27 ოქტომბერს 19:00 საათზე ბერლინის კონცერტჰაუსში ქართველი მუსიკოსების დებიუტი შედგება. კონცერტი IRC-ის(საერთაშორისო სამაშველო კომიტეტის) მხარდაჭერით ჩატარდება. Საქველმოქმედო საღამო უკრაინაში ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი და კომპოზიტორი მიკა მდინარაძე მიიღებენ.
ღონისძიებას კონცერტჰაუსის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი მაესტრო კრისტოფ ეშენბახი გაუძღვება. სწორედ Მისი პერსონალური მოწვევით კონცერტის პირველ ნაწილს ისლანდიაში მცხოვრები ქართველი მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს. მასში მონაწილეობას უკრაინელი სოლისტები, ვალერი სოკოლოვი და ალექსეი შადრინი მიიღებენ.
კონცერტის მეორე ნაწილში კი ქართველი კომპოზიტორის, მიკა მდინარაძის ნაწარმოების “Kyrie Eleison” მსოფლიო პრემიერა შედგება. დირიჟორი მაესტრო ეშენბახი იქნება, სოლისტი – მარისოლ მონტალვო. ამ ღონისძიებაში ქართველი მუსიკოსების მონაწილეობა უკრაინელი დევნილი მოსახლეობის მიმართ ერთგვარი მხარდაჭერის გამოხატულებაა.
IRC – საერთაშორისო სამაშველო კომიტეტი – 1933 წელს ცნობილმა გერმანელმა ფიზიკოსმა ალბერტ აინშტაინმა დააფუძნა. ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით პოლიტიკური კრიზისის, ომის, დევნისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხმარება.
27 ოქტომბერს ჩატარებული კონცერტიდან შემოსული თანხები სრულად უკრაინაში ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების ფონდში გადაირიცხება.
2022 წლის ზაფხულში თბილისის ახალგაზრდული ორკესტრისა და მიკა მდინარაძის ინიციატივით უკრაინის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა. კომპოზიტორმა მიკა მდინარაძემ რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაღუპული ბავშვების ხსოვნას ნაწარმოები ,,145 ქრისტე” მიუძღვნა. პრემიერა 2 ივლისს თბილისის კონსერვატორიაში ფუად იბრაჰიმოვის დირიჟორობით შედგა.