4D Monster Lobsters-მა ახალი სინგლი და მასზე შექმნილი ვიდეოკლიპი გააზიარა. „კრეტა” – ასე ჰქვია კომპოზიციას, რომელიც კუნძულ კრეტას ეძღვნება და წარმოადგენს პირველ სინგლს ჯგუფის მომავალი ალბომიდან.
ბექა თევდორაშვილი – 4D Monster Lobsters-ის სოლისტი:
„ეს ალბომი იქნება ერთგვარი მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ოღონდ ეს სამოგზაურო ადგილები არ იქნება სტანდარტული ლოკაციები. გვინდოდა, რომ ცოტა ეგზოტიკური ადგილები ყოფილიყო. „კრეტა” არის პირველი ამ სერიიდან, წინ კიდევ ბევრი იქნება და ყველა კომპოზიციას იმ კონკრეტული ადგილის სახელი ერქმევა, რომელზეც სიმღერა იქნება. ამ ეტაპზე მუშაობა მიდის იდეებზე, რომელი ლოკაციები ავირჩიოთ. რამდენიმე უკვე გვაქვს. თან გვინდა, რომ ჟღერადობაც იმ კუთხიდან ავიღოთ, რომელზეც ტრეკი იქნება. ანუ არა მხოლოდ ის იყოს, რომ უბრალოდ ამ ადგილის სახელი ჰქვია და შეიძლება ტექსტში იყოს ნახსენები, არამედ ჟღერადობაც გვინდა, რომ ეგეთივე მასშტაბური იყოს – იმ კონკრეტული ქვეყნისთვის დამახასიათებელი. კრეტაც იქიდან მოვიდა, რომ ზოგადად ძალიან გვიყვარს ეგეთი ეგზოტიკური მუსიკის მოსმენა. და აი, მანდოლინის მუსიკა და ბერძნული მუსიკა რაც არის, მანდედან წამოვიდა ეგ იდეა, რომ ეგეთი ჟღერადობის ტრეკი გაგვეკეთებინა. მერე გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო კრეტა. ვიდეოკლიპიც გაკეთებულია კრეტის კადრებით და ასევე საბერძნეთის სხვა ნაწილების კადრებით, რომლებიც განწყობაში ძალიან კარგად ჯდებოდა. სხვა ტრეკების ვიდეოკლიპებისთვის კიდევ უფრო ვრცელი იდეები გვაქვს. ჯერჯერობით მუშავდება და ვნახოთ.”
მომავალი კომპოზიციების, ისევე, როგორც თავად ალბომის გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა ცნობილია ბენდის ის მთავარი სათქმელი, რის გარშემოც ალბომის კონცეფცია შეიქმნა.
„საერთოდ ეს იდეა იქიდან მოვიდა, რომ ვხედავთ, რომ საქართველო ქართველების გარეშე რჩება და ყველა სადღაც მივდივართ. ეს ალბომი კი, თითქოს, travel guide უნდა იყოს მსმენელისთვის – იმ ხალხისთვის, რომელიც გარბის. ოღონდ ღრმა სარკაზმით, რა თქმა უნდა. ამ ალბომზე ჯერ საჯაროდ არსად გვისაუბრია. ბევრი გაშლა აქვს და ნელ-ნელა, როცა ალბომი გამოვა, მერე უფრო ბევრს ვილაპარაკებთ. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რა არის მისი მთავარი იდეა და ჩვენი სათქმელი: ეს არის პროტესტი საქართველოს გარუსებაზე და ერთგვარი სოლიდარობა ქართველების ქვეყნიდან გადინებაზე.”
მოუსმინეთ სიმღერას „კრეტა”