შინეიდ ო კონორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. „დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ ჩვენი ძვირფასი შინეიდი გარდაიცვალა. ოჯახი და მეგობრები დამწუხრებული არიან და ამ რთულ პერიოდში საზოგადოებას პირადი სივრცის დაცვას სთხოვენ.“ – განაცხადა მომღერლის ოჯახმა BBC-სთან გაკეთებულ განცხადებაში. მუსიკოსის ოფიციალურ წარმომადგენლებს ასევე დაუკავშირდა Billboard.
გადაპარსული თავით და გამორჩეული იმიჯით ო კონორმა 1980-იან წლებში მუსიკალურ სცენაზე გამოჩენისთანავე მიიპყრო ყურადღება. ო კონორი იმ დროისათვის მუსიკალურ სცენაზე დამკვიდრებულ სექსისტურ დამოკიდებულებას ეწინააღმდეგებოდა.
დინამიკური როკის და ბალადების სინთეზით მან მუსიკალურ სფეროში საკუთარი თავი დაიმკვიდრა. ო კონორი ძლიერ ვოკალთან და შთამბეჭდავ შესრულებასთან ასოცირდებოდა. მას არ ადარდებდა იმდროინდელი ტიპური პოპ ვარსკვლავების ხრიკები. შინეიდ ო კონორის საჯარო იმიჯი იყო გადაპარსული თავი, დახვეწილი კოსტიუმები და ჟანრობრივი მრავალფეროვნება, რის გამოც მისი სიმღერები ალტერნატიული რადიოს ჰიტებად იქცა. მისმა კომპოზიციებმა სახელწოდებით Mandinka და I Want Your Hands (On Me) კლუბურ სივრცეებშიც შეაღწია და მათზე დიჯეებმა ელექტრონული მიქსები შექმნეს.
მიუხედავად იმისა, რომ შინეიდ ო კონორის დებიუტი საკმაოდ ხმაურიანი იყო, გარდამტეხი მომენტი 1990 წელს გამოცემული სიმღერა Do Not Want What I Haven’t Got აღმოჩნდა. არტისტის შემოქმედებაში განსაკუთრებული მოვლენა იყო Prince-ის სიმღერის Nothing Compares 2 U ქავერ ვერსიის შესრულება, რამაც შინეიდისაკენ საერთაშორისო ყურადღება მიაპყრო. მომღერლის ალბომმა კი გამორჩეული ფორმით გადმოსცა ავტორის შინაგანი ბრძოლა და დანაკარგის შეგრძნება. ნამუშევარმა გააერთიანა ფრენკ ო კონორის ლექსები, კელტური მელოდიები, ჯეიმს ბრაუნის ცნობილი სიმღერის Funky Drummer-ის ბიტების სემპლები.
მიუხედავად იმისა, რომ შინეიდ ო კონორის ვარსკვლავი ბრწყინდებოდა, მან ინდუსტრიის წესებით თამაშზე უარი თქვა. ხშირად საკმაოდ წინააღმდეგობრივ აზრებს აჟღერებდა: ინტერვიუებში ირლანდიელი ჯარისკაცების სისხლიან ტაქტიკას იცავდა, მკაცრად აკრიტიკებდა U2-ს. 1990 წლის მაისში შინეიდ ო კონორმა უარი თქვა Saturday Night Live-ში კომედიანტ ენდრიუ დაის ქლეისთან ერთად მუსიკალური ნომრის შესრულებაზე. ასევე 1990 წელს შინეიდ ო კონორის ქმედებამ ფრენკ სინატრას გაბრაზებაც გამოიწვია, როცა ნიუ ჯერსიში გამართულ ღონისძიებაზე არ იმღერა. ო კონორმა სიმღერაზე უარი მას შემდეგ თქვა, როცა გაიგო, რომ ეროვნული ჰიმნი მის სცენაზე ასვლამდე შესრულდებოდა.
