Young Georgian Lolitaz-ის სადებიუტო ალბომის -Lemonjuice-ის ფირფიტების მცირე ტირაჟი გამოიცა

ფირფიტები „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ინიციატივის ფარგლებში გამოიცა.
ნიკა კოჩაროვი, Young Georgian Lolitaz.

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნილი მუსიკალური ჩანაწერების და ალბომების მცირე ტირაჟით ფირფიტებზე გამოცემას გულისხმობს. ამ გზით პროექტი ქართული ალტერნატიული მუსიკალური სცენისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდამავალი პერიოდის ნამუშევრების ხელახლა აღმოჩენას ისახავს მიზნად. 

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობამ“ ამჯერად 2000-იანი წლების ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი, Young Georgian Lolitaz-ის სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით  “Lemonjuice” წარადგინა.  Lemonjuice ჩაწერიდან 20 წლის შემდეგ, ფირფიტაზე ლიმიტირებული რაოდენობით, ოფიციალურად 22 აპრილს გამოიცა. პრეზენტაცია Mutant Radio-ს მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. პრეზენტაციაზე ჯგუფის ფრონტმენმა, ნიკა კოჩაროვმა ალბომის შექმნის პროცესზე ისაუბრა. 

LemonJuice სპონტანურად  2003 წელს ჩაიწერა და ჯგუფს დიდი პოპულარობა მოუტანა.

ნიკა კოჩაროვი

ნიკა კოჩაროვი:

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ და მისი ეს ინიციატივა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან თუნდაც ახალი თაობა დაკარგულ ჩანაწერებს მოისმენს. არის ზოგიერთი ჩანაწერი, ალბომი, რომელიც ჩემს ბავშვობაში აქტუალური იყო, თუმცა ახლა ძალიან უნდა მოინდომი, რომ ეს მუსიკალური ნამუშევრები იპოვო და მოუსმინო.  LemonJuice-ს რაც შეეხება, სიმღერებზე მუშაობისას წინასწარ არც გვიფიქრია, რომ მაინცდამაინც ალბომი უნდა გამოგვეშვა. ჩემთან სახლში ვწერდით მუსიკას. რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ყველა ეს სიმღერა ერთად რომ შეგვეკრა, ალბომის სახეს მიიღებდა.“

LemonJuice-ში შესულ რამდენიმე სიმღერაში გიტარაზე ლევან შანშიაშვილი უკრავს, ხოლო კომპოზიციაში – Star დრამის პარტიას დათუჩა აბულაძე ასრულებს. რაც შეეხება LemonJuice-ის ე.წ. არტვორქს, ალბომის ყდაზე გამოყენებული ფოტოს ავტორი გიგი გულედანია, ხოლო ადრეული გრაფიკული ელემენტები ლევან ჩიქვანაიას ეკუთვნის. 

Როგორც   „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ გუნდი აფასებს,  ალბომი ალბათ 2000-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადია, სადაც მუსიკალური გავლენები The Beatles-დან, Nirvana-ს გავლით, Blur-მდე აღწევს.

Young Georgian Lolitaz, რომელიც 2001 წელს ჩამოყალიბდა, ალბათ იმ პერიოდიდან ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ბენდი აღმოჩნდა, რადგან მიუხედავად შემადგენლობის ბევრჯერ ცვლილებისა, დღემდე აქტიურია და არ კარგავს აქტუალობას. ეს კი ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, რადგან 2000-იან წლებში ბენდები იკრიბებოდნენ და შემდეგ რამდენიმე თვეში იშლებოდნენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Young Georgian Lolitaz-მა დროს გაუძლო და ახალ თაობასაც მისწვდა. ეს ჩანაწერი ბევრისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ერთგვარად ნოსტალგიურია, რადგან იმ პერიოდს გვახსენებს, როცა ალტერნატიული მუსიკის მსმენელთა წრე ბევრად ვიწრო იყო. ამ წრეში ტრიალებდა ეს მუსიკა, ვუსმენდით და ერთმანეთს ვუზიარებდით. მიხარია, რომ 20 წლის შემდეგ,  Young Georgian Lolitaz-ის ეს ალბომი შესაბამისად დავაფასეთ და ფირფიტა გამოვუშვით.“  – ამბობს „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ თანადამფუძნებელი ჯაბა შავიშვილი, „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას

LemonJuice-ის ფირფიტების მცირე ტირაჟი „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მესამე გამოცემაა. 2022 წლის სექტემბერში, პროექტის ფარგლებში, Mother On Monday-ის 1995 წლის ალბომის, Friends-ის ფირფიტები გამოიცა, ხოლო დეკემბერში გიორგი ძოძუაშვილის და ნიკა მაჩაიძის პროექტის –  „მჟავა MESSAGE“-ის ვინილის პრეზენტაცია შედგა. 

ნათია სართანია

ნათია სართანია, „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ თანადამფუძნებელი:

„ამ ეტაპზე ორიენტირი 90-იან და ადრეულ 2000-იანი წლებში გამოსულ მუსიკაზე გვაქვს.  ამ დროს ქართული მუსიკალური ინდუსტრია ფაქტობრივად არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევრები იწერებოდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ მსმენელის ახალი თაობისათვის ის ჩანაწერები გაგვეცნო, რომლებიც ასეთ რთულ პირობებში იქმნებოდა. ეს აუცილებელია, რომ ვიცოდეთ რა საწყისებზე დგას ქართული თანამედროვე მუსიკა.“

როგორც პლატფორმის თანადამფუძნებლები აღნიშნავენ, მეოთხე გამოცემაც ასევე დაგეგმილია და პრეზენტაცია უახლეს მომავალში შედგება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კიმ კარდაშიანი American Horror Story-ში ითამაშებს

შემდეგი სტატია

Fantasmic! შოუს დროს დისნეილენდში ხანძარი გაჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი