მაისში მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე ემი უაინჰაუსის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი Back to Black გამოვიდა. ფილმში მთავარ როლს მარია აბელა ასრულებს. ბიოგრაფიული კინოსურათი მაყურებელს უაინჰაუსის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ უყვება. ემი უაინჰაუსი წლების განმავლობაში ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე იყო დამოკიდებული. მომღერალი 2011 წელს 27 ასაკში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
Back to Black რეჟისორ სემ ტეილორ-ჯონსონის ნამუშევარია, სცენარის ავტორი კი მეთ გრინჰელია. კინოსურათი უაინჰაუსის საავტორო უფლებების მემკვიდრეებისა და იმ ოფიციალური მუსიკალური კომპანიების მხარდაჭერით შეიქმნა, რომელთანაც მომღერალი თანამშრომლობდა. სწორედ Universal Music Group-ის და Sony Music Publishing-ის ჩართულობით გახდა შესაძლებელი, რომ ბიოგრაფიული დრამა უაინჰაუსის არაერთ ცნობილ ჰიტს გაეერთიანებინა.
ფილმის მუსიკალური რედაქტორი იან კუკია, რომელიც თავის დროზე უაინჰაუსის ბენდში უკრავდა. ამჯერად მან ბიოგრაფიული ფილმის გადაღებებისას მთავარი როლის შემსრულებელ აბელასთან ითანამშრომლა, რათა ფილმის მუსიკალური ნაწილი სრულყოფილი ყოფილიყო.
Billboard-მა იან კუკთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მან Back to Black-ის გადაღებებზე ისაუბრა.
Billboard: როგორი რეაქცია გქონდათ, როცა ფილმის მუსიკალური რედაქტორობა შემოგთავაზეს?
იან კუკი: ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. ეს როგორც გამოწვევა, ისე მივიღე. შემოქმედებით გუნდს გადაღებების დაწყებამდე 10 თვით ადრე შევუერთდი. მაშინ მხოლოდ რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი იყო. გუნდი სრულად დაკომპლექტებული არ ჰყავდათ, რადგან პროექტი ოფიციალურად დამტკიცებული არ იყო. პირველი, რისი გაკეთებაც მთხოვეს, ემის სიმღერებზე უფლებების მოპოვების საკითხის გარკვევა იყო. სწორედ ამის შემდეგ უნდა მიეღოთ ფილმის გადაღების ნებართვა. შესაბამისად, ის რამდენიმეთვიანი მუშაობის პროცესი საკმაოდ რთული გამოდგა. მარისა აბელასთან თანამშრომლობისას მას ვოკალისა და გიტარის მასწავლებელი ავუყვანეთ. შემდეგ გუნდს მუსიკალური პროდიუსერი ჯაილს მარტინი შემოგვიერთდა, რომელმაც არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია. გადაღებების წინ სამუშაოები, ფროდაქშენი, პოსტ-ფროდაქშენი, მონტაჟი და მთლიანი ეს პროცესი არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო. ეს დაახლოებით ორი წელი გრძელდებოდა.
მარისასთან მუშაობის გამოცდილების შესახებ იან კუკი აღნიშნავს, რომ მსახიობი გულწრფელად არაჩვეულებრივი იყო. კუკმა ინტერვიუში მსახიობისადმი აღფრთოვანება ღიად გამოხატა და თქვა, რომ მასთან მუშაობა დიდი ბედნიერება იყო. „მან შეისწავლა ემი უაინჰაუსი, როგორც არტისტი და კარგად გაეცნო მის გავლენას,” – აღნიშნა იან კუკმა Billboard-თან ინტერვიუში.
უშუალოდ ფილმის შეფასებისას, მუსიკალურმა რედაქტორმა თქვა, რომ შემოქმედებითი გუნდი უაინჰაუსის ცხოვრებას და მთლიან ისტორიას ენთუზიაზმით მოეკიდა.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი შემოქმედებითი მემკვიდრობის ერთიანობა შენარჩუნებულიყო. ჩვენ ჩავუღრმავდით მის ადრეულ პერიოდს. დავუკავშირდით მის ადრეულ ბენდს და გავარკვიეთ, სურდათ, თუ არა, რომ გადაღებებში ჩართულიყვნენ. ისინი დაგვთანხმდნენ. ეს განსაკუთრებული და ემოციური იყო – კონცერტების სცენებში ემი უაინჰაუსის ნამდვილი ბენდი უკრავდა. ამაზე მეტად ავთენტურ შედეგს ვერ მიიღებ.”
Billboard: არის ფილმში ისეთი სცენები, რომელიც ყველაზე მეტად გიხარია, რომ აუდიტორიამ ნახა?
იან კუკი: ფილმის პირველ ნაწილში მარისა მღერის სიმღერას What Is It About Men. ამ სცენაში ის საძინებელში ზის. ვიცოდით, რომ ამას თუ სწორად აღვბეჭდავდით, მაყურებელი ფილმით დაინტერესდებოდა და ამ მოგზაურობაში ჩაერთვებოდა. მარისამ არაჩვეულებრივად იმუშავა.
იან კუკმა ასევე აღნიშნა გლასტონბერის ფესტივალის სცენა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ამ სცენებს ნახავენ, აუცილებლად მიიღებენ შთაგონებას.
„ემი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტი იყო. მას ლირიკული გონება და ძლიერი ხმა ჰქონდა. იმედი მაქვს, რომ მის მოსმენას კვლავ დავიწყებთ და ხელახლა აღმოვაჩენთ, რადგან ის სამუდამო კლასიკაა ” – აღნიშნავს იან კუკი.
Billboard: და ბოლოს, ემი უაინჰაუსის რომელი სიმღერა გიყვართ ყველაზე მეტად?
იან კუკი: Love Is a Losing Game. ეს უკვდავი, ლამაზი სიმღერაა.