Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველკვირეულად წარმოგიდგენთ New Music Friday-ს ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს. კვირის გზამკვლევში უცხოელ არტისტებთან ერთად ქართველ შემსრულებლებსაც შეხვდებით.
წინა კვირას მიმოხილვაში Madonna და საბრინა კარპენტერი, Kacey Musgraves და Zara Larsson მოხვდნენ, ამ კვირაში კი Charli xcx ახალ ეტაპს იწყებს სიმღერით Rock Music, MUNA თავის ენერგიულ მეოთხე ალბომს უშვებს, ხოლო Lykke Li კარიერის მეექვსე და დასკვნით პროექტს წარადგენს…
გაეცანით კვირის რჩეულ რელიზებს:
Charli xcx – Rock Music
მას შემდეგ, რაც აპრილში Charli xcx-ის მენეჯმენტმა Billboard-თან მინიშნება გააკეთა, რომ მომღერალი რიგით მერვე ალბომზე მუშაობს, თავად არტისტმაც დაიწყო ამის შესახებ დეტალების გამოქვეყნება. British Vogue-სთან ინტერვიუში მან ახსენა, რომ ალბომში სიმღერები როკის ინსპირაციითაც იქნებოდა შესული. ახალ სინგლს სიმბოლურად მართლაც Rock Music ჰქვია, სადაც არტისტი მღერის: „ვფიქრობ, საცეკვაო მოედანი მოკვდა, ამიტომ ახლა როკმუსიკას ვქმნით“. თუმცა, Charli xcx-ის სტილიდან გამომდინარე, ეს სულაც არ არის ის, რასაც მსმენელი ელის – Rock Music 1-წუთიანი და 55-წამიანი კომპოზიციაა, რომელიც უფრო გრანჟ-საცეკვაო ტრეკია გიტარის რიფით და ის ნამდვილად იდეალურად მოერგებოდა კლუბის საცეკვაო სივრცეს.
MUNA, Dancing On the Wall
MUNA-ს მეოთხე ალბომი Dancing On the Wall დღეს გამოვიდა მთავარ ტრეკთან, Eastside Girls-თან ერთად. სიმღერის კლიპში მსახიობი ჰანა აინბინდერი და კომიკოსი ქეით ბერლანტი მონაწილეობენ. ვოკალისტ ქეითი გავინის გამორჩეული ხმა MUNA-ს მთელ შემოქმედებას აერთიანებს, ინტროსპექტიული, ნელი სიმღერებიდან დაწყებული, სწრაფი, ენერგიული ჰიტებით დასრულებული. სიმღერა Dancing On the Wall ტრიოს აღმავალი გზის სრულფასოვან გაგრძელებად გვევლინება.
Kelela – linknb
სანამ Kelela 10 ივლისს გამოსაცემი მომავალი ალბომისთვის, New Avatar-ისთვის ემზადება, არტისტი თამასას კიდევ უფრო მაღლა სწევს და სოულის, R&B-ისა და ალტერნატიული ექსპერიმენტული მუსიკის ჟანრობრივი შერწყმით ახალ სინგლს – linknb-ს აქვეყნებს.
სიმღერის ქრონომეტრაჟი სულ რაღაც ორი წუთია, თუმცა Kelela ამ ფორმატშიც თავისუფლად ამართლებს თავისი მესამე ალბომის მიმართ არსებულ მაღალ მოლოდინებს.
Tashyo, Amikko, akasix6six, SabanaYesYes – TAIFUN
ქართულ მუსიკალურ სივრცეში ლეიბლი, სახელწოდებით ONEONEWORLD გამოჩნდა. პლატფორმაზე უკვე არაერთი კოლაბორაციული ნამუშევარი გამოიცა, ამჯერად კი ლეიბლმა ტრეკი TAIFUN და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა.
ტრეკის ავტორები და შემსრულებლები არიან: Tashyo, Amikko, SabanaYesYes და akasix6six. მუსიკალურ ვიდეოზე ONEONEWORLD-მა ჰიპ-ჰოპ მოძრაობა „კვალთან“ ერთად იმუშავა. საოპერატორო ნამუშევარი ტატო კოტეტიშვილს ეკუთვნის, პოსტ-ფროდაქშენი და მონტაჟი კი – Vinda Folio-ს.
Lykke Li – The Afterparty
შვედი მომღერლის რიგით მეექვსე და, თავად არტისტის თქმით, საბოლოო ალბომი The Afterparty დღეს გამოვიდა. ის ერთდროულად სევდიანიცაა და საზეიმოც. არტისტის თქმით, ეს მის თითქმის 20-წლიან კარიერასთან თავისებური გამომშვიდობებაა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომი მთლიანობაში სრულ ნარატივად აღიქმება, სიმღერა Happy Now ალბათ ყველაზე კარგად ასახავს Lykke Li-ს ამჟამინდელ განწყობას, განსაკუთრებით მისამღერში: Did your tears all go away? Did the darkness ever fade? Is it over? Are you happy now? / (გაგიშრა ცრემლები? გაიფანტა სიბნელე? ყველაფერი დასრულდა? ახლა ბედნიერი ხარ?)
The Last Dinner Party – Big Dog
როკჯგუფი The Last Dinner Party ბოლომდე იხარჯება ახალ სინგლში Big Dog, სადაც მძლავრ ელექტროგიტარის რიფებს ვოკალი ერწყმის, საბოლოოდ კი იდუმალი ჩურჩულიდან მგრძნობიარე, ემოციურ აფეთქებაში გადადის. ჯგუფმა სიმღერაზე კლიპიც (On The Road) გამოუშვა, რაც ლოგიკურია, რადგან ტრეკი უკვე მათი ცოცხალი გამოსვლების მნიშვნელოვანი ნაწილია. მალე კი კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი შეძლებს მათ მოსმენას, რადგან The Last Dinner Party 2027 წლის დასაწყისში, გარკვეულ თარიღებში, რამდენიმე კონცერტზე Olivia Rodrigo-ს ტურნეს შეუერთდება.
Little Simz – Sugar Girl
მცირე მინიშნებების შემდეგ, Little Simz-მა ახალი პროექტი, სახელწოდებით Sugar Girl წარადგინა. ეს მისი მესამე ნამუშევარია ბოლო სამი წლის განმავლობაში. ალბომი Simz-ისა და პროდიუსერ Jakwob-ის (რომელიც 2024 წლის საცეკვაო ჰიტის, Drop 7-ის ავტორია) ტრიუმფალურ შემოქმედებით დაბრუნებას წარმოადგენს.
ჟღერადობა მრავალფეროვანია: აქ შეხვდებით როგორც ბუიონის (bouyon) რიტმებით გაჯერებულ კომპოზიციას Open Arms, ისე Auto-Tune-ით გაფორმებულ That’s A No No-ს. მიუხედავად ამისა, ალბომის ფავორიტი სიმღერა JT-ის მონაწილეობით ჩაწერილი Game On არის. სიმღერაში Little Simz სოციალურ და პოლიტიკურ თემებს ეხება, ტრანსგენდერი ადამიანების მხარდაჭერით დაწყებული, რასობრივი სამართლიანობის საკითხებით დასრულებული. ის პოლიტიკურ გზავნილებსა და იუმორს ისეთი ოსტატობით აზავებს, რაც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი.
PJ Morton – Sell My Soul
სიმღერა Sell My Soul PJ Morton-ის მომავალი ორმაგი ალბომის, Saturday Night, Sunday Morning-ის მორიგი კომპოზიციაა. ნამუშევარი ალბომ Saturday Night-ის ნაწილშია წარმოდგენილი. კომპოზიციაში არტისტი მძიმე განსაცდელისა და ცდუნების ფონზე, ოპტიმიზმსა და რწმენას სასოწარკვეთით ეჭიდება, სადაც მისი გზავნილი პირველივე სტროფიდან იკვეთება: „ცდილობ, ჩემს სისუსტეზე ითამაშო, მაშინ მოხვიდე, როცა დაცემული ვარ… მაგრამ სანამ ვსუნთქავ, მზე კვლავ გამოანათებს“.
ნამუშევარი მუსიკალურად კიდევ უფრო გაამდიდრა კეიონ ჰაროლდმა, რომელიც საყვირსა და ფლუგელჰორნზე გამორჩეულ პარტიას ასრულებს. საბოლოო ჯამში, Sell My Soul გვევლინება, როგორც იმედისმომცემი, სიმშვიდის მანტრა, რომლის გაზიარებაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.
ანუკა ყიფშიძე – Aqui
ქართველმა მუსიკოსმა ანუკა ყიფშიძემ ახალი სინგლი, სახელწოდებით Aqui წარადგინა. ეს ანუკა ყიფშიძისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან Aqui მისი პირველი ესპანურენოვანი ნამუშევარია.
„მუსიკის იდეა საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში დაიბადა, ჩემს ოთახში, და იქვე დავასრულე. Aqui ესპანურად ნიშნავს – აქ. მუშაობის პროცესი საინტერესო იყო და გამოწვევაც ახლდა, თავისთავად, რადგან ამ სტილში მუსიკა აქამდე არ გამიკეთებია. ბითი არის სრულიად თანამედროვე რეგეტონის სტილში, ექსპერიმენტული და ელექტრო.” – ანუკა ყიფშიძე.