როგორ გამოიყენა ემინემმა ხელოვნური ინტელექტი Slim Shady-ს გასაცოცხლებლად

კომპანია „მეტაფიზიკის” დახმარებით, რეპერი თავის ალტერ ეგოს სათანადოდ დაემშვიდობა.
ემინემი
Priscilla Grant/Everett Collection

ემინემის ბოლო ალბომი The Death of Slim Shady (Coupe de Grace) ერთგვარი გამომშვიდობებაა რეპერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პერსონაჟთან. Slim Shady – ემინემის ბნელი ალტერ ეგო – პირველად მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომის, The Slim Shady LP-ის პირველი სინგლის (My Name Is) ვიდეოში გამოჩნდა და მისი წყალობით მილიონობით ალბომი გაყიდა. 

თუმცა რეპის განვითარებასთან ერთად, ემინემს მოუწია, ახალი აუდიტორიის გათვალისწინება, რომელიც ფიქრობდა, რომ Slim Shady-ს პერსონაჟი შეურაცხმყოფელი და შეუსაბამო იყო. ასე რომ, 51 წლის რეპერმა გადაწყვიტა, თავის საყვარელ ალტერ ეგოს დამშვიდობებოდა. წლის დასაწყისში მისმა გუნდმა Detroit Free Press-ში Slim Shady-ს ნეკროლოგიც კი გამოაქვეყნა. 

ალტერ ეგოსთან სათანადოდ გამოსამშვიდობებლად ემინემმა გადაწყვიტა, რომ Slim Shady არა მხოლოდ სიმღერაში, არამედ ვიდეოშიც დაებრუნებინა. Houdini, რომელიც პირველი სინგლია ალბომიდან The Death of Slim Shady (Coupe de Gråce), ერთგვარად წარსულში დაბრუნებაა. მას ისეთივე შეგრძნებები ახლავს თან, როგორიც ემინემის ძველ სინგლებშია. მხიარულ ბითზე, რომელიც ნაწილობრივ აღებულია The Steve Miller Band-ის 1982 წლის სიმღერიდან Abracadabra, Houdini შესაძლოა Without Me-ს მეორე ნაწილადაც მივიჩნიოთ. სიმღერა ემინემის 2002 წლის ჰიტის ტექსტს იმეორებს: Shady’s back. Tell a friend. თუმცა ის, რაც კლიპს განსაკუთრებულს ხდის, მასში ახლანდელ ემინემთან ერთად ახალგაზრდა Slim Shady-ს გამოჩენაა. 

როგორ მოახერხა ემინემმა საკუთარი თავის 20 წლის წინანდელი ვერსიის შექმნა? ხელოვნური ინტელექტისა და კომპანია „მეტაფიზიკის” დახმარებით. „მეტაფიზიკი”, რომელიც 2021 წელს დაარსდა, არტისტებს მათი ციფრული ვერსიის შექმნას სთავაზობს. საკუთარი ციფრული გამოსახულების მფლობელს შეუძლია ის თავის პროექტებში გამოიყენოს ან მესამე მხარეს მიჰყიდოს ფილმებისთვის, სატელევიზიო შოუებისა თუ სხვა კომერციული პროექტებისთვის. „მეტაფიზიკი” ასევე იცავს კლიენტს, რომ თავის ციფრულ ვერსიაზე კონტროლი თვითონვე ჰქონდეს. 

სანამ ტექნოლოგიურ განვითარებას შესაბამისი კანონი მოჰყვება, სხვადასხვა კომპანიასა თუ ბაზარზე არაპატიოსან მოთამაშეებს არაფერი აფერხებთ, რომ ცნობილი ადამიანების ციფრული ვერსიები მათი ნებართვის გარეშე გამოიყენონ. თუმცა მესამე მხარის მიერ აღნიშნული პროდუქტის უნებართვოდ შექმნის შემთხვევაში, „მეტაფიზიკი” თავის კლიენტებს შესაბამის რეაგირებას ჰპირდება.

„ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი თავის დაცვაში და, მინიმუმ, სიტუაციაში გარკვევაში,” – ამბობს კომპანიის მთავარი კონტენტ მენეჯერი ედ ულბრიჩი. „თავისთავად ცხადია, რომ ადამიანებს თავად უნდა ეკუთვნოდეთ თავიანთი გამოსახულება. მათ უნდა ჰქონდეთ კონტროლი საკუთარ ბიომეტრიულ მონაცემებზე და წვდომა თავიანთ ციფრულ ვერსიაზე. ეს მათი საკუთრებაა. ჩვენ უბრალოდ მათთვის ვინარჩუნებთ, თუმცა მათზეა დამოკიდებული, თუ უნდათ, მისი გამოყენების უფლებას სხვას მიჰყიდიან.”

ედ ულბრიჩი
Metaphysic

ულბრიჩს ღრმად სწამს, რომ ის, რასაც „მეტაფიზიკი” აკეთებს, „კრეატიულობის რენესანსს” მოიტანს. ეს ყველაფერი კი გვაბრუნებს Houdini-სთან, რომელიც სწორედ „მეტაფიზიკის” დახმარებით შეიქმნა. პროგრამამ შესაძლებელი გახადა, რომ ემინემი ვიდეოში 20 წლით ახალგაზრდა ყოფილიყო, ბევრი დროისა და, ულბრიჩის მტკიცებით, ფულის ხარჯვის გარეშე.

ეს ყველაფერი ასე მუშაობს: მეტაფიზიკის გუნდი სწავლობს, თუ რა არის ზუსტად პროექტის მიზანი, მაგალითად, ვინ უნდა გააახალგაზრდავონ ან ვისი სახე შეცვალონ. ამის შემდეგ გროვდება მასალები: ძველი ფოტოები, ვიდეოები, აუდიო ჩანაწერები იმისთვის, რომ შეიქმნას მოდული. 2 თვემდე სჭირდება „მეტაფიზიკს”, რომ მისი ხელოვნური ინტელექტის მოდული გაწვრთნას. შემდეგ გუნდი ტესტავს მას, რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი წესრიგშია და შოუც იწყება. 

„ორი წლის წინ Რომ გეკითხათ, შევძლებდით თუ არა ასეთი ვიდეოს შექმნას ამ დროში და ამ ბიუჯეტით, გავიცინებდი,” – აღნიშნავს ულბრიჩი.

ვიდეოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი არის ის, თუ რამდენად რეალურად გამოიყურება ახალგაზრდა Slim Shady. ყველაფერი, დაწყებული მისი სახის ნაკვთებით და დასრულებული მოძრაობებით, შეიძლება ნამდვილ ადამიანში შეგეშალოთ. ულბრიჩი ამბობს: „ხალხი გვეუბნება: „თქვენ შექმენით Slim Shady!” არა, ჩვენ ის არ შეგვიქმნია. მოდი, მკაფიოდ ვთქვათ… აქ Slim Shady-ს ნამდვილი Slim Shady თამაშობს. ჩვენ უბრალოდ დავეხმარეთ მას ისეთი რაღაცის მიღწევაში, რასაც გრიმით ვერ მიაღწევდა. ჩვენ მას საშუალება მივეცით, თავისი თავი განესახიერებინა ახალი ტექნოლოგიის დახმარებით. თუმცა ის თავის თავს თვითონ ასახიერებს.”

იმისთვის, რომ ემინემს კიდევ უფრო დახმარებოდნენ საკუთარი ახალგაზრდა ვერსიის განსახიერებაში, „მეტაფიზიკმა” კიდევ ერთი პროდუქტი შექმნა – ხელოვნური ინტელექტის სარკე. ადამიანს, რომელიც მის წინ დადგება, პროექტორის საშუალებით აღნიშნული პროგრამა მიენათება და სარკეში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ თავის თავს დაინახავს. ასე რომ, სანამ კამერები ჩაირთვებოდა, ემინემს სარკეში შეეძლო დაენახა ახალგაზრდა Slim Shady – თუ როგორ გამოიყურებოდა ის, როგორ მოძრაობდა. ეს ყველაფერი კი რეპერს პერსონაჟის გათავისებაში დაეხმარა. „შეგიძლია საკუთარი თავი 30-40 წლის წინ დაინახო”, – ამბობს ულბრიჩი. „ეს ნამდვილად ჯადოსნური გამოცდილებაა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლედი გაგას და ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით Joker-ის პირველი სრულმეტრაჟიანი ტრეილერი გამოვიდა

შემდეგი სტატია

Snoop Dogg - 2024 წლის 23 ივნისი ოლიმპიური გუნდის საცდელი ტრასა. ფოტო: პატრიკ სმიტი

Snoop Dogg ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში ჩაერთვება

შეიძლება დაგაინტერესოთ

SZA მსმენელებს წლის ბოლოს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს ჰპირდება

ამ განცხადებამდე დღეებით ადრე British Vogue-ისათვის მიცემულ ინტერვიუში არტისტმა გაამხილა, რომ ორი პროექტი აქვს მზად გამოსაშვებად.
მეტი
Nick Cave Joel Ryan

ნიკ ქეივმა ბობ დილანის ტვიტს უპასუხა და მის კომპლიმენტს „სიხარულის მშვენიერი იმპულსი” უწოდა

"ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ბობ დილანი აუდიტორიაში იმყოფებოდა. ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე პირადად მექნება მისთვის მადლობის გადახდის შესაძლებლობა, ამიტომ აქედან ვუხდი მას მადლობას. მადლობა, ბობ!"
მეტი
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
მეტი

ბიონსე და კელი როულენდი Death Becomes Her-ის ბროდვეის პრემიერას  Destiny’s Child-ის მესამე წევრის, მიშელ უილიამსის მხარდასაჭერად დაესწრნენ

„My Belle“, - წერს ბიონსე პოსტის აღწერაში, რომლებიც ასახავს Death Becomes Her-ში უილიამსის თამაშის ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
მეტი