ჯასტინ ბიბერი გულშემატკივრებს მომავალ ალბომზე მუშაობის დეტალებს აცნობს.
22 მარტს პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა, სადაც ის სხვა მუსიკოსებთან ერთად სტუდიაში ჯემ სესიას მართავს.
„ზოგჯერ საკუთარ თავს ვერ ვიტან, როცა ვგრძნობ, რომ არაგულწრფელი ვხდები, შემდეგ კი მახსენდება, რომ ყველას გვაიძულებენ ვიფიქროთ, თითქოს არ ვართ საკმარისად კარგები, თუმცა მძულს, როცა სხვების მოსაწონად საკუთარ თავს ვცვლი.“ – წერს ჯასტინ ბიბერი ვიდეოს აღწერაში.
ვიდეოში ბიბერი მთლიანად ეშვება ფსიქოდელიურ, ექსპერიმენტულ ჯემ სესიაში, რომელიც ელექტრონული ხმებითაა გაჯერებული. ბიბერმა ინსტაგრამის Stories-შიც მონიშნა რამდენიმე მუსიკოსი და მეგობარი, მათ შორის, მომღერალი და სიმღერების ავტორი ჯენსენ მაკრეი, პასტორი ჯუდა სმიტი, ჯოშ მელი, DJ ტეილორ ჯეიმსი, პროდიუსერი Camper და სხვები.
16 მარტს მომღერალმა ინსტაგრამის Stories-ში გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცდილობს სიძულვილისგან გათავისუფლებას. დიდი ასოებით დაწერილ შეტყობინებაში მან აღნიშნა: „ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, რომ არ უნდა მქონდეს ზიზღის შეგრძნება… ეს მაიძულებდა, მეგრძნო, თითქოს ამის უფლება არც მქონდა, ამიტომ ვერავის ვეუბნებოდი, რომ ეს განცდა მქონდა.“
გრემის გამარჯვებულის ბოლო პოსტები კიდევ ერთ გულწრფელ გზავნილს მოჰყვა, რომელიც არტისტმა 13 მარტს გააზიარა. მაშინ ბიბერმა აღიარა, რომ „უფრო ხშირად თავს მოუმზადებლად და არაკვალიფიციურად გრძნობდა.“ ბოლო კვირებში ის გულწრფელად ესაუბრებოდა გულშემატკივრებს იმის შესახებ, რომ მას სჭირდება „გაიზარდოს.“
აღსანიშნავია, რომ ჯასტინ ბიბერის ბოლო ალბომი 2021 წელს გამოშვებული Justice-ია, რომელმაც Billboard 200-ის სათავეში ორი კვირა დაყო. წელს ვარსკვლავმა გულშემატკივრებს ახალი მუსიკის შექმნაზე მიანიშნა და პერიოდულად ინსტაგრამზე სტუდიურ ფოტოებსაც აზიარებს.