„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
ნუ მიეყრდნობით
ნუ მიეყრდნობით

თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით წარწერას „ნუ მიეყრდნობით“. ზოგს ეს მხოლოდ ტრანსპორტში კარებზე დაწერილ გაფრთხილებას მოაგონებს, თუმცა 2018 წლიდან მოყოლებული, ეს სიტყვები ქართული ალტერნატიული როკ-სცენის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი ბენდის სახელად იქცა. ჯგუფი, რომელმაც მუსიკალური გზა სკოლის გეოგრაფიის კაბინეტიდან საკონცერტო სივრცემდე გაიარა, დღეს საკუთარ თავზე, „ანდერგრაუნდის“ კომპლექსებსა და იმ მუსიკალურ ქიმიაზე საუბრობს, რომელიც ქართული ალტერნატიული როკის სცენაზე გვხვდება.

ბენდის ამჟამინდელ შემადგენლობაში არიან: დათა კაციტაძე –  ვოკალი და გიტარა, რატი ჩიქოვანი – ბას-გიტარა, სანდრო გიგოლაშვილი – გიტარა და ნოდო დანდურიშვილი – დრამი. ჯგუფის წევრების თქმით, ბენდი „ნუ მიეყრდნობით“ 2018 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა მას შემდეგ შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა და ჯგუფმაც სხვადასხვა ეტაპი გაიარა.

ნუ მიეყრდნობით
ნუ მიეყრდნობით

დათა კაციტაძე – „ნუ მიეყრდნობით” ვოკალისტი:

„ჯგუფი მე და ბაქარ გუჯეჯიანმა 2018 წელს შევქმენით. მისი მოფიქრებულია სახელიც, რომელსაც რეალურად რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს. იმ შემადგენლობით ჯგუფი დაიშალა, ბოლოს მარტო დავრჩი. შემდეგ უკვე ახალი შემადგენლობა შევიკარით, ალექსანდრე ნაკაშიძე – ჩემი კლასელი, გიტარაზე დაგვემატა, მოგვიანებით კი ბასზე დიმა იყო, შემდეგ კი რატი ჩიქოვანი შემოგვიერთდა. რატი დაახლოებით 2019-2020 წელს გახდა ჩვენი წევრი და მას შემდეგ ბასისტი აღარ შეგვიცვლია.“

რატი ჩიქოვანი – „ნუ მიეყრდნობით” ბასისტი:

“2019 წლის ზაფხულში თბილისში ჯგუფ Mechanical Rainbow მოსასმენად სპეციალურად არაგვისპირიდან ჩამოვედი და მეორე დღეს, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ბენდის „ნუ მეიყრდნობის” კონცერტზე, იმავე საღამოსვე გავიცანი ჯგუფის იმდროინდელი წევრებიც. ამის შემდეგ დათას კონცერტზე აპარატურის წაღებაში დავეხმარე, რომელიც 21-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა,  ჩვენი ბასისტი ვერ მოდის, ხვალ გადაცემაში ლაივი გვაქვს და წამოდიო. იმავე საღამოს ჩავედი, რეპეტიცია გავიარეთ და მეორე დილით უკვე პირდაპირ ეთერში ვუკრავდით..“

ჯგუფის პირველი კონცერტი 2019 წელს გაიმართა,  მაშინ, როცა წევრები ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდნენ. სწორედ ამ პერიოდთანაა დაკავშირებული მათი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა.

„ყველაზე iconic ალბათ ის იყო, რომ კონცერტებს ხშირად სკოლაში ვმართავდით. მე თვითმმართველობაში ვიყავი და დირექტორი ძალიან გვიწყობდა ხელს. ერთხელ გეოგრაფიის კაბინეტშიც კი ჩავატარეთ კონცერტი –  ამის სრული ჩანაწერიც არსებობს.“ –  დათა კაციტაძე.

სწორედ იმ წლებში დაიწყო ბენდის საავტორო მუსიკის ისტორიაც.

„პირველი სიმღერა, რაც დავწერე, იყო „ილუზია. მაშინ 14 წლის ვიყავი. მანამდე გამოვუშვით „ყველაფერი“, რომელიც რეალურად ჩვენი პირველი ჩანაწერი იყო. „ილუზია“ 2019 წლის ზაფხულში გამოვიდა და ნელ-ნელა გახდა პოპულარული. თავიდან „ყველაფერი“ იყო ჩვენი ყველაზე ცნობილი ტრეკი, მაგრამ შემდეგ უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო „ილუზიამ“, რომელსაც ახლა უკვე 100 000-ზე მეტი სტრიმი აქვს.“ –  დათა კაციტაძე. 

