკოლასთან ახლოს ვცხოვრობდი და თუკი რამე რეკვიზიტი იყო საჭირო – დივანი, სკამი, ჭიქა თუ ტანსაცმელი – ყველაფერი სახლიდან გამქონდა. სპექტაკლებს კახა რომ ესწრებოდა, ეს ფაქტი და მისი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის…

– თბილისში ჯერ ნათესავებთან ვცხოვრობდით, მერე ქირით. სკოლაში ვერ დავდიოდი, რადგან ტანსაცმელი არ მქონდა. ექსტერნად დავამთავრე და შემდეგ შევისწავლე ბიო-სამედიცინო აპარატურა. პარალელურად ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობებზე. მთელი ცხოვრების სურვილი მაინც შევისრულე და თეატრალურში, ასიკო გამსახურდიას ჯგუფში ჩავაბარე. დიმა ჯაიანი ძალიან დიდხანს ელოდა, რომ სოხუმის თეატრში ჩემი ძმა დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, თუმცა მივედი მე…

სოხუმის თეატრში ჩემი პირველი როლი იყო სეფექალი – გოჩა კაპანაძის სპექტაკლში „ღალატი“ . ამ ეტაპზე ერთ-ერთ სამედიცინო კომპანიისთვის დისტანციურად ვმუშაობ, დანარჩენი დრო კი თეატრს ეთმობა. ერთხანს თეატრში მთავარ ადმინისტრატორადაც ვმუშაობდი. უამრავ საქმეს ვასრულებდი, რადგან მაშინ ჩემს თეატრს ეს სჭირდებოდა, მაგრამ როცა უკვე ახალი თანამშრომლების აყვანის რესურსი გაჩნდა, უარი ვთქვი და ახლა მხოლოდ მსახიობი ვარ.

სანათა ძაძამია – (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ოჯახის წევრები, მისი სისხლი და ხორცი, მსგავსი განცდა მაქვს სოხუმის თეატრის მიმართ. მისი ყველა კარგი თუ ცუდი მე მეხება. აფხაზეთიდან არაფერი წამომიღია, დედაჩემის საფლავიც კი იქ არის. Თეატრი ერთადერთია, რაც სოხუმიდან შემრჩა და მასზე ვარ ჩაბღაუჭებული. ეს ადგილი ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სანამ სოხუმის თეატრი არსებობს, პატარა იმედი მაინც მაქვს, რომ ოდესმე შეიძლება სოხუმში დავბრუნდე!..

ლოკაცია: სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი. მის: დ. უზნაძის ქ. N68

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გარდაიცვალა ლიანა ისაკაძე

შემდეგი სტატია

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოხუმის თეატრის სცენაზე ფესტივალი Into the Open გაიხსნა

ფესტივალის გახსნის დღეს მსმენელის წინაშე წარდგნენ ბარენბოიმ-საიდის აკადემია და მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე მიხაილ ბარენბოიმი.
მეტი

გერმანელი გამომცემელი და რეჟისორი ანა მიულერი სოხუმის თეატრში ლექციას გამართავს

ანა მიულერი მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ჰაინერ მიულერის ქალიშვილია.
მეტი