Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი კვირის განმავლობაში გამოსულ მნიშვნელოვან ნამუშევრებს ერთ სივრცეში აერთიანებს და საუბრობს იმ მუსიკაზე, რომელიც შაბათ-კვირის განმავლობაში თქვენს ფლეილისტში აუცილებლად უნდა მოხვდეს.
ნახეთ კვირის გამორჩეული მუსიკალური რელიზები:
A$AP Rocky – Don’t Be Dumb
ჰიპ-ჰოპის სამყაროში, სადაც საუკეთესო შემსრულებლები ჰიპერპროდუქტიულები არიან, A$AP Rocky-მ შეძლო ჰედლაინერის სტატუსი შეენარჩუნებინა. არტისტი ნელი ტემპით და საკუთარი დისკოგრაფიის ფრთხილი შერჩევით ლიდერ პოზიციაზეა. მისი დიდი ხნის ნანატრი და არერთხელ გადადებული მეოთხე სტუდიური ალბომი Don’t Be Dumb არა მხოლოდ მოლოდინს ამართლებს, არამედ რეპერის სტილს ახალ ნიუანსებსაც ჰმატებს. მისი დახვეწილი მელოდია და ნაფიქრი ტექსტები მხოლოდ გამოცდილებასთან ერთად შეიძლება ჩამოყალიბებულიყო.
Madison Beer – Locket
პოპ-დებიუტიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, Madison Beer-მა თავისი კარიერის შესაშურ ეტაპს მიაღწია, ის ერთდროულად ახალ, აქტუალურ ვარსკვლავსა და გამოცდილ ინდი-გმირს შორის ბალანსს ინარჩუნებს, რომელსაც Madison Square Garden-ის მასშტაბური კონცერტის დაგეგმვაც შეუძლია. მისი მესამე სტუდიური ალბომი Locket უდიდესი გარღვევაა მეინსტრიმში, არამხოლოდ იმიტომ, რომ მისმა სინგლებმა Make You Mine და Bittersweet, ასობით მილიონი სტრიმინგი დააგროვა, არამედ იმიტომ, რომ ალბომის ისეთი ტრეკები, როგორიცაა Bad Enough და Angel Wings, არტისტის კატალოგში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნამუშევრებად ითვლება.
ENHYPEN – The Sin: Vanish
ENHYPEN-მა მეშვიდე მინი-ალბომი The Sin: Vanish გამოუშვა. ალბომის მთავარი სინგლი ჰიპ-ჰოპ ტრეკი Knife არის, თუმცა K-pop ჯგუფის ეს ნამუშევარი მათი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ფართო მასშტაბის პროექტია ბოლო დროის განმავლობაში. მასში სხვადასხვა ჟანრია გამოყენებული და მისი მოსმენა მარტივად შესაძლებელია მათთვისაც, ვინც ჯგუფს ნაკლებად იცნობს.
Wizkid & Asake – Jogodo
Wizkid და Asake არა მხოლოდ ნიგერიის ორი ყველაზე წარმატებული ვარსკვლავია, არამედ არტისტები, რომლებმაც გლობალური ჰიტები სრულფასოვან, თანმიმდევრულ სტუდიურ ალბომებად აქციეს. Wizkid-მა Made in Lagos (2020), ხოლო Asake-მ – Mr. Money With the Vibe (2022). მათი ერთობლივი EP დიდი ინტერესის საგანია, ხოლო ლიდ-სინგლი Jogodo მოლოდინებსაც კი აჭარბებს.
მეგან მორონი – Wish I Didn’t
მეგან მორონიმ თავისი მომავალი ალბომის, Cloud 9-ის, გამოსვლამდე მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ტრეკი წარადგინა სახელწოდებით Wish I Didn’t. ქანთრი-პოპ ბალადა ძლიერი ხასიათისა და ბუნების მქონე ადამიანებს ეძღვნება. ის მეგან მორონის ვოკალს მკაფიო გზავნილთან აკავშირებს მათთვის, ვინც მის შესაძლებლობებს არასაკმარისად აფასებს. ეს ყველაფერი კი ახალი პროექტისადმი მოლოდინს კიდევ უფრო ზრდის.