დღეს „ნუ მიეყრდნობით“ საკუთარ მუსიკას ალტერნატიულ როკს მიაკუთვნებს, თუმცა წევრები ამბობენ, რომ კონკრეტულ ჟანრში ჩაკეტვა არასოდეს უცდიათ.

„სიტყვა „ალტერნატიული“ უკვე ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა სტილი ერთმანეთში აურიო და ჩარჩო არ გქონდეს. თავიდან უფრო პანკსა და როკს ვუკრავდით და ამიტომ მოგვაწერეს underground სტატუსი, მაგრამ დროთა განმავლობაში სხვა სივრცეებშიც დავუკარით. ახლა თითქოს შუაში ვართ.“ – სანდრო გიგოლაშვილი.

მათი აზრით, სწორედ ეს პროცესები ქმნის საინტერესო დინამიკას ქართულ მუსიკალურ სივრცეში.

„ვფიქრობ, ქართულ მეინსტრიმ სცენას როკი ძალიან აკლია. ჩვენი ალტერნატივა ისაა, რომ underground-ის პრეზენტაციას ვცდილობთ მთავარ სცენაზე. Skazz-მაც რეალურად იგივე გააკეთა, underground-შიც უკრავენ და Open Air-ის მთავარ სცენაზეც.“ – დათა კაციტაძე.

ნუ მიეყრდნობით
ნუ მიეყრდნობით

ანდერგრაუნდ სცენაზე საუბრისას ბენდის წევრები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სივრცეების ნაკლებობას ასახელებენ. სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ გაჩნდა Paper Box, რომელიც დათა კაციტაძემ მეგობართან ერთად შექმნა.

„აქამდე პრობლემა ის იყო, რომ ანდერგრაუნდ სივრცეები ძირითადად რუსული იყო და ქართული ალტერნატივა არ არსებობდა. ჩვენ, ჯგუფები, რომლებსაც დასაკრავი ადგილი არ გვქონდა, იძულებულები ვიყავით, მათთან გვეთანამშრომლა, ამიტომ გადავწყვიტეთ, საკუთარი სივრცე შეგვექმნა.“ – დათა კაციტაძე

დღეს Paper Box არა მხოლოდ კონცერტების სივრცეა, არამედ სხვადასხვა მუსიკოსის შეხვედრის ადგილიც.

„ეს უკვე ჩემი სივრცე აღარ არის,  ყველა არტისტისაა, ვინც აქ მოდის. მაგალითად, აქ დაუკრავს  „წერილს“, Skazz-ს, ერეკლე დეისაძეს და სპონტანური ლაივიც ჰქონია Mechanical Rainbow-ს.“ – დათა კაციტაძე

სანდრო გიგოლაშვილი ამ პროცესს ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს: „ვფიქრობ, ქალაქს მსგავსი სივრცეები ძალიან სჭირდება, სწორედ  ეს აცოცხლებს მას.“

რაც შეეხება ბენდის მიერ მუსიკის შექმნის პროცესს, ის ძირითადად ვოკალისტის, დათა კაციტაძის  იდეით იწყება, თუმცა საბოლოო ფორმირებას ჯგუფური მუშაობის შედეგად იღებს.

„სიმღერის ჩონჩხი დათას მოაქვს,  მელოდიითა და ტექსტით. შემდეგ უკვე ბენდში ვამუშავებთ და ყველაფერი იცვლება. რატი ჩიქოვანი.

„ყოფილა ტრეკები, რომლებიც სრულიად სხვა იდეით იწყებოდა და რეპეტიციაზე სულ სხვა მიმართულებით წავიდა. კოვიდის პერიოდში ერთი ალბომი დისტანციურადაც კი ჩავწერეთ. გიტარის პარტიებს ვუგზავნიდი დიმას, ის მიქსავდა და ამასტერებდა. მაშინ თითქმის ყველაფერი მარტო მე მქონდა გაკეთებული. ახლა უკვე ყველანი ვართ ჩართული და ეს არის ის, რაც ბენდს ქმნის.“ – დათა კაციტაძე.

ბენდის სიმღერების თემატიკა კი ხშირად პირად ემოციებს, შინაგან მდგომარეობასა და ურთიერთობებს ეხება.

„ძირითადად სიყვარულზე, შინაგან მდგომარეობაზე, ყვეასლთვის ნაცნობ ადამიანურ თემებზე ვწერთ. ალბათ ამიტომ უყვარს მსმენელს ჩვენი მუსიკა. ტექსტები მარტივია და ბევრი საკუთარ თავთან აკავშირებს. ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც მარტივი პირადი გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია. თუმცა ასევე გვაქვს ტრეკები, როგორიცაა „ყოფიერება“ და „სამშობლო“. დადა დადიანის „ელექტროსკამზეც“ დაგვიკრავს. ზოგჯერ რეალობა ისეთია, რომ უბრალოდ გიწევს, ამოხეთქო..“ – დათა კაციტაძე.

