84 წლის პოლ ანკა თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ

პოლ ანკა
Paul Anka: His Way JUSTIN ZWEIFACH/HBO

84 წლის პოლ ანკა TikTok-ის დიდი გულშემატკივარია. ეს იმიტომ ხდება, რომ მისი სიმღერები, მათ შორის Put Your Head on My Shoulder, My Way და თუნდაც Having My Baby აპლიკაციაში ახალ სიცოცხლეს იძენს. სიმღერებს სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოების მუსიკალური გაფორმებისთვის იყენებენ. შედეგად, ანკას TikTok ტელეფონსა და iPad-ზე აქვს დაყენებული და თვალყურს ადევნებს ამ ტენდენციას. ხელოვანის სოციალური ქსელებისადმი დამოკიდებულება კარგად არის ასახული HBO-ს დოკუმენტურ ფილმში – Paul Anka: His Way, რომლის პრემიერაც 1-ელ დეკემბერს შედგა.

„რაღაც გაგებით, სასაცილოც არის და სასიამოვნოც,“ – ამბობს ანკა Billboard-თან ინტერვიუში. „ახლახან დავტოვე მეხიკო სიტი. შოუზე 10 000 ადამიანი იყო. მათ შორის ვხედავდი თინეიჯერებს, რომლებიც იქ TikTok-ის გამო იყვნენ. TikTok-ის წყალობით, ყველა ამ ბავშვმა იცის ეს სიმღერები. ეს შესანიშნავია,” – ამბობს პოლ ანკა.

ახლა ანკას რამდენიმე ახალი პროექტი აქვს – დოკუმენტური ფილმი, 2026 წელს დაანონსებული ალბომი და მიუზიკლი, რომელიც ახალ და დიდი ხნის ფანებს საშუალებას მისცემს, ჩაუღრმავდნენ მის ცხოვრებას და შემოქმედებით სტილს.

იმის აღიარებით, რომ „დოკუმენტური ფილმების სიჭარბის ეპოქაში ვართ“, ანკა ამბობს, რომ თავს იკავებდა საკუთარი დოკუმენტური ფილმის გამოშვებისგან. „ხალხი მოდიოდა ჩემთან და შეხვედრებზე ვგრძნობდი, რომ არ იყო საკმარისი კრეატიულობა,” – ამბობს ის. შემდეგ კი რეჟისორ ჯონ მაჯოსთან  და მის გუნდთან გადაიკვეთა. ეს ანკასთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ პროექტს დათანხმებოდა. საბოლოოდ, ფილმის პრემიერაც წლევანდელ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

„ნამდვილად არ მინდოდა, პროდიუსერის ან მსგავსი სტატუსით მქონოდა რაიმე ტიპის კრედიტი,“ – ამბობს ანკა. „ჩემი მიდგომა ასეთი იყო: თქვენ იცით რასაც აკეთებთ. მე არ მინდა, 30 მეგობარი აღფრთოვანებით ლაპარაკობდეს ჩემზე. ეს არ მაინტერესებდა.”

ფილმში ასახული ისტორია შთამბეჭდავია. ანკა მშობლიური ოტავიდან ნიუ-იორკში 15 წლის ასაკში ჩავიდა. ანკა არის The Tonight Show with Johnny Carson-ის შოუს თემატური მუსიკის ავტორი და დოკუმენტურ ფილმში იხსენებს, რომ კარსონს საგამომცემლო უფლებების ნახევარი მისცა. ანკა ასევე იხსენებს, რომ სიმღერის გამოყენების წინააღმდეგი იყო შოუს მუსიკალური დირექტორი სკიტჩ ჰენდერსონი.

„ბავშვობაში ვთქვი – ამ ბიზნესში ვერ გავძლებ, თუ ავტორი არ ვიქნები. ასე ვფიქრობდი მაშინაც, როცა The Beatles-ს შევხვდი. ამ დროს ისინი ჯერ ავტორები არ იყვნენ, ჯერ ე.წ. ქავერ ბენდი იყო. როდესაც მათ შევხვდი, ვუთხარი – თქვენ უნდა წეროთ! თქვენ უნდა წეროთ! წერის საკითხი იყო ის, რაზეც მე ვიყავი ორიენტირებული.”

ფილმი Paul Anka: His Way მაყურებელს გარკვეულწილად მის პირად ცხოვრებაშიც ახედებს. მან სამჯერ იქორწინა და ექვსი შვილი ჰყავს. თუმცა ფილმი თავისუფალია იმ თემებისგან, რომლებიც, როგორც წესი, გვხვდება დოკუმენტურ ფილმებში.

