ანუშკა ჩხეიძემ EP-ის გამოშვება დააანონსა სახელწოდებით Lost Luggage. EP CES Records-ის ხმის ჩამწერ ლეიბლზე 29 სექტემბერს გამოვა. ეს მუსიკოსისთვის რიგით მეოთხე ალბომი და პირველი EP იქნება.
ანუშკა ჩხეიძე:
„EP არასდროს გამომიშვია. ყოველთვის ალბომებზე ვმუშაობ და აი, პირველად გამოვიდა, რომ EP-ის გამოვცემ მოკლე ჩანახატივით. მისი სახელწოდებაა Lost Luggage ანუ დაკარგული ბარგი, რაც ძალიან ბევრნაირად მეხმიანება მე და ჩემს ისტორიებს. პირდაპირი მნიშვნელობით რომ დავიწყო, წელს მართლა სამჯერ დავკარგე ბარგი ფრენების დროს. თან ძირითადად ისე, რომ, აი, მეორე დღეს რომ უნდა დაუკრა, ინსტრუმენტები რომ გჭირდება და არ გაქვს. ყველაზე საშინელი შეგრძნებაა შენს საყვარელ ინსტრუმენტებს რომ კარგავ. არ იცი, დაგიბრუნდება თუ არა და თან, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, რისთვისაც ჩადიხარ სადღაც, შეიძლება არ გამოვიდეს და ვერ დაუკრა იმიტომ, რომ საჭირო ნივთები არ გაქვს. ეს ბარგის დაკარგვის პროცესი რაღაც ჯადოსავით მექცა. აი, ბოლო ტიპი, ვინც აეროპორტში ბარგს ელოდება ხოლმე, მუდმივად მე ვარ. ეს EP კი, თითქოს, ამის მოშორებაა – თუკი ამ ალბომს გამოვუშვებ, მგონია, რომ ეს „ჯადოც” მორჩება.
მეორე მნიშვნელობა ამ დაკარგული ბარგის უკან კი, ეს არის ჩემი გადმოსვლა საქართველოდან ნიდერლანდებში. ახალი პერიოდი რომ იწყება შენს ცხოვრებაში, ეს ყველაფერი ამ ბარგთან, გადასვლასთან და ახალ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. ყველა შენი საყვარელი ადგილი, ნივთი, მეგობარი და ოჯახის წევრი რომ გენატრება. ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა სხვა ქვეყანაში გადასვლა. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ყოფნა მიყვარს, უცებ მართლა მარტო აღმოვჩნდი სიახლეებთან. Რა თქმა უნდა, უამრავ ადამიანს გამოუცდია სხვა ადგილზე გადასვლა, მაგრამ მე ძალიან ვარ შეყვარებული ჩემს გარემოზე. არასდროს მქონია ის განცდა, რომ თბილისი უნდა დავტოვო ან დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვრო. მიყვარს ჩემი ცხოვრება და მიყვარს ჩემი ადამიანები, ამიტომ ეს არასდროს ყოფილა ჩემი სურვილი. ჩემი მიზანი უფრო იყო განვითარება, კარგ ადგილზე სწავლა, მეტი დაკვრა, კოლაბორაცია საინტერესო ხალხთან. მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ რთული აღმოჩნდა და ეს დაკარგული ბარგი მეტაფორასავითაა, როგორც შიში, რომ არ დაკარგო შენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი რაღაცები.”
იდეურად დატვირთულ EP-ში ოთხი კომპოზიცია ერთიანდება. ოთხივე ალბომის სათქმელს იზიარებს და ერთმანეთის მიმდევრობით ჰყვება მუსიკოსის ისტორიას. უკვე გამოქვეყნდა Lost Luggage-ის ამავე სახელწოდების მთავარი კომპოზიცია, რომელიც ალბომის რიგით მეორე ტრეკია.
„Utrecht, Lost Luggage, Ase და My Lands – ეს არის ტრეკები, რომლებიც შედის ალბომში. ოთხივეს კავშირი აქვს თვითონ სათაურთან და მთლიან პროცესთან. ზოგადად, მიყვარს, რომ ისტორია ავაგო და მაგ ისტორიის მიხედვით იყოს მთელი ალბომი. არ შემიძლია, უბრალოდ „რენდომ” ტრეკები დავწერო და მერე ერთ ალბომში ჩავყარო. ყოველთვის რაღაცის გარშემო იკვრება ხოლმე და ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელს და თანმიმდევრობას. ამ შემთხვევაში თანმიმდევრობა ასეთია: Utrecht ის ქალაქია, სადაც ახლა ვცხოვრობ და ეს არის, როგორც სიახლე ჩემთვის; შემდეგ მოდის Lost Luggage და ეს ამბები, როცა დაკარგული ბარგის სიტუაციები ხდებოდა ხოლმე. Ase არის ტრეკი, სადაც ცოტა საკუთარ თავს ვაჩვევ, რომ შეეგუოს ამ ახალ მოცემულობას. My Land კი ძირითადად დაკავშირებულია იმ პერიოდებთან, როცა მე ვბრუნდები ხოლმე ჩემს ქვეყანაში და იმ აღტაცებასთან, რომელიც ამ დაბრუნებას მოაქვს.
Რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, გულწრფელად რომ ვთქვა, ეს კომპოზიციები არის ის, რაც მე მიყვარს. ანუ ვგულისხმობ იმას, რომ არასდროს პერფექციონისტულად არ ვუდგები ჩემს ნამუშევრებს. Რაც გულით მოვა, იმას ვუშვებ მაშინვე, თორემ თუ დიდხანს დავაკავე, მერე შეიძლება არასდროს ბოლო აღარ ჰქონდეს. ჩემთვის მუსიკალურად ისეთი კომპოზიციებია, რა ეტაპზეც ახლა მე ვარ, რასაც ვუსმენ და რაც მომწონს – სადაც ვარ შინაგანად.”
EP-ის პრეზენტაცია 29 სექტემბერს ნიდერლანდებში, უტრეხტში შედგება.