შინეიდ ო კონორის კარიერაში კიდევ ერთი სკანდალური მომენტი ზემოხსენებული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ მოხდა. მომღერალი SNL-ში მიიწვიეს, სადაც მან ბობ მარლის სიმღერის War ა კაპელა ვერსია შეასრულა. მოულოდნელად, პროდიუსერებთან შეთანხმების გარეშე ო კონორმა კამერას შეხედა და სიმღერის ბოლოს იოანე პავლე II-ს სურათი დახია. ებრძოლეთ რეალურ მტერს – წარმოთქვა ამ დროს მომღერალმა. ო კონორის მხრიდან ეს იყო კათოლიკური ეკლესიის მიმართ გამოთქმული პროტესტი, რომელიც ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებს ეხებოდა. მოგვიანებით, შინეიდმა თქვა, რომ ბავშვობაში მასზე ძალადობდნენ.
შინეიდ ო კონორი 1966 წლის 8 დეკემბერს ირლანდიაში, დუბლინში დაიბადა. როდესაც შინეიდი 8 წლის იყო, მისი მშობლები გაშორდნენ. შემდგომში მომღერალმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დედასთან ერთად დაიწყეს ცხოვრება, ის და მისი და-ძმა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყვნენ. შინეიდ ო კონორი ხშირად გამოსასწორებელ სკოლებსა და პანსიონატებში ხვდებოდა. 15 წლის ასაკში იგი ირლანდიურმა ბენდმა Tua Nua-მ აღმოაჩინა, როდესაც ქორწილში ბარბარა სტრეიზანდის Evergreen-ს მღეროდა.
ვოკალისა და ფორტეპიანოს მიმართულებით დუბლინის მუსიკალურ კოლეჯში სწავლის შემდეგ, 80-იანი წლების დასაწყისში იგი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. ლონდონში ყოფნისას მან U2-ს გიტარისტთან The Edge-თან თანამშრომლობით ფილმის The Captive საუნდტრეკი ჩაწერა.
შინეიდ ო კონორის შემოქმედებითი კარიერა არაპროგნოზირებადი ხასიათით გამოირჩეოდა. მათ შორის იყო პოპ სტანდარტების ალბომი Am I Not Your Girl?, რომელიც არტისტმა 1992 წელს გამოსცა. ალბომმა წარმატებას ვერ მიაღწია. 1994 წელს შინეიდ ო კონორი ახალი ალბომით Universal Mother დაბრუნდა, რომელშიც ბავშვების საშიში დედისგან დაცვის სურვილი ჩანდა. Universal Mother-ის ერთ-ერთი სიმღერა Nirvana-ს კომპოზიციის All Apologies ქავერ ვერსიაა.
შემდეგ იყო მუსიკალური ინდუსტრიიდან წასვლა, მედიასთან საუბარზე უარის თქმა, 2000-იან წლებში ახალი ალბომით დაბრუნება და ასე შემდეგ. შინეიდ ო კონორმა ბოლო ალბომი სახელწოდებით I’m Not Bossy, I’m the Boss 2014 წელს გამოსცა. ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
შინეიდ ო კონორი ღიად საუბრობდა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე. თავდაპირველად მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორად დაუსვეს. საბოლოოდ მისი მდგომარეობა ექიმებმა პოსტ ტრავმული სტრესის სინდრომად შეაფასეს. ო კონორს ასევე ჰქონდა დეპრესია და სუიციდისაკენ მიდრეკილება. მენტალური პრობლემების გამო არტისტმა 2012 წლის საკონცერტო ტურნეც გააუქმა.
2022 წლის ივნისში მომღერლის 17 წლის ვაჟი, შეინი გარდაიცვალა. შეინი ირლანდიაში გარდაცვლილი იპოვეს. ამ დანაკარგს შინეიდი სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა: „ჩემი ცხოვრების სინათლემ გადაწყვიტა, ამქვეყნიური ბრძოლა დაესრულებინა და ახლა ღმერთთან არის. სიმშვიდით განისვენოს და დაე მის მაგალითს არავინ მიჰყვეს. ჩემო პატარავ, ძალიან მიყვარხარ. გთხოვ, მშვიდად განისვენე.“
მომღერალს სამი შვილი დარჩა.