The Late Show with Stephen Colbert 2026 წელს დასრულდება

„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შოუს დასასრული – ეს არის The Late Show-ს დასასრული CBS-ზე. ჩემს ადგილს არავინ იკავებს. უბრალოდ ყველაფერი მთავრდება,“ – მიმართა აუდიტორიას კოლბერტმა.
The Late Show with Stephen Colbert. 2025 წლის 15 მაისი.
Scott Kowalchyk/CBS via Getty Images

ცნობილი გადაცემა The Late Show with Stephen Colbert ეთერში 2025-2026 წლების სეზონით, 2026 წლის მაისში დასრულდება. ამის შესახებ თავად სტივენ კოლბერტმა განაცხადა გადაცემის ჩაწერის დროს, რომელიც ნიუ იორკში, ედ სალივანის თეატრში გაიმართა.

„სანამ შოუს დავიწყებდეთ, მინდა რაღაც გითხრათ, რაც გუშინ გავიგე,“ – მიმართა აუდიტორიას კოლბერტმა. „მომდევნო წელი ჩვენი უკანასკნელი სეზონი იქნება. ტელეკომპანია შოუს მაისში დაასრულებს.“

მას შემდეგ რაც აუდიტორიამ უმაყოფილება გამოხატა, კოლბერტმა დაამატა: „ჰო, მეც თქვენნაირად ვგრძნობ თავს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შოუს დასასრული – ეს არის The Late Show-ს დასასრული CBS-ზე. ჩემს ადგილს არავინ იკავებს. უბრალოდ ყველაფერი მთავრდება.“

კოლბერტმა მადლობა გადაუხადა ტელეკომპანიას: „უნდა ვთქვა, რომ CBS-ის გუნდი შესანიშნავი პარტნიორი იყო. უზომოდ მადლობელი ვარ არხის, ამ სკამისა და ამ მშვენიერი თეატრისათვის, რომელსაც ჩემი სახლი ვუწოდე. და, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ თქვენი – აუდიტორიის, ვინც ყოველ საღამოს გვიერთდებით. მშვენიერი შეგრძნებაა ამ სცენაზე ყოფნა ამ ბენდთან და არტისტებთან ერთად. განსაკუთრებულად მადლობელი ვარ იმ 200 ადამიანის, ვინც შოუს ქმნის. გითხრათ სიმართლე? ეს საოცარი სამსახურია. ვისურვებდი, რომ ვიღაც სხვა იკავებდეს ამ პოზიციას. მე კიდევ 10 თვე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ ამ გასაგიჟებელ გუნდთან ერთად. სახალისო იქნება. აი, ეს მინდოდა მეთქვა.“

კოლბერტის მონოლოგის ვიდეო გადაცემის ინსტაგრამის გვერდზეც გამოქვეყნდა.

CBS-ის ხელმძღვანელებმა – Paramount Global-ის თანადირექტორმა და CBS-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ჩიკსმა, CBS Entertainment-ის პრეზიდენტმა ეიმი რაიზენბახმა და CBS Studios-ის პრეზიდენტმა დევიდ სტაფმა ერთობლივ განცხადებაში დაადასტურეს, რომ The Late Show კოლბერტის გადაცემის შემდეგ დასრულდება.

„The Late Show with Stephen Colbert თავის ისტორიულ ეთერს 2026 წლის მაისში დაასრულებს,“ – ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ სტივენ კოლბერტს შეუცვლელად მივიჩნევთ და შესაბამისად, მის წასვლასთან ერთად The Late Show-საც დავხურავთ. გვეამაყება, რომ სტივენი CBS-ის ნაწილი იყო. ის და გადაცემა სამუდამოდ დარჩებიან ღამის სატელევიზიო შოუების პანთეონში.“

განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება მთლიანად ფინანსური ხასიათისაა და არ უკავშირდება შოუს რეიტინგს, შინაარსს ან Paramount-ის შიდა საქმეებს.

„სტივენ კოლბერტისა და მისი საოცარი გუნდის ნიჭისადმი ჩვენი აღტაცება, სიყვარული და პატივისცემა ამ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით რთულს ხდის. სტივენმა სრულიად შეცვალა ღამის სატელევიზიო სივრცე – თავისი აქტუალური იუმორით, ძლიერი მონოლოგებით და ცნობილი სტუმრებით სხვადასხვა სფეროდან. გადაცემა უკვე მეცხრე წელია, რაც რეიტინგებით პირველ ადგილზეა ღამის სატელევიზიო სივრცეში. კოლბერტის იუმორით სავსე ფრაგმენტები ყოველდღიურად ვრცელდება ციფრულ და სოციალურ მედიაში, ხოლო შოუ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა ქვეყნისთვის. The Late Show with Stephen Colbert-ის მიღწევები შთამბეჭდავია როგორც ხარისხით, ასევე მნიშვნელობით და გავლენით,” – ნათქვამია განცხადებაში. 

გადაცემა ეთერში პირველად 2015 წლის 8 სექტემბერს გავიდა – დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ, რაც დევიდ ლეტერმანმა 23-წლიანი ეთერის შემდეგ The Late Show with David Letterman დაასრულა. ლეტერმანის გადაცემა 1993 წლის 30 აგვისტოს დაიწყო, ბოლო ეპიზოდი კი 2015 წლის 20 მაისს გავიდა.

კოლბერტს მანამდე მიჰყავდა პოპულარული სატირული გადაცემა – The Colbert Report, რომელიც Comedy Central-ზე 2005 წლის 17 ოქტომბრიდან 2014 წლის 18 დეკემბრამდე გადიოდა.

გასულ კვირას The Late Show with Stephen Colbert-მა პრაიმტაიმის ემის ნომინაცია მოიპოვა საუკეთესი თოქ შოუების კატეგორიაში. წელს მხოლოდ სამი გადაცემაა ნომინირებული – The Daily Show (Comedy Central), Jimmy Kimmel Live! (ABC) და კოლბერტის შოუ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ემინემის ქალიშვილმა, ჰეილი ჯეიდმა, 4 თვის ვაჟი რეპერის საკულტო კოსტიუმში გამოწყო

შემდეგი სტატია

ხანძრის მიუხედავად, Tomorrowland 2025 დათქმულ დროს გაიხსნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი

ჰილარი დაფმა განქორწინებაზე, Disney-სთან თანამშრომლობის უარყოფით მხარეებსა და დასთან უთანხმოებაზე ისაუბრა

„დაახლოებით 15 წლის ასაკში ვიგრძენი, რომ მსოფლიო ზედმეტად დაინტერესდა იმით, თუ რა მეცვა, ვის ვხვდებოდი, რას ვჭამდი,” – თქვა ვარსკვლავმა On Purpose-ის პოდკასტის ახალ ეპიზოდში.
მეტი

ჯეკ უაიტმა განმარტა თავისი პოზიცია ტეილორ სვიფტის შესახებ: „მე არ მითქვამს, რომ მისი მუსიკა მოსაწყენია”

მუსიკოსმა ინსტაგრამზე პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც მისი ციტატა არასწორი ინტერპრეტაციით ვირუსულად გავრცელდა.
მეტი

იაპონელი ავტორ-შემსრულებელი AI ახალ სინგლზე, 25 წლის იუბილესა და მომავალ გეგმებზე საუბრობს: წაიკითხეთ ინტერვიუ

Billboard იაპონია მუსიკოსს ამჟამინდელ განწყობაზე ესაუბრა, ასევე იმაზე, თუ რას ხედავს წინ მუსიკალურ ინდუსტრიაში ყოფნის 26-ე წლისთვის.
მეტი