სელენა გომესმა ალბომის – I Said I Love You First ახალი ვერსია წარადგინა სახელწოდებით – I Said I Love You First – Explained: Narrated by Selena Gomez. „ბენისთან ერთად ალბომის შექმნის პროცესში უამრავი დაუვიწყარი მოგონება დაგვიგროვდა. მინდოდა, თქვენთვის ამ ამბების ნაწილი გამეზიარებინა და ამ სიმღერების შექმნის შესახებ მომეთხრო. I Said I Love You First Explained: Narrated by Selena Gomez უკვე ხელმისაწვდომია ციფრულ ფორმატში ჩემს ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში!“ – მიმართა სელენა გომესმა მსმენელებს სოციალურ ქსელში.
სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს პარტნიორობა სცილდება მხოლოდ შემოქმედებას – წყვილმა დეკემბერში ნიშნობის შესახებაც განაცხადა. მათ 21 მარტს ერთობლივი ალბომი I Said I Love You First გამოუშვეს. ეს არის პირველი ახალი ალბომი 2020 წელს გამოშვებული Rare-ის შემდეგ, რომელიც Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. ახალ ალბომს წინ უძღოდა სინგლები – Call Me When You Break Up (გრეისი აბრამსის მონაწილეობით) და Sunset Blvd.
გარდა ამისა, გასულ შაბათ-კვირას გომესმა და ბლანკომ მოულოდნელად ბონუს ტრეკი გამოუშვეს – სიმღერა, რომელიც მის ძველ თაყვანისმცემლებს კარგად უნდა ახსოვდეთ. 2015 წლის ალბომის Revival-ის შემდეგ, გომესი ახალ მუსიკაზე მუშაობდა, რომელიც ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. სწორედ იმ პერიოდშია შექმნილი სიმღერა სახელწოდებით Stained, რომლის პროდიუსინგზეც ბენი ბლანკომ ჯერ კიდევ 2016 წელს იმუშავა. გომესმა მაშინ სიმღერის ნაწყვეტი გააზიარა, თუმცა ოფიციალურად არ გამოუშვია. მოგვიანებით ეს ტრეკი ინტერნეტში არაოფიციალურად მოხვდა და გავრცელდა. საბოლოოდ, სინგლი ვერც გომესის მომდევნო ალბომებში მოხვდა.
„რვა წელი გავიდა, მაგრამ თქვენ მაინც არ დაგავიწყდათ ეს სიმღერა. თქვენი სიყვარული Stained-ისადმი არასდროს გამქრალა, ამიტომ მინდოდა, რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა. მადლობის ნიშნად, Stained შეზღუდული დროით ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია ჩემს ოფიციალურ მაღაზიაში!” – დაწერა გომესმა სოციალურ ქსელში
ახლახან, ერთ-ერთი ლაივსტრიმის დროს სელენა გომესმა განმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდა Stained მის ოფიციალურ რელიზებში. „ეს სიმღერა მართლა ძალიან მომწონდა, მაგრამ ვნერვიულობდი… მახსოვს, მაშინ ჯერ კიდევ ვღელავდი სიმღერაში უცენზურო სიტყვების გამოყენებაზე. არ ვიცი, რა მოხდა. ალბათ, მე თვითონ გავუშვი შემთხვევით ინტერნეტში, ან რაღაც მსგავსი. მაგრამ, საბოლოოდ, მაინც გავრცელდა და სიმართლე რომ ვთქვა, მიხარია, რომ ასე მოხდა.“
მომღერალმა TikTok-ზეც გააზიარა კადრები, სადაც Stained-ს მღერის და ალბომის ახალ ვერსიაზე საუბრობს: „ფაქტობრივად, თითოეულ სიმღერაზე პატარა ისტორიას ვყვები, რათა ავხსნა, თუ რას ვგრძნობ და როგორ ვხედავ მათ. ვისურვებდი, თქვენი აზრებიც გამეგო – როგორ უკავშირდება ეს თქვენს ცხოვრებას და რას განიცდით მისი მოსმენისას.“