Mitski – Where’s My Phone?
ეს არის ინდი-როკ ჰიმნი მათთვის, ვინც ვერასდროს პოულობს საკუთარ ტელეფონს! Mitski-ს მომავალი, მერვე ალბომის, Nothing’s About to Happen To Me-ს, პირველი სინგლი ბევრად უფრო ღრმა შინაარსისაა, ვიდრე უბრალოდ დაკარგული ტელეფონი. თუმცა არტისტი ერთგულ მსმენელს სასიამოვნო და მარტივ ჟღერადობასაც სთავაზობს
კვირის მუსიკალურ რელიზებს ასევე შეემატა ქართველი არტისტების მიერ გამოქვეყნებული ახალი ნამუშევრებიც.
Mebo Renard – „რამდენს“
მუსიკოსმა მებო ნუცუბიძემ, სასცენო სახელით Mebo Renard, მუსიკალური პაუზის შემდეგ ახალი ნამუშევარი, სახელწოდებით „რამდენს” გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ Mebo Renard სცენაზე აქტიურად არ ჩანდა, კულისებს მიღმა ის აქტიურად მუშაობდა.
ეს რელიზი Mebo Renard-ისთვის შემოქმედებითი გზის ახალი ეტაპია. მუსიკოსი უახლოეს პერიოდში მსმენელს მისი შემოქმედების უფრო ინტენსიურად გაზიარებას ჰპირდება.
Bedford Falls – „ამოდი“
Bedford Falls-მა ახალი სიმღერა, სახელწოდებით „ამოდი“ და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა. სიმღერა ბენდის დაანონსებულ ალბომში, Lazy Bones-შია შესული. ჯგუფმა მომავალი ალბომიდან კიდევ ორი ტრეკი გამოაქვეყნა: 9 დეკემბერს პირველი სინგლი – AMBROSIA გამოვიდა, 23 დეკემბერს კი მეორე კომპოზიცია – UCNAURI.
ზურა ჯიშკარიანი – Subtropic Palimpsest Sessions: #1 – Mini Mze, #2 – Melankolia
ზურა ჯიშკარიანმა, ფსევდონიმით Dillanext, ახალი მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც პროექტის – Subtropic Palimpsest Sessions-ის ნაწილია. სესიების ფარგლებში ჩაწერილი ვიზუალური მასალა ქალაქის სხვადასხვა ლოკაციას მოიცავს. აღნიშნული ვიდეო კი თეთრიხევის ჰიდროელექტროსადგურის დასახლებაშია გადაღებული.
„Subtropic Palimpsest Sessions გაგრძელდება ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. შეიძლება შემთხვევითაც გადავიკვეთოთ. ცოცხალი აკუსტიკური მუსიკა + თბილისის ფსიქოგეოგრაფია,“ – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.
გიორგი გიგაშვილი – With All My Breath And All My Blood
გიორგი გიგაშვილი მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებს, რომლის რეჟისორიც თავადვეა.
ვიდეოში გიგაშვილი სერგეი პროკოფიევის მე-7 სონატის მესამე ნაწილს ასრულებს. სიუჟეტი საკონცერტო დარბაზში იწყება, სადაც პიანისტი მსმენელის წინაშე გამოსასვლელად ემზადება. ნაწარმოების პირველსავე ნოტზე კი მოულოდნელად ის დარბაზიდან გარბის.
ვიდეო ერთგვარი წარდგენაა პიანისტის ახალი ალბომისა, რომელიც 16 იანვარს გამოვიდა.
Vinda Folio – Si So Req / სი სო რექ
კვირის ბოლო მუსიკალური ნამუშევარი არტისტ Vinda Folio-ს (თემო ეზუგბაია) ეკუთვნის, სახელწოდებით Si So Req / სი სო რექ. სიმღერის ტექსტი მეგრულ ენაზეა, რომელიც ბათუ დანელიამ გალაკტიონ ტაბიძის ლექსის „ქარი ქრის“ მიხედვით თარგმნა.