მუსიკალური თვალსაზრისით, ბენდი ნამდვილი ეკლექტიკაა. აქ ერთმანეთს ხვდება Joy Division-ის პოსტ-პანკი, Nirvana-ს ენერგია და კლასიკური მუსიკის გავლენები.

„დაკვრის ინტერესი ჩემთვის Nirvana-დან დაიწყო.“ – ამბობს დათა. რატის თქმით, ბასის სიყვარული The Clash-ის მოსმენის შემდეგ გაუჩნდა, სანდროზე მუსიკალური გავლენა ბახმა მოახდინა, ნოდო დანდურიშვილისთვის კი ამ მხრივ გემოვნების ჩამოყალიბება Nirvana-ს და დევიდ გროლის დამსახურებაა.  

მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაზე საუბრისას ჯგუფი მენეჯერისა და პროდიუსერის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.

„ბენდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მენეჯერი, ყველაფერს ერთდროულად ვერ გააკეთებ. მუსიკოსის საქმე მუსიკაა. ჩვენ არ გვყავს პროდიუსერი, თუმცა ჩაწერის დროს ხმის ინჟინრები ხშირად ითავსებენ ამ როლს. გურამ ცაგარეიშვილი და ტატო სვანაძე ის ადამიანები არიან, ვის აზრსაც ძალიან ვენდობით.“ – სანდრო 

ნუ მიეყრდნობით
ნუ მიეყრდნობით

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბენდი ნაკლებად აქტიური იყო, ჯგუფის წევრების თქმით, ეს დრო ახალ მუსიკაზე მუშაობას   დაეთმო.

„ბევრი სიმღერა გვაქვს, რომელიც ჯერ არ გამოგვიცია. ერთ-ერთი უკვე ჩავწერეთ, მაგრამ ჯერ თაროზე დევს.  გვინდა, კიდევ რაღაც შევცვალოთ. ასევე გვაქვს ახალი ტრეკი „თან მდევს“, რომელიც Paper Box-ში ლაივზე პირველად შევასრულეთ და ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა.

სიმართლე გითხრათ, ამ წელს ნაკლებად აქტიურები ვიყავით, ორი ტრეკი გამოვუშვით და ბევრი ლაივი არ გვქონია. მომავალში გვინდა მეტი კონცერტი და დიდი სცენის გამოცდილებაც. ვფიქრობ, ამდენი შრომის შემდეგ ამას ვიმსახურებთ. თუმცა მთავარ მოტივაციას მაინც ჩვენი ერთგული მსმენელი გვაძლევს და მათი მუხტი ჩვენზეც გადმოდის.“ – დათა კაციტაძე.

ბენდი „ნუ მიეყრდნობით” ნათელი მაგალითია იმისა,  რომ მუსიკის სიყვარული შესაძლოა იქ გაჩნდეს, სადაც სცენა ზოგჯერ საერთოდ არ მოიაზრება.  ეს ბენდი სწორედ  ის თვითნაბადი მექანიზმია, რომელიც მაშინაც მუშაობს, როდესაც დაშლის პირასაა. თუ ოდესმე მათ ლაივს დაესწრებით, მიხვდებით რომ სახელი „ნუ მიეყრდნობით“ მხოლოდ გაფრთხილება არ არის, ეს მოწოდებაა  – შეინარჩუნო თვითმყოფადობა, დადგე მყარად, შექმნა მუსიკაში საკუთარი სამყარო და შეინარჩუნო შენი ქალაქის ავთენტური ხმა.“ 

მოისმინეთ ბენდის უახლესი რელიზი „შემოდგომის მზე”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rolling Stone Rooftop Bar – ლეგენდარული ბრენდის მსოფლიოში პირველი რუფტოპ ბარი სტუმრებს მუსიკალურ საღამოებზე ეპატიჟება

შემდეგი სტატია

Blackpink-ის ვარსკვლავი Dracula-ს ვირუსულ ტრენდში ჩაება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი
Janngo - Minute (Official Music Video)

Janngo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Minute უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

ქართველი არტისტი მარიამ ჯანჯღავა, სასცენო სახელით Janngo, მსმენელს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს უზიარებს, - სიმღერა Minute-ის ოფიციალური ვიდეო უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
მეტი

კეტი პერი რუბი როუზის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს და მას საშიშ ტყუილს უწოდებს

მსახიობი ამტკიცებს, რომ ინციდენტი მელბურნში, ავსტრალიაში, 20 წლის წინ მოხდა.
მეტი