22 ივნისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დიდ დარბაზში გაიმართება კონცერტი სახელწოდებით – „მიაზაკის სიზმრები”. საკონცერტო პროგრამა საკულტო იაპონური ანიმაციის სტუდია Ghibli-ს ცნობილ ფილმებში გაჟღერებულ კომპოზიციებს გააერთიანებს. მუსიკალურ საღამოზე შესრულდება ნაწარმოებები ჰაიაო მიაზაკის ისეთი ანიმეებიდან, როგორებიც არის: „ჰაულის მოძრავი სასახლე”, „მოჩვენებებით გატაცებულნი”, „ჩემი მეზობელი ტოტორო” და სხვა. ნაწარმოებებს თანამედროვე ორკესტრი – Mystery Ensemble შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ Ghibli-ს ანიმაციების მუსიკალური გაფორმება ნამუშევრების ერთ-ერთ მთავარ მხატვრულ ღირებულებად მიიჩნევა. ნაწარმოებების ავტორი ჯო ჰისაიშია, რომელმაც თავისი კომპოზიციებით Ghibli-ს უნიკალური მუსიკალური სამყარო შექმნა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ჰისაიში წერდა მუსიკას ფილმების, ანიმეების, კომპიუტერული თამაშების, სატელევიზიო პროექტებისა და რეკლამისთვის. 1998 წელს მან ასევე შექმნა მუსიკა პარაოლიმპიური თამაშებისთვის.
ჯო ჰისაიშის შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მისი თანამშრომლობა რეჟისორ ტაკეში კიტანოსა და Ghibli-ს დამფუძნებელ ჰაიაო მიაზაკისთან. ჯო ჰისაიში დღემდე იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კომპოზიტორია მიიჩნევა, რომელსაც იაპონიის კინოაკადემიისგან რეკორდული რაოდენობის – ოთხი ჯილდო აქვს მიღებული.
კონცერტის ორგანიზატორია Red Events Georgia, რომელიც მუსიკალურ საღამოებს განსაკუთრებული კონცეფციით ატარებს და ლოკაციებს ღონისძიების შინაარსიდან გამომდინარე თემატურად არჩევს. „მიაზაკის სიზმრები” ვიდეო გაფორმების თანხლებით ჩატარდება, რაც აუდიტორიას საშუალებას მისცემს, ბოლომდე შეიგრძნონ Ghibli-ს სამყარო.
კონცერტის შესახებ დამატებითი დეტალებისათვის, ეწვიეთ ბმულს.