„15 წლის ხარ და კანადიდან ამ დიდი ამერიკული ოცნების ასასრულებლად ჩამოდიხარ. შენი წარმატება შენზეა დამოკიდებული და არ გინდა რამე გააფუჭო. ასე რომ, მე გავაკეთე არჩევანი, რაზე წავიდოდი და რაზე – არა,” – აღნიშნავს პოლ ანკა. „მე გარკვეული ცხოვრების სტილით ვცხოვრობ – გარკვეული წესით ვჭამ, მაგარ სპირტიან სასმელებს არ ვეტანები, არასდროს ვყოფილვარ მწეველი. თუ გინდა, რომ ცნობიერი იყო და აზროვნებდე, წესრიგი უნდა შეინარჩუნო.“

მიუხედავად იმისა, რომ ანკას ახლო ურთიერთობები ჰქონდა მაფიის ბოსებთან, რომლებიც მართავდნენ მუსიკალურ და გასართობ ინდუსტრიებს, სადაც ის მუშაობდა, არტისტს არასოდეს უგრძვნია საფრთხე.

„ჩემი გამოცდილებით, ისინი საუკეთესონი იყვნენ სამუშაოდ – ისინი იყვნენ ერთადერთი, ვისთვისაც ღირდა მუშაობა,“ – ამბობს ანკა. „არასდროს მიგრძვნია, რომ ვინმე მემუქრებოდა ან რამის გაკეთებას მაიძულებდა. მე პატივს ვცემდი მათ. ისინი პატივს მცემდნენ მე. მე მათ ფული ვაშოვნინე. ისინი ჯენტლმენები იყვნენ.”

დოკუმენტური ფილმის გამოსვლის შემდეგ, ანკა ახლა თავის ყურადღებას მიმართავს მიუზიკლზე, რომლის პროექტზეც ის ასევე თავს იკავებდა. „არ მქონდა კარგი წარმოდგენა ავტორებზე, ვისთანაც ადრე მიმუშავია,“ – აღნიშნავს მუსიკოსი. შემდეგ მან თანამშრომლობა დაიწყო პროდიუსერებთან კანადიდან, რომლებმაც ავტობიოგრაფიული სცენარის დასაწერად რუპერტ ჰოლმსს (The Mystery of Edwin Drood, Curtains) დააკავშირეს. „ვნახე მისი ნამუშევრების ნაწილი და ის ძალიან ნიჭიერი და პროფესიონალია. ვფიქრობ, ის შექმნის რაღაც დიდებულს.“

მიუზიკლი ახლა სამუშაო პროცესშია. ანკა ვარაუდობს, რომ სპექტაკლის სცენაზე დადგმას ორი წელი დასჭირდება. „ეს ერთგვარი აზარტული თამაშია. როგორც ადრე ვთქვი, ბროდვეი არც ისე მარტივია, ასე რომ, ეჭვები მაქვს. თუმცა ვგრძნობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ამ ნაბიჯისთვის სწორი დროა.“

13 თებერვალს პოლ ანკა ალბომს – Inspirations of Life and Love-ს გამოსცემს. ეს ანკას პირველი ალბომია 2021 წლის შემდეგ. 11-ტრეკიანი ნაკრები აერთიანებს  ახალ ვერსიებს ისეთი ძველი კომპოზიციებისა, როგორებიც არის: It Was a Very Good Year, That’s Life და Let Me Try Again. ასევე გამოიცემა ალბომის დელუქს ვერსია ოთხი ბონუს ტრეკით. ალბომში ასევე შევა სრულიად ახალი მასალა, რომელსაც ბუდაპეშტის Scoring Orchestra ასრულებს. „ეს არ არის უბრალოდ შთამაგონებელი და სასიყვარულო სიმღერები. ჩვენ გვინდოდა, რომ ის ძალიან მდიდარი, ბალადის სტილის და ემოციური ყოფილიყო,” – ამბობს ანკა ჯიმი კიმელის შოუში. „მომწონს ისეთი რამის კეთება, რაც აქამდე არავის სმენია.“

შემოქმედებითი სწრაფვის შესახებ კი ანკა აღნიშნავს, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. „მე ჯერ არ დამიდგამს დროშა მთის მწვერვალზე, თუნდაც ჩემს ასაკში. არ მაინტერესებს გაყიდვების შედეგები, ან მივიღებ თუ არა კრიტიკოსების აღიარებას. მე ბევრი ჩანაწერი გავყიდე. ჩემთვის ახლა დიდი გამოწვევაა ისეთი რამის გაკეთება, რაც განსხვავებულია და რომლითაც ნამდვილად ვიამაყებ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ევროვიზიის განცხადებით, 2026 წლის კონკურსში ისრაელს მონაწილეობის უფლება ექნება, რასაც რამდენიმე ქვეყნის ბოიკოტი მოჰყვა

შემდეგი სტატია

Rosalía 2025 წლის 16 ნოემბერი, ჯიმი ფელონის შოუში Todd Owyoung/NBC

Rosalía 2026 წლის გლობალური Lux Tour-ის თარიღებს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი
Janngo - Minute (Official Music Video)

Janngo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Minute უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

ქართველი არტისტი მარიამ ჯანჯღავა, სასცენო სახელით Janngo, მსმენელს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს უზიარებს, - სიმღერა Minute-ის ოფიციალური ვიდეო უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
მეტი

კეტი პერი რუბი როუზის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს და მას საშიშ ტყუილს უწოდებს

მსახიობი ამტკიცებს, რომ ინციდენტი მელბურნში, ავსტრალიაში, 20 წლის წინ მოხდა.
მეტი