დროდადრო ქართულ მუსიკალურ სცენაზე ახალი არტისტებს ვხედავთ, რომლებიც ვოკალური შესაძლებლობებით, მუსიკალური გემოვნებით და შემოქმედებითი ხედვით, მსმენელისათვის აღმოჩენა ხდებიან. ერთ-ერთი მათგანია გიორგი დათიაშვილი – ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც ფართო აუდიტორიამ ქართული The Voice-დან გაიცნო.
მუსიკასთან გიორგი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე გადაიკვეთა, როდესაც ხუთი წლის ასაკში ჯაზ-ვოკალზე შევიდა. როგორც თვითონ ამბობს, თავდაპირველად მუსიკალურ კარიერაზე არ ფიქრობდა. მიუხედავად ამისა, მიღებულმა მუსიკალურმა განათლებამ და გამოცდილებამ მას მყარი საფუძველი მისცა, რაზეც საკუთარი შემოქმედების დაშენება შეძლო. მისი საავტორო სიმღერები სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს აერთიანებს. ნამუშევრებში გვხვდება ინდისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავი და სხვადასხვა ექსპერიმენტული ჟღერადობა.
გიორგი დათიაშვილი:
„ჯაზ ვოკალზე რვა წელი ვიარე, თუმცა სასწავლო პროცესში მაქსიმალურად ჩართული არც ვიყავი. შემოქმედებითი კარიერის გაგრძელებაზე თავიდან არც მიფიქრია, მუსიკა ჩემთვის მიყვარდა. როცა 17 წლის ვიყავი, ჩემმა მეგობარმა ლუპერი მათხოვა. სწორედ ასე დავიწყე გიტარის მონაკვეთების ჩაწერა და ამ მონაკვეთებზე სიმღერების დაწერა. აბიტურიენტობის პერიოდში ხშირად ვხვდებოდი თავისუფლების მოედანზე, სადაც ქუჩის მუსიკოსები უკრავდნენ. ყოველთვის ვჩერდებოდი და ვუსმენდი. მომწონდა ის, თუ როგორ გაბედულად შეეძლოთ საჯარო ადგილას სიმღერა. მე ჩემთვის ჩუმად ვყვებოდი ხოლმე. ერთხელაც მიკროფონთან მიმიწვიეს და მამღერეს. სწორედ ეს იყო გარდამტეხი მომენტი, როცა ქუჩის მუსიკოსებს შევუერთდი. ეს საკმაოდ დიდი გამოცდილება იყო, ვისწავლე აუდიტორიის წინაშე ჩემი ხელოვნების წარდგენა. სახლში სტუდია მოვიწყე და მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.“
გიორგი დათიაშვილი ამჟამად The Voice-ის ფინალისტია. მისი მენტორი დათო ევგენიძეა. ამ ფორმით მათი გაერთიანება სიმბოლურია, რადგან სწორედ დათო ევგენიძე იყო ის ადამიანი, რომელმაც გიორგი დათიაშვილი ჯერ კიდევ ქუჩის მუსიკოსობის დროს შეამჩნია.
„ერთ დღეს ჩემთვის ვიდექი ქუჩაში და ვმღეროდი, როგორც ყოველთვის. ამ დროს დათო ევგენიძემ გამოიარა, გაჩერდა, გამომელაპარაკა და თავის გადაცემაში მიმიწვია.“- გიორგი დათიაშვილი.
ქუჩის მუსიკოსობიდან გიორგი სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებაზე და ფესტივალის სცენაზეც აღმოჩნდა. თუმცა, The Voice ის პროექტია, სადაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიცნო.
„კონკურსების ფორმატი არასდროს მომწონდა და ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ The Voice-ში მონაწილეობა სწორი გადაწყვეტილა იყო, თუმცა ეს პროექტი ჩემთვის დიდი შესაძლებლობა აღმოჩნდა. სანამ The Voice-ში აღმოვჩნდებოდი, ცხოვრების ის მომენტი მქონდა, როცა უკვე მუსიკალური კარიერისათვის თავის დანებებას ვაპირებდი. მიზეზი ალბათ იმედგაცრუება იყო – დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ სფეროში იმ მიზნებს ვერ მივაღწიე, რაც დასახული მქონდა. The Voice-ში გამოჩენის შემდეგ, ჩემი აუდიტორია საგრძნობლად გაიზარდა, ახალი მიზნები და შესაძლებლობები გაჩნდა, თითქოს ახალი ეტაპი დაიწყო.“ – გიორგი დათიაშვილი.
კონკურსის პირობების მიხედვით, ქართული The Voice-ის გამარჯვებული „ევროვიზიაზე“ წარადგენს.
„მიუხედავად იმისა, რომ „ევროვიზიაზე“ მონაწილეობა არასდროს მიფიქრია, როცა გავიგე, რომ შემდეგი დაჯილდოება ბრიტანეთში ტარდება, ამან მოტივაცია მომცა. თუ The Voice-ში გავიმარჯვებ და მომეცემა საშუალება, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ღირსეულად წარვადგენ.“ – გიორგი დათიაშვილი.
გიორგი დათიაშვილი The Voice-ის ფინალში ხუთშაბათს წარდგება.
მისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ ნომერზე – 